დიეგო მარადონაზე ყველაფრის თქმა შეიძლება: გიჟის, გადარეულის, ნარკომანის, უზრდელის, უტიფარის და კიდევ ვინ მოსთვლის რის არა... მაგრამ ტანმოკლე არგენტინელ ლეგენდაზე ნამდვილად ვერავინ იტყვის, უგულო და ბოროტი კაციაო, რადგან მარადონას რწფელი გულის ამბავი საქვეყნოდაა ცნობილი.
დიეგო მარადონა ფეხბურთელობიდან მოყოლებული დღემდე, გამუდმებულად რიცხავს ფულს გაჭირვებული სამხრეთამერიკელი, აფრიკელი და აზიელი ბავშვების დასახმარებელ ფონდებში და უფრო მეტიც – სხვა ცნობილ ადამიანებსაც მოუწოდებს, რომ მათაც იგივე გააკეთონ.
ამასწინათ კი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ათმა ნომერმა განაცხადა, რომ უპატრონო ბიჭუნას შვილად აყვანას და მის ფეხბურთელად გაზრდას აპირებს. რამდენად გახდება მავანი ბავშვი დიდი ფეხბურთელი – ეს რა თქმა უნდა არავინ იცის, მაგრამ სენიორ დიეგოს მხრიდან ეს საქციელი ჭეშმარიტად ღირსეული და მისასალმებელია.