არგენტინელმა ნახევარმცველმა, მაქსი როდრიგესმა ისაუბრა, თუ როგორ მიიღო “ატლეტიკოდან” “ლივერპულში” გადასვლის გადაწყვეტილება, რატომაა ბედნიერი მასკერანოს და ტორესის ხილვით. მან ასევე განაცხადა, რომ უკვე მზადაა მერსისაიდულ კლუბში სათამაშოდ.
- გაგიჭირდათ ადგილსამყოფელის შეცვლა და ინგლისში გადაბარგება?
- როგორც კი “ლივერპულის” შემოთავაზების შესახებ გავიგე, მაშინვე მზად ვიყავი ამ გუნდში სათამაშოდ. “ატლეტიკოში” 4 წელზე მეტი გავატარე და უკვე ვხვდებოდი, რომ დრო იყო კარიერაში ახალი ფურცელი გადამეშალა.
- ინგლისის პრემიერლიგა მიეკუთვნება თქვენს საყვარელ ჩემპიონატთა კატეგორიას?
- დიახ, მიზიდავს ის ფეხბურთი, რომელსაც აქ თამაშობენ. ყოველთვის მსურდა ინგლისის ჩემპიონატში ძალების მოსინჯვა და როდესაც ისეთი გუნდისგან მივიღე შემოთავაზება, როგორიც “ლივერპულია”, ბევრი არც მიფიქრია.
- რამ მიგიზიდათ “ლივერპულის” შემოთავაზებიდან? მიმდინარე სეზონში კლუბი საკმაოდ წარუმატებლად ასპარეზობს...
- “ლივერპული” უმაღლესი დონის კლუბია, რომელიც ყველა იმ ტურნირის მოგებას ისახავს მიზნად, რომელშიც ასპარეზობს. მსურს გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი ყველა სირთულეს დაძლევს.
- როგორ ფიქრობთ, გაგიჭირდებათ ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაცია?
- ეს გარკვეულწილად გამოცდაა, მაგრამ ვიცი, თუ როგორ თამაშობენ “ლივერპულში”, ტელევიზორში მერსისაიდელთა არაერთი მატჩი მაქვს ნანახი. გუნდი აქცენტს ბურთის დაჭერაზე აკეთებს და სწრაფ ტემპში თამაშობს. ვფიქრობ, ადაპტაციის პერიოდი დიდხანს არ გასტანს.
- როგორ წარმოგიდგენიათ ინგლისში ცხოვრება?
- ეს ქვეყანა ჩემთვის ჯერ უცნობია. ვეცდები რაც შეიძლება მალე შევისწავლო ინგლისური ენა, თუმცა საბაზისო ცოდნა ესპანეთში ცხოვრების დროს დამიგროვდა.
- მიმდინარე სეზონში, “ატლეტიკოს” შემადგენლობაში არცთუ ხშირად ჩნდებოდით მოედანზე. პრაქტიკის ნაკლებობა პრობლემებს არ შეგიქმნით?
- იმდენი სათამაშო დრო არ მქონდა, რამდენიც მსურდა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ფიზიკური მდგომარეობა პრობლემას არ შემიქმნის. მთელი ამ დროის განმავლობაში სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი, ასე რომ, ვფიქრობ თავიდანვე თამაშში ჩართვა ხელმეწიფება.
- “ლივერპულში” დაგხვდნენ ძველი ნაცნობები, მასკერანო და ტორესი. ბოლო პერიოდის განმავლობაში მათთან თუ გქონდათ ურთიერთობა?
- ხავიერთან ურთიერთობა ნაკრებში ყოფნის დროს მქონდა. იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრობა ინგლისშიც გაგრძელდება და “ლივერპულში” ყოფნის საწყის პერიოდში იგი დახმარებას გამიწევს.
- მას შემდეგ, რაც ტორესთან ერთად თამაშობდით, იგი გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი?
- რა თქმა უნდა. იგი კარგად მოერგო “ლივერპულს”. საამისო წინაპირობა ფერნანდოს ყოველთვის ჰქონდა. ვთვლი, რომ ჯერ კიდევ შორსაა თავისი საუკეთესო თამაშიდან და კიდევ მოახერხებს ყველას გაკვირვებას. აქვე აღვნიშნავ, რომ იგი არა მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ ბრწყინვალე ადამიანიცაა. მოხარული ვარ, რომ ხავიერთან და ფერნანდოსთან ერთად მომიწევს თამაში.
- გახსოვთ “ატლეტიკოს” შემადგენლობაში თქვენი პირველი ვიზიტი “ენფილდზე”?
- დიახ, ეს იყო 2008 წელს ჩემპიონთა ლიგაზე. მაშინ გუნდს საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მაგრამ მე გოლი გავიტანე. მაშინ ვიგრძენი, როგორი რთულია აქ თამაში. ახლა ამ სტადიონზე თამაში უფრო გამიადვილდება, რადგან ეს ათიათასობით გულშემატკივარი უკვე ჩემი გუნდის მხარეს იქნება.
- სეზონის მეორე ნახევარში პირად მიზნებს თუ ისახავთ?
- ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ეს ჩემი მხრიდან ძალზე გაბედული ნაბიჯი იქნებოდა. დასაწყისისთვის უბრალოდ მსურს რაც შეიძლება ხშირად მომეცეს მოედანზე გასვლის საშუალება და ხელმძღვანელობას და მწვრთნელებს გამოცხადებული ნდობა გავუმართლო. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია გულშემატკივართა გახარებაც.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა