ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა განმარტა, თუ რატომ არ ითამაშა ოთარ მარცვალაძემ რუსეთის ნაციონალური ლიგის (პირველი ლიგა) განვლილ ტურში, ასტრახანის “ვოლგართან” სტუმრად მოგებულ (1:0) მატჩში.
“ოთარს მუხლი სტკიოდა, მაგრამ განაცხადში იყო და მოედანზეც გავიდოდა, რომ არა ჩვენი ფეხბურთელის გაძევება. უმცირესობაში ყოფნისას, გეგმების კორექტირება მოგვიწია. ალექსანდრ ეროხინის ნაცვლად მეოთხე მცველი შევუშვით, ხოლო წინა ხაზში გვჭირდებოდა ფორვარდი, რომელიც “მეორე სართულზე” იბრძოლებდა. ალექსანდრ რადჩენკო და შესვენებაზე მისი შემცვლელი ვასილი კარმაზინენკო დაკისრებულ მისიას გაუმკლავდნენ”, – იუწყება ფელდმანის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა onedivision.ru.
ასტრახანიდან დაბრუნების შემდეგ, “სკა-ენერგიას” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ფეხბურთელები არ დაასვენა და მიმდინარე წელს გუნდმა ხაბაროვსკში პირველად ივარჯიშა.