ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის – დიეგო არმანდო მარადონასა და მისი სიძის – მადრიდის “ატლეტიკოსა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდის – სერხიო აგუეროს შორის პირადი ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. როგორც არგენტინული გამოცემა “ოლე“ წერს, სიძე-სიმამრს შორის გაურკვევლობები ფეხბურთს ნაკლებად უკავშირდება და საქმე კლასიკურ ოჯახურ პრობლემებთან გვაქვს.
მარადონასა და სერხიოს შორის კამათის მიზეზი აგუეროსა და მის ცოლს შორის ცოტა ხნის წინ მომხდარი ჩხუბი გამხდარა. მარადონას ქალიშვილმა – ჯიანინა მარადონამ ერთი თვის წინ შეიტყო, რომ მისი ქმარი ერთ-ერთ ახალგაზრდა ესპანელ მოდელ გოგონას საიდუმლოდ ხვდებოდა. ამაზე ჯიანინამ ქმარს უსაყვედურა და ეს საუბარი საბოლოოდ ჩხუბითა და მარადონას ქალიშვილის სახლიდან წასვლით დასრულდა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ჯიანინა მარადონა და სერხიო აგუერო ერთმანეთს კი შეურიგდნენ, მაგრამ ამჯერად საქმეში ყოვლისმცოდნეობის სურვილით შეპყრობილი დიეგო ჩაერია, რამაც მისი სიძე განსაკუთრებულად გააბრაზა.
თუკი ცოლ-ქმარი უკვე შერიგებულები იყვნენ, საინტერესოა, რა უნდოდა მარადონას და რატომ გადაწყვიტა მათ ურთიერთობებში ჩარევა. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ, სერხიომ ჟურნალისტებთანაც აღიარა ცოლის ღალატი და ეს ყველაფერი თავის შეცდომად ჩათვალა. მოკლედ, ეს დიეგო მარადონა ოჯახშიც ისეთივე ენაგაკრეფილი და ყველას საქმეში ცხვირის ჩამყოფი ყოფილა, როგორც საფეხბურთო სამყაროში. ამაზე იტყვიან: “ღმერთმა ყველას კარგი ნერვები მისცეს ამის გაძლებისთვისო“.