ინტერვიუები

10:39 | 24.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო ლიპი: ”ფერარას დანიშვნა, გროსოსა და კანავაროს აყვანა, ”იუვეს” მე ვურჩიე”

“აპენინურ ტელეარხებს თუ დავუჯერებთ, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი მხოლოდ ჩემს ინსტრუქციებს ასრულებენ”, - იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ “ლა სტამპას” კორესპონდენტს შეკითხვის დასმა დაასწრო და ამ წინადადებით დაიწყო “სკუადრა აძურას” დამრიგებლისა და მასმედიელის დიალოგი, რომელსაც უცვლელი სახით “მსოფლიო სპორტის” მკითხველს ვთავაზობთ.
 
- “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას რჩევას არ აძლევთ?
- კლუბის მეპატრონის მეგობარი ვარ, მაგრამ საკუთარ თავს არასდროს მივცემ უფლებას “იუვენტუსის” ფუნქციონირებაში ჩავერიო. “იუვეს” ბოსები ხანდახან გარკვეული სახის კითხვით მომმართავენ ხოლმე და მეც ვპასუხობ. ჩემი ინიციატივით, მათ არასდროს დავკავშირებულვარ. ისე კი, საკონსულტაციოდ სხვა გუნდებიც მომმართავენ და არც მაშინ ვუკადრისობ თანამშრომლობას. ასე გაგრძელდება სამომავლოდაც.
- გასულ ზაფხულს, წინასატრანსფერო პერიოდში “იუვენტუსის” მესვეურები დაგიკავშირდნენ?
- დიახ. მათ ჯერ ფაბიო გროსოს, შემდეგ ფაბიო კანავაროს შეძენა ვურჩიე. “ბებერი სინიორასთვის” ეს კარგი შენაძენებია, რაც ტრანსფერების განხორციელებიდან 6 თვის გასვლის შემდეგაც შემიძლია დავადასტურო.
- ამ საქმეში პირადად თქვენ რაიმე სახის დაინტერესება ხომ არ გქონდათ?
- თუ მატერიალურს გულისხმობთ, კატეგორიულად უარყოფით პასუხს გაგცემთ. მეორეს მხრივ კი ძალიან გამახარა საფრანგეთიდან გროსოსა და ესპანეთიდან კანავაროს იტალიაში დაბრუნების ფაქტმა. ისინი ხომ ერთ გუნდში ითამაშებენ და “სკუადრა აძურას” რიგებში მათი გამოსვლა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაწყვეტილია.
- იმის მიუხედავად, რომ “იუვენტუსი” და მისი ცალკეული ფეხბურ¬თელები მაინცდამაინც დამაჯერებლად ვერ თამაშობენ?
- ვერ გეტყვით, რითაა გამოწვეული ამ მოთამაშეთა ბოლოდროინდელი სირთულეები, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ. “სკუადრა აძურას” წევრობის ყველა კანდიდატს კარგად ვიცნობ, კლუბში შედარებით სუსტად გამოსვლა კი ავტომატურად სულაც არაა ნაკრებში წარუმატებლად ასპარეზობის წინაპირობა.
- ვერ შეგეკამათებით, თუმცა, ლოგიკურად გუნდში და ეროვნულ ნაკრებში თამაში ურთიერთკავშირშია...
- მთლად ასეც არაა. ავიღოთ პირლოს მაგალითი. იყო პერიოდი, როცა ანდრეა “მილანში” ვერ ბრწყინავდა, “სკუადრა აძურაში” კი საკვანძო მოთამაშე გახლდათ. ცხადია, უფრო მეტად დამაკმაყოფილებს “იუვეს” სანაკრებო წევრები უკეთ რომ პაექრობდნენ და სანაკრებო შეკრებაზეც ამაღლებულ ხასიათზე ჩამოვიდნენ, მაგრამ გიმეორებთ, საჭირო მომენტში ტურინელი ფეხბურთელები თავიანთ კლასს სრულად გამოავლენენ.
- საამისოდ ჯადოსნურ კვერთხს ხომ არ აამოქმედებთ?
- მწვრთნელი ვარ და არა ჯადოქარი.  ამ უკანასკნელს სასწაულის მოხდენა მყისიერად შეუძლია, მე კი წინასამუნდიალოდ ფეხბურთელებთან 40 დღის განმავლობაში მომიწევს მუშაობა. ასე იყო გერმანიის მუნდიალის წინ და შედეგი კარგად მოგეხსენებათ. იმედია, ანალოგიურის გამეორებას სამხრეთ აფრიკაშიც შევძლებთ. თუმცა, მოდით წინასწარ ნურაფერს დავგეგმავთ.
- დავუბრუნდეთ საიუვენტუსო თემას. ჩირო ფერარას გამთავარმწვრთნელება თქვენი იდეაა?
- დიახ. ჩიროს ყველა თვისება აქვს საიმისოდ, უახლოეს პერიოდში მაღალი რანგის დამრიგებლად რომ ჩამოყალიბდეს. იგი კარგი პრაქტიკოსია, ზუსტად იცის, რა სურს და როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს. ფერარას აქვს მწვრთნელისთვის აუცილებელი ქარიზმა და საფეხბურთო იდეები.
- ამის მიუხედავად, მისი სადამრიგებლო საქმე მთლად კარგად ვერ მიდის...
- გარკვეული სახის ჩავარდნა შეინიშნება. “იუვენტუსი” დაჩაგრულად გამოიყურება, მაგრამ გარწმუნებთ ეს დროებითია და გუნდი ძველებურად, დაახლოებით ისე, “ინტერს” რომ მოუგო, ათამაშდება.
- ორიოდე კვირის წინათ ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ დაწე¬რა, ლიპი ფერარას მუდმივად აძლევს რჩე¬ვასო. ამგვარ ფაქტს ადასტურებთ?
- სისულელეა. დროდადრო ჩიროს ტელეფონით ვესაუბრები, რათა სანაკ¬რებო კანდიდატთა ფიზიკურ-ფსიქო¬ლო¬გიური მდგომარეობის საქმის კურ¬სში ვიყო, მაგრამ იმავე პერიოდულობით ყველა იმ გუნდის თავკაცს ვუკავშირდები, რომლებშიც “სკუადრა აძურას” წევრები გამოდიან.
- გამოდის, “იუვენტუსთან” მჭიდრო კავშირს უარყობთ...
- იგივე შემიძლია გაგიმეოროთ, რაც წინა კითხვის პასუხად მოისმინეთ.
- არც მომავალ ზაფხულს აპი¬რებთ “იუვეში” დაბრუნებას?
- არც მწვრთნელის და არც სპორ¬ტული დირექტორის რანგში ვერც ერთ კლუბში ვერ მიხილავთ. ჩემი სიტყვების გულწრფელობა ძნელი შესამოწმებელი არაა, დასარწმუნებლად მხოლოდ 7 თვით მოცდაა საჭირო.
- გამოდის იტალიის ნაკრების მესაჭის ამპლუაში თავს კარგად გრძნობთ...
- ბრწყინვალედ.
- მაშინაც კი, როდესაც ტიფოზები გისტვენენ?
- გულწრფელად მიკვირს, რატომ უნდა მოუწყო ობსტრუქცია გუნდს, რომელიც 3 წლის წინათ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. დღესაც ხომ შემადგენლობის დიდ ნაწილს გერმანიის მუნდიალის ტრიუმფატორები შეადგენენ. განსაკუთრებით დამწყვიტა გული პარმელ გულშემატკივართა მხრიდან ჩემი მისამართით წამოსროლილმა ფრაზებმა. “სკუადრა აძურა” და მისი დამრიგებელი, ლიპი იქნება თუ სხვა, მეტ პატივისცემას იმსახურებენ.
- აქედან გამომდინარე, არ ნანობთ, ნაკრებს რომ დაუბრუნდით?
- გითხრათ ნამდვილი, ნაკრებიდან წასვლის 3 თვის თავზე უკვე ვნანობდი მიღებულ გადაწყვეტილებას. ამიტომაც დაბრუნების მოტივაცია მაღალი მქონდა. მინიმუმ 10 ისეთი წინადადება მივიღე, რომელთა თანახმადაც გაცილებით უფრო მაღალი ანაზღაურება მექნებოდა, ვიდრე “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის ხელფასია, მაგრამ მაინც ეროვნული გუნდის კიდევ ერთხელ გაძღოლა ვარჩიე.
- ამბობენ, მუნდიალის შემდეგ პოსტს დატოვებთ...
- იტალიის ფეხბურთის ხელმძღვანელობასთან დასამალი არაფერი მაქვს. დასრულდება მსოფლიოს ჩემპიონატი და ყველაფერს მოლაპარაკებით გადავწყვეტთ. შესაძლოა დავრჩე, შეიძლება რომელიმე სხვა ნაკრები ჩავიბარო ან მშობლიურ ვიარეჯოში დავბრუნდე და დილიდან საღამომდე ვითევზაო. გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით მთელი ჩემი ფიქრი მუნდიალ2010-ს უტრიალებს.
- იქნებ იტალიის ნაკრების სამუნდიალე შემადგენლობის ნაწილი მაინც გაგვაცნოთ...
- 30 კანდიდატის ვინაობა უკვე გარკვეული მაქვს. მხოლოდ 4-5 ფეხბურთელის გვარის გასწვრივაა დასმული კითხვის ნიშანი. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გაგიმხილოთ – ასაკობრივი შეზღუდვა არ დაწესდება.
- გამოდის ფრანჩესკო ტოტის მუნდიალზე ვიხილავთ?
- სამხრეთ აფრიკაში იმ ფეხბურთელებს ვიახლებთ, რომელთაც ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლიათ. ესაა სანაკრებო კანდიდატების შერჩევის ჩემეული კრიტერიუმი. დანარჩენს მოგვიანებით შეიტყობთ. დღეს კი დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ პირველ წინასამუნდიალე შეკრების დაწყებას 2010 წლის 23 მაისს ვგეგმავთ, 8 ივნისს კი სამხრეთ აფრიკაში გავფრინდებით.
- 2009 წელს რომელი გუნდების თამაშს გამოარჩევდით?
- ევროპაში “ბარსელონასი”, იტა¬ლიაში კი “კალიარის”, “ნაპოლის”, “ჯე¬ნოასა” და “პალერმოს” გამოვყოფდი.

გოჩა კაჭარავა

 

0.114919