ჭიდაობა

13:32 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაქარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს კანადელთან შეხვედრით გახსნის

 

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების ბოლო – მეშვიდე კომპლექტი დღეს გათამაშდება. ხალიჩა 74 კილოგრამ წონით კატეგორიას დაეთმობა. საქართველოს სახელით კი ამ წონაში იაკობ მაქარაშვილი იჭიდავებს. წონის ლიდერ დავით ხუციშვილის არყოფნაში შიდა კონკურენციაში ყველას სწორედ მაქარაშვილმა აჯობა – საქართველოს თასზე იმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს დებიუტი ექნება.

74 კილოგრამში სულ 39 სპორტსმენი აიწონა. იაკობ მაქარაშვილს წილისყრამ 37-ე ნომერი არგუნა და იმ 25-კაციანი სიის მიღმა დარჩა, შეჯიბრებაში მეორე წრიდან რომ ჩაერთვებიან.

ქართველი მოჭიდავე ჩემპიონატს კანადელ ევან ჯეიმს მაკდონალდთან შეხვედრით გახსნის. თუ მოიგებს, მეთექვსმეტედფინალში მოლდოველი ალექსანდრუ ბურკასა და ირანელი ეზატოლაჰ აბას აკბარიზარინკოლაეის წყვილიდან გასულს დაეჭიდება. სატურნირო ბადეში მაქარაშვილის მხარესაა უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გია ჩიხლაძე. მათი გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში კვეთს. ხოლო ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში სავარაუდო მეტოქეთაგან გამოსარჩევია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი უნგრელი გაბორ ჰატოში.

ბადის მეორე მხარეს მოახვედრა წილისყრამ რუსი, ბულგარელი, აზერბაიჯანელი და უზბეკი მოჭიდავეები. ასევე ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი – ოლიმპიური და მსოფლიოს ამერიკელი მოქმედი ჩემპიონი ჯორდან ერნესტ ბაროუზი.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.

 

0.152881