მას შემდეგ, რაც არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სამხრეთ კორეა ლამაზ სტილში 4:1 დაამარცხა, მისი მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა ჟურნალისტებს კარგ ხასიათზე შეხვდა. როგორც ყოველთვის დონ დიეგოს შემთხვევაში, ეს შეხვედრა ერთგვარ სპექტაკლს დაემსგავსა. მან აქო შეგირდები, იხუმრა, ბოდიში მოუხადა უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის, მაგრამ არა პელეს, ისაუბრა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე...
დიეგო მარადონა: “მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. მათ შეასრულეს ყველა ის დავალება, რაზეც ვარჯიშებზე ვსაუბრობდით. ამ ბიჭებს მოსწონთ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში. გუნდში 23 "მხეცი" მყავს, რომლებსაც ზოლიანი მაისური აცვიათ და მზად არიან, საკუთარი ქვეყნისათვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლონ. სწორედ ამიტომ, მე ბედნიერი და მშვიდი ვარ”.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი გამარჯვება მოიპოვეთ, მაგრამ ისინი ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
- პირველ ტურში ნიგერიასთან ნაჩვენები თამაშით, ჩვენ დღეს დიდი ანგარიშით მოგება დავიმსახურეთ. პრინციპში, მსგავსი ციფრები მაშინაც შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო ტაბლოზე, მაგრამ არ გაგვიმართლა. დღითი დღე ვუმატებთ და მჯერა, მეტის მიღწევაც შეგვიძლია.
- ის ფაქტი, რომ გუნდი დაცვაში არასაიმედოდ თამაშობს, თუნდაც დემიკელესის შემთხვევა გაიხსენეთ, როდესაც გოლი გაუშვით - არ გაფიქრებთ?
- არა, რადგანაც კორეელებმა კი არ გაარღვიეს ჩვენი დაცვა, ჩვენ თავად დავუშვით შეცდომა. ძალიან მომეწონა ის, თუ როგორ უპასუხა გუნდმა ამ გაშვებულ გოლს. შესვენების შემდეგ მკაცრად, უშეცდომოდ ვითამაშეთ. დემიკელესის შეცდომა იყო ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც მატჩის სადავეები დავკარგეთ. დანარჩენ დროს შეხვედრის მსვლელობას სრულად ვაკონტროლებდით და მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით.
- ახლა, როდესაც პირველი ტურის შეხვედრა ყველა გუნდმა ჩაატარა, მეტოქეთაგან ვის მიიჩნევეთ მთავარ კონკურენტად?
- მოწინააღმდეგეებს სულაც არ ვაკვირდები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი გუნდის თამაში, რომელიც ყოველდღიურად უმჯობესდება. მთავარია, სწორედ განვეწყოთ, ვაჩვენოთ ის, რაც შეგვიძლია და აქ ნებისმიერ მეტოქეს გავუმკლავდებით.
- იქნებ შეადაროთ, ის არგენტინის ნაკრები, რომელთან ერთადაც 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეთ და დღევანდელი გუნდი?
- მაშინ გუნდის ბირთვს არგენტინულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენდნენ, ახლა კი, თითქმის ყველა მოთამაშე ევროპის ტოპ-კლუბების წევრია. ახლა ნებისმიერ პრობლემას ურთიერთგაგებით ვწყვეტთ და მცირე დანაშაულისთვის, ან დაგვიანებისთვის, არავინ არავის არ აჯარიმებს. მირჩევნია ფეხბურთელს პირისპირ ვესაუბრო და მისი საქციელის მოტივს ჩავწვდე. იქნებ მას ოჯახში აქვს პრობლემა? რისთვის უნდა დავსაჯო ის? უმჯობესია - თანადგომა, ვიდრე ჯარიმის გამოწერა.
- ხშირია შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელებს კოცნით და ხელებს უთათუნებთ...
- ჰომოსექსუალისტი არ ვარ! სიყვარულისთვის ქალები არსებობენ და უწინდებურად, ამ საქმისთვის, უპირატესობას ქალებს ვანიჭებ. მყავს ლამაზი მეგობარი ქალი. ის 30 წლისაა, ქერათმიანია და მშვენიერი მკერდი აქვს. მე ის მიყვარს. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ ამ მეთოდით ვუხდი მადლობას.
- მიშელ პლატინისგან წერილი მიგიღიათ...
- დიახ, მან ამიხსნა, რომ არ უთქვამს ის სიტყვები, რაც პრესის ფურცლებზე გამოჩნდა. მეც ბოდიში მოვუხადე პლატინის, მაგრამ - არა პელეს. პელესთან საბოდიშო არასდროს არაფერი მაქვს!
როგორც ცნობილია, მარადონამ რამდენიმე დღის წინათ ასეთი რამ თქვა: “უმჯობესია, პელე ისევ მუზეუმში დაბრუნდეს. რაც შეეხება პლატინის, ის ფრანგია, ფრანგებს კი საკუთარ თავზე ყოველთვის დიდი წარმოდგენა აქვთ”. ეს განცხადება, პასუხი იყო პლატინისა და პელეს სიტყვებზე, რომლებიც დაახლოებით ერთ აზრს შეიცავდა - კარგი ფეხბურთელობა საკმარისი არ არის კარგ მწვრთნელად ჩამოყალიბებისთვისო.
მაშ ასე, ეჭვგარეშეა, რომ ფეხბურთის გოლიათთა არშემდგარი დუელი კიდევ გაგრძელდება. იქ სადაც მარადონაა, მოწყენილობის ადგილი არ რჩება და ეს ხომ ძალიან კარგია!
მოამზადა ზურა ქსოვრელმა