ინტერვიუები

12:37 | 21.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: “ნაკრებში აუცილებლად დავბრუნდები”

“ფეხბურთის ღმერთმა” დიეგო მარადონამ, გულახდილი ინტერვიუ მისცა Clarin-ს. დონ დიეგომ განმარტა, თუ რატომ არის კარლოს ბილარდო გამყიდველი, ხოლო არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი, ხულიო გრონდონა “გამოყრუებული ბებერი”.
- ბილარდომ თქვა, რომ მარადონას “ჭიპლარი გადაუჭრა”. როდიდან გახდით მისი შვილი?
- ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ადამიანი ხალხის მოტყუებით ცხოვრობს. ჩემთვის ამის ყურება ძალიან რთულია. ვინც ნამდვილი კაცია, ასეთ საქმეში ქალს დახმარებას არ სთხოვს - მითუმეტეს ჩემს ყოფილ ცოლს. არასდროს არ გავაკეთებდი ისე, რომ ბილარდოს ცოლი გლორია, ჩვენს შორის ჩამდგარიყო. თუ ბილარდოს რამე აქვს სათქმელი, პირდაპირ მითხრას. მას ამის შესაძლებლობა ბევრჯერ ჰქონდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, ის უბრალოდ განავალია.
- მან თქვა, რომ თქვენ არასდროს აგიხსნიათ მისთვის, თუ რატომ თვლით გამყიდველად. მაინც როგორ გაგყიდათ ბილარდომ?
- ბილარდო ნაკრებში ჩემი დახმარებით მოხვდა. მე რომ მეთქვა - არა, ის იქ არ იქნებოდა. ხულიო გრონდონამ ჯერ მე დამირეკა და მკითხა: “შეუძლია ბილარდოს თქვენთან იმუშაოს?” მე მას ვუპასუხე: “მას შემდეგ რაც, მან თქვენზე რადიოში უამრავი სისულელე თქვა, მაინც აპირებთ მის დანიშვნას? კარგი მე თანახმა ვარ...” ამის შემდეგ, ბილარდო დამიკავშირდა და მითხრა, რომ ამას არასდროს დაივიწყებდა. სწორედ ამიტომაა ის გამყიდველი.
- მან გითხრათ, რომ ბრაუნთან და ბატისტასთან მუშაობა არ სურდა?
- არა, ეს მათ მითხრეს, რომ ბილარდოსთან ერთად არ იმუშავებდნენ. მე მათ ვუთხარი: “ბიჭებო, მე მასთან შეთანხმებული ვარ”.
- რა როლს თამაშობს ბილარდო დღეს არგენტინის ნაკრებში?
- ის უბრალო ძეგლია, რომელიც არაფერს წარმოადგენს. ბილარდომ არაფერი იცის და მართვის უნარიც არ გააჩნია. ვეტერანები ნელ-ნელა ვეღარ იგებენ მის ნათქვამს, ახალგაზრდები კი, საერთოდ გაოცებულები უსმენენ. დროა ნაკრებიდან საბოლოოდ წავიდეს.
- ბილარდომ ბატისტას დანიშვნას ნაკრებში მხარი იმიტომ ხომ არ დაუჭირა, რომ მასთან ურთიერთობა ააწყო?
- ის მზადაა ბატისტასთან, ან ნებისმიერ მწვრთნელთან იმუშავოს, ოღონდ, ყოველთვიურად ხელფასი აიღოს.
- გრონდონამ რა მოგატყუათ?
- გრონდონა დამპირდა, რომ ყველაფერში მხარს დამიჭერდა და რომ, მისი სახლის კარი ჩემთვის ღია იქნებოდა. პირველი პრობლემა გაჩნდა თუ არა გუნდში, უბრალოდ თავიდან მომიშორა. გერმანიასთან ¼- ფინალური მატჩის შემდეგ, მან ფეხბურთელებთან ერთად თქვა, რომ სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრს აფასებს. მისი სიტყვები გულისამრევია. ახლა შემიძლია ქუჩაში მშვიდად ვიარო, ყველა მიღიმის, ჩვენ არგენტინელ ხალხს სიხარული დავუბრუნეთ. გრონდონასა და ბილარდოს მსგავსი პიროვნებები, კი თითის გაუნძრევლად მიიწერენ ხოლმე სხვის წარმატებას. მათ ბურთთან შეხება არასდროს ჰქონიათ და არ იციან, რას ნიშნავს ითამაშო მუნდიალზე. ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა. მე მათ სახეში ამაყად შევხედავ, რადგან ვიცი, ნაკრებში აუცილებლად დავბრუნდები.
- თქვენ ამის იმედი მაინც გაქვთ?
- რა თქმა უნდა, ოღონდ, მაშინ, როდესაც ეს ორი წავა. მათ დიდი დრო აღარ დარჩათ...
- გრონდონა “გამოყრუებული ბებერია”?
- ის წელიწადში 3-ჯერ წვება La Prairie-ის კლინიკაში (ცნობილი კლინიკა შვეიცარიაში, რომელშიც პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებენ), აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასეა.
- გრონდონას შვილები მართავენ?
- ხულიოს პატივს მაინც ვცემ, აი, მის შვილ უმბერტოს კი, პირისპირ დაველაპარაკებოდი. მე ვფიქრობ, რომ ის კაცი არაა.

 

მოამზადა გეგა რევაზაშვილმა


 

0.116226