გულშემატკივრის სვეტი

11:37 | 20.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა არაბეთშიც ცუნდრუკებს

როგორც ჩანს, დიეგო მარადონა სადაც კი წავა, უკან ყველგან სამკაპმომარჯვებული რქებიანი წითური არსება დაჰყვება, რომელიც მუდამჟამს ათას სისულელეს ეჩურჩულება და ისედაც სისულელეებსნაჩვევ დიეგოს, აბა, მეტი ხომ არაფერი უნდა? ჯერ ერთი წელიც არაა, რაც მარადონა არაბეთის საემიროების კლუბ “ალ ვასლის“ თავკაცობს, მაგრამ იმდენი უკვე “შეძლო“, რომ ნაკლებად პრეტენზიული არაბი ქომაგებისა და კლუბის ჯიბესქელი პრეზიდენტის, მარვან ბინ ბაიატის გულისწყრომა დაიმსახურა. სანამ დიეგოს ცოდვებზე ვისაუბრებთ, მანამდე გეტყვით, რომ ბინ ბაიატი უბრალო კაცი ნამდვილად არ არის და გაერთიანებული საემიროების შვიდ უმდიდრეს ემირთაგან ერთ-ერთია. შუა ზღვაში შეიხთა მიერ ხელოვნურად აშენებულ ულამაზეს კუნძულებზე ყველაზე დიდი სასტუმროები მას ეკუთვნის და დუბაიში მის მფლობელობაში მყოფ ფირმებსა და ნავთობის ჭაბურღილებს ხომ ვეღარ მოთვლის კაცი. მოკლედ, ეს ჩვენი მარვან ბინ ბაიატი ისეთი კაცია, ფულის დახარჯვა რომ არ ეზარება, მაგრამ ბოლოს უკვე მასაც ყელში ამოუვიდა დონ დიეგოს გაწვრთნილი გუნდის არასტაბილური თამაში (“ალ ვასლი“ მნიშვნელოვან თამაშს ხანდახან კი იგებს, მაგრამ პერიოდულად აუტსაიდერებთანაც კი კარგავს ქულებს) და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას ამასწინათ პატარა ბავშვივით დაუცაცხანა და დაემუქრა, თუკი ცანცარობა კიდევ გააგრძელე, არაბეთის ნახევარკუნძულზე შენი ბუნდღაც კი აღარ იქნებაო.
მარადონას არაბებმა გვარიანი ხელფასი დაუნიშნეს, ფეხბურთელების შესაძენადაც საკმაოდ დიდი თანხები გამოუყვეს, მაგრამ ვერც მისმა არჩეულმა ფეხბურთელებმა გაამართლა და ვერც მწვრთნელის ფუნქციები გაითავისა სათანადოდ. აქოდა, არაბეთში ვარ და აქ ბევრს არავინ მომთხოვსო და დიეგო მარადონა თურმე ხშირად აცდენს ვარჯიშებს, უგულოდ ეპყრობა საწვრთნელ პროცესს, ფეხბურთელებისათვის ბუნდოვანი რჩება მისი ტაქტიკური მონახაზები და რაც მთავარია, არაბებში ყველაზე დიდ ეჭვსა და ბორგვას მარადონას ცხოვრების წესი იწვევს. როგორც იცით, ემირატები ირანივით ჩაკეტილი ისლამური ქვეყანა არაა და კონკრეტულ ადგილებზე არაბთათვის მიუღწეველი სიამეების დაგემოვნებაც შეიძლება. საუბარია ბარებზე, სადაც მეძავები დაფუსფუსებენ და ალკოჰოლი იყიდება. ასეთი ბარები ემირატებში გარეშე თვალთაგან მოფარებულ ადგილებზე მდებარეობს და იქ შემსვლელ-გამსვლელი ადამიანებიც მკაცრად კონტროლდებიან. ქუჩაში მთვრალ მდგომარეობაში სიარული ყველას ეკრძალება. ამიტომ, თუკი ევროპელი თუ ლათინოამერიკელი ალკოჰოლით გამოიბუსკნება, მან ან იქვე, ბარშივე უნდა მოახერხოს ნაბახუსევობის დაძლევა, ანდა სახლში ავტომანქანით სპეციალური ზედამხედველის მეთვალყურეობით მივიდეს, რომ რიგითმა არაბებმა ქუჩაში მთვრალი არ ნახონ. დიეგო მარადონას კანონისადმი დამოკიდებულება ყველასათვის ცნობილია და რა გასაკვირია, რომ თავისი ხასიათის მთელი “ფერადოვნება“ არაბეთშიც გამოაჩინა. მოკლედ, ერთ-ერთ მოყუჩებულ ბარში მარადონა თითქმის ყოველდღე დადიოდა და რუსი მეეტლესავით საშინლად ილეშებოდა. არაბები, რასაკვირველია, დიეგოს ძალიან დიდ პატივს სცემენ და “დიეგო მარადონობის ხათრით“ მის არაერთ დარღვევაზე ხუჭავდნენ თვალს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მარადონა სიძვის დიაცებში გაერეოდა. მარადონა ცოტა ხნის წინ კაცმა არ იცის, მერამდენედ გაშორდა თავის ცოლსა და კუნ აგეროს სიდედრს – კლაუდიას და თავისუფალი კაცის სტატუსს, რასაკვირველია, სათანადოდ იყენებს. მაგრამ ერთხელ, სრულიად ემირატები აბობოქრდა, როდესაც შეიტყვეს, რომ მათთვის ასე ხელიხელსაგოგმანები მარადონა თურმე გვარიანად გამომთვრალა და ასეთ მდგომარეობაშიმ მყოფს თავისი ახალი მეძავ-საყვარელი, გუნდის ბაზაზე მანქანით მიუბრძანებია. არაბებისათვის ეს საქციელი შეიძლება ითქვას, რომ მიუტევებელია და “ალ ვასლის“ მრავალმა ქომაგმა მოითხოვა “გადარეული არგენტინელის“ გუნდიდან გაშვება. კლუბის მფლობელსაც ალბათ უკვე ერთი სული აქვს, როდის გააბუნძულებს დიეგოს გუნდიდან, მაგრამ ამჯერადაც მისმა არაბულმა სიმშვიდემ იძალა და მარვან ბინ ბაიატმა საჯაროდ განაცხადა, რომ იგი ჯერ ისევ სცემს პატივს დიეგო მარადონას ავტორიტეტს და კიდევ ერთხელ მისცემს მას შანსს, რომ კლუბში თუ თავის პირად ცხოვრებაში სიტაუცია გამოასწოროს. თავიდან მარადონასათვის ხელფასის შეკვეცაზეც კი იყო საუბარი, მაგრამ არაბებმა მარადონა ამაშიც დაინდეს და მისთვის ხელფასი არ შეუმცირებიათ. როგორ მოიქცევა მარადონა მომავალში, არავინ იცის, მაგრამ მისი გადამკიდე, არაბებს თავშისაცემი რომ არასოდეს გამოელევათ, ეს კი ცხადია. როგორც ჩანს, “ალ ვასლის“ მფლობელებს მტკიცედ სჯერათ ერთ-ერთი ცნობილი არაბული გამოთქმის: “თუკი ვირს კარგად მოუვლი, აქლემობას გაგიწევსო“ და მიჰყვებიან ამ არაბულ სიბრძნეს, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ ბატონ დიეგოს. კაცს, რომელსაც მხარზე სამკაპმომარჯვებული ეშმაკი აზის!

ლევან სეფისკვერაძე    




 

0.129323