საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ მაქარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე წრეში დამარცხდა ირანელ ეზატოლაჰ აბას აკბარიზარინკოლაეისთან. ამ უკანასკნელმა შემდეგი შეხვედრებიც მოიგო, ფინალში გავიდა და მაქარაშვილს დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაუხსნა.
რეპეშაჟში იაკობ მაქარაშვილმა მოლდოველი ალექსანდრ ბურკა, კუბელი იუნიერკი ბლანკო მორა და იაპონელი სოსუკე ტაკატანი დაამარცხა. “ბრინჯაოს ფინალში” კი უზბეკ რაშიდ კურბანოვს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.