თამაშგარე

11:22 | 2.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ქალიშვილი ქმრისგან მეტ ყურადღებას ითხოვს

ჯიანინა მარადონა-აგერომ, რომელიც დიეგო მარადონას შვილი და სერხიო აგეროს მეუღლეა, ერთ-ერთ ბრიტანულ ბულვარულ გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ ფეხბურთელის ოჯახში ცხოვრებაზე რთული და პრობლემატური, მისი აზრით, ამქვეყნად არაფერი არსებობს. ჯიანინა, რომელიც უკვე ორი შვილის დედაა, სწუხს იმაზე, რომ ფეხბურთმა მას ქმარი წაართვა, რადგან დაძაბული საწვრთნელი გრაფიკის გამო, სერხიო ცოლ-შვილისათვის ხშირად ვერ იცლის.
მარადონას ქალიშვილის თქმით, მას ბავშვობიდან მხოლოდ ფეხბურთზე საუბრები ესმოდა. ოჯახში მამამისთან მისული სტუმრები, ჟურნალისტები, მეზობლები თუ ნათესავები მუდმივად ფეხბურთზე საუბრობდნენ, რაც, ჯერ კიდევ პატარა ჯიანინას არ მოსდიოდა თვალში. ჯიანინა იმასაც ამბობს, რომ არასოდეს ესმოდა იმ ხალხის, რომლებიც მას შენატროდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მარადონას შვილი იყო.
”მთელი ბავშვობა ვხედავდი, თუ როგორ შურდათ ჩემს თანატოლებს ჩემი მხოლოდ იმიტომ, რომ მარადონას შვილი ვიყავი. მამა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ მის ფეხბურთელობას ჩემთვის ბედნიერება არასოდეს მოუნიჭებია. ფეხბურთი მხოლოდ პრობლემებს გვიქმნიდა. ახლა კი, ჩემი ქმარია ზუსტად იგივე სიტუაციაში და არ მომწონს, რომ ოჯახისათვის ხშირად ვერ იცლის. სერხიოს არ ვადანაშაულებ, რადგან მისი ბრალი სულაც არ არის, რომ რთული გრაფიკი აქვს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ცოტა სხვანაირად აწყობილიყო...” – ამბობს გულნატკენი ჯიანინა მარადონა-აგერო.
 

0.146383