ფეხბურთი

16:10 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძე “ალანიასთან” ერთად პრემიერლიგას უმიზნებს

ოთარ მარცვალაძემ, ვლადიკავკაზის “ალანიაში” პირველი გოლი მიითვალა. რუსეთის პირველი დივიზიონის მე-9 ტურში, ვლადიკავკაზელებმა შინ ვოლგოგრადის “როტორს” 2:1 მოუგეს და სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა მარცვალაძემ, 50-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. ის 79-ე წუთზე შეცვალეს. გოჩა ხოჯავა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

მატჩის შემდეგ, მარცვალაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

 “მთავარია, რომ მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ. საშინაო მატჩები ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც განვლილი დაპირისპირება იყო. გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და მოგება დაიმსახურა. გამარჯვებულის საკითხი შეგვეძლო პირველივე ტაიმში მოგვეხსნა, რადგან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და თან, ერთ-ერთ ეპიზოდში მსაჯმა პენალტი არ დანიშნა”.  

- საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებდით?

- ჯერჯერობით, თავიდან ბოლომდე მატჩის ჩატარება მიჭირს, რადგან ჯერ საჭირო კონდიციებში არ ვარ. ფეხბურთელების რეგისტრაციაზე აკრძალვის გამო ხომ ბევრი დრო გამიცდა. განვლილ თამაშში, საკუთარი შესაძლებლობების 70 პროცენტი გამოვავლინე.

- მიმდინარე სეზონში რამდენი გოლის გატანას გეგმავ?

- ჩემი მიზანია, რომ “ალანიასთან” ერთად პრემიერლიგაში გადავიდე. გოლები კი, ისეთი მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, გუნდმა მოიგოს. 

0.119759