ჭადრაკი

14:39 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი ტური გიბრალტარში

გიბრალტარში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-2 ტურში ორივე ქართველმა მონაწილემ მარცხი განიცადა და თუკი ლელა ჯავახიშვილის (2430) სომეხ სერგეი მოვსესიანთან (2677) შავებით წაგება მოსალოდნელიც გახლდათ, ასევე შავი ფიგურებით ბელა ხოტენაშვილის (2527) სერბ იოვანა ვოინოვიჩთან (2335) დამარცხება ძნელად პროგნოზირებადი იყო.

შედეგად, ქართველ მოჭადრაკეებს თითო-თითო ქულა შერჩათ და დამატებითი მაჩვენებლებით, ასეულის ბოლოში იმყოფებიან. ისიც სათქმელია, რომ ამჟამად ქულათა მაქსიმუმი ერთბაშად 38 მონაწილეს გააჩნია.

მე-3 ტურში ქართველები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. ხოტენაშვილი ნიკოლას ზაპატას (ესპანეთი, 2249) გაეჯიბრება, ხოლო ჯავახიშვილი ანდრეას გიკასს (გერმანია, 2189) დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე პარტიები 6 თებერვლის ჩათვლით, 10 ტურად შვეიცარული სისტემით ჩატარდება. ფორმატი ასეთია: 100 წუთი 40 სვლაზე, 50 წუთი 20 სვლაზე, 15 წუთი პარტიის ბოლომდე+30 წუთიანი დამატებით პირველივე სვლიდან.

პირველი ადგილის გაყოფის შემთხვევაში, მონაწილეთა შორის ტაი-ბრეიქი გაიმართება, ხოლო თუ პირველი ადგილის პრეტენდენტი ოთხზე მეტია, მაშინ რეიტინგ-პერფორმანსით აირჩევა 4 საუკეთესო და გამარჯვებული მათ შორის გაირკვევა.

მასტერსის ტურნირის საერთო გამარჯვებული 20 000 ინგლისური ფუნტით დაჯილდოვდება, II პოზიციაზე გასული 14 000-ს მიიღებს, ხოლო მესამეადგილოსანი – 12 000-ს. ქალებში თანხები ასე განაწილდება: I – 15 000, II – 10 000, III – 5 000.

0.115721