ამ სეზონის წინ, “მალაგაში” ესპანური ფეხბურთისთვის იშვიათი ამბავი მოხდა – კლუბი არაბმა შეიხმა აბდულა ბილ ნასერ ალ თანიმ შეისყიდა და როგორც ასეთ დროს იციან, დაიწყო საუბრები ანდალუსიური კლუბის სუპერმიზნებზე, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე... შეიხმა პრიმერადივიზიონის ჩემპიონობაც კი ახსენა.
“მალაგამ” სეზონი საშინლად დაიწყო (ახლა მე-17 ადგილზეა) და მწვრთნელიც მალე გამოიცვალა – ახლა, გუნდს სახელიანი ჩილელი სპეციალისტი მანუელ პელეგრინი თავკაცობს, რომელიც ესპანურ პრიმერას ხუთი თითივით იცნობს. პელეგრინი მრავალი წლის მანძილზე წარმატებით მუშაობდა “ვილიარეალში”, შარშანდელ სეზონში კი, მადრიდის “რეალსაც” წვრთნიდა.
პელეგრინის ესპანური AS-ი ესაუბრა. ინტერვიუს შემოკლებით გთავაზობთ.
- როგორ გრძნობთ თავს მალაგაში?
- ხალხმა ემოციურად, დიდი იმედებით მიმიღო. ამ ქალაქს ვიცნობდი, მეექვსე წელია ესპანეთში ვცხოვრობ და შეჩვევა არ გამჭირვებია. ყველაფერი მშვენივრადაა.
- მართალია, რომ “ლივერპულიც” გიწვევდათ?
- არა, “ლივერპულის” წინადადება ადრე იყო. “მალაგა” იმიტომ ავირჩიე, რომ აქ, სამომავლოდ დიდი ინვესტიციები ჩაიდო.
- მაინც რამ მოგხიბლათ?
- პროექტმა, მისმა ვადამ, იდეებმა. და იმან, რომ კლუბმა რეგრესი განიცადა და ჩემს ხელში აღორძინების შანსი აქვს. არგენტინის ჩემპიონატში 7 ტიტული მოვიგე, “შარშან “რეალისთვის” სარეკორდო ქულები დავაგროვე პრიმერაში, ასე რომ, ჩემი ამბიციები ეგოისტური არაა.
- თუმცა ამბობენ, რომ პელეგრინი არაბი შეიხის ფულის გამო გადავიდა “მალაგაშიო”.
- აზრებს ნუ ავურევთ. ბევრი მიმზიდველი წინადადება მქონდა, მაგრამ ვიუარე. ჩემთვის მთავარია, კლუბის პროგრესი და პირადი ცხოვრების დონე.
- არ გეშინიათ, რომ უფრო ბევრი წააგოთ, ვიდრე მოიგოთ?
- არანაირად. დასაკარგი არაფერი მაქვს. მე თავად ავიწყვე მწვრთნელის კარიერა და სადაც ვიმუშავე, ტიტულებსაც ვიგებდი. “მალაგაში” ნამდვილად არ გადმოვიდოდი, კლუბის დასახული მიზნებისა რომ არ მჯეროდეს. “რივერ პლეიტიდან” “ვილიარეალში” იმ დროს გადავედი, როცა “ყვითლები” პრიმერას ლიდერთა ჯგუფს არ განეკუთვნებოდნენ. ახლაც იგივე სიტუაციაა.
- სულ წარსულ ღირსებებს უსვამთ ხაზს. ეგებ, პასუხისმგებლობას გაურბიხართ?
- სადაც არ უნდა ვიყო, პასუხისმგებლობა გათავისებული მაქვს.
- შეიხთან, პირისპირ, საქმიანი საუბარი გქონდათ?
- არა, ყველანაირ მოლაპარაკებას კლუბის მმართველი დირექტორი აბდულა გუბნი აწარმოებს.
- შეიხი ყველაფერს აკვირდება?
- იმედია, აკვირდება. როცა “მალაგა” იყიდა, სერიოზული პროექტებიც მოაყოლა.
- დიდი ფულის პატრონი კაცი არ დაგელაპარაკათ – ამის გამო, უხერხულობა არ იგრძენით?
- არა. შეიხი აბდულა გუბნს ესაუბრება, მისი აზრი და პროექტი ჩემთვის ნათელია.
- თქვენი აზრით, შეიხი უმაღლესი არსებაა?
- არსებობს მხოლოდ ერთი უმაღლესი არსება – ღმერთი.
- ფეხბურთელების საყიდლად რა თანხას დახარჯავენ, იცით? დაგპირდნენ?
- გზა ეტაპობრივი იქნება. ერთბაშად 100 მილიონი ევროს ტრანსფერებში დახარჯვა იმას არ ნიშნავს, რომ “მალაგა” პრიმერას მოგებისთვის იბრძოლებს. ჯერ საფუძველი უნდა ჩაიყაროს, მერე კი, ბალანსირების პერიოდიც დადგება.
- ზამთარში აპირებთ ფეხბურთელების შეძენას?
- იდეალური იქნება, თუ ზაფხულში ვიყიდით ფეხბურთელებს და მთელი სეზონის განმავლობაში აღარ შეიცვლება ბირთვი. ეს იდეალურია, მაგრამ ახლა ცუდ მდგომარეობაში ვართ, აუტსაიდერთა ზონაშია გუნდი და ყევლაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სიტუაცია გამოვასწოროთ.
- გეკითხებით როგორც კულტურულ პიროვნებას - “რეალიდან” თქვენი გაშვება როგორ აღიქვით?
- გაკვირვებით.
- პრესაზე რას იტყვით?
- მათ აქვთ როგორც სოციალური, ასევე სპორტული როლი. საჭირო ფუნქცია აქვთ და როცა ობიექტური კუთხით მეკითხებიან რამეს, მათ მიმართ სიმპათია მიჩნდება. თუმცა, სხვაგვარ ჟურნალისტებთანაც მქონია საქმე.
- თუ გაქვთ იმედი, რომ თქვენს ხელში “მალაგა” როდესმე ესპანეთის ჩემპიონი გახდება?
- ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. აბა, წარმოიდგინეთ, რომ მეთქვა, “ვილიარეალი” პრიმერაში მეორეზე გავა, ცოტა დააკლდება ჩემპიონობამდე, ერთი პენალტის გატანა დააკლდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლამდე, ევროტურნირებზე ყოველწლიურად წარმატებით ითამაშებდა... ხომ საკვირველი იქნებოდა? ჩემზე იტყოდით, გიჟიაო. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. მართალია, დიდ და პატარა კლუბებს შორის ვეება სხვაობაა, მაგრამ მისი გაბათილება შეიძლება. კიდევ ვიმეორებ, ვინმეს ეგონა, რომ “ვილიარეალი” ამდენს მიაღწევდა?
- შეიხს სურს, რომ “მალაგა” “ბარსელონასა” და “რეალის” კონკურენტი იყოს.
- ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ ვარ.
- ვისი გულშემატკივარი ხართ – მოურინიოსი, თუ გვარდიოლასი?
- არც ერთის. მე ვარ “რეალის” გულშემატკივარი, რადგან იქიდან კარგი მოგონებები წამომყვა. “ბარსელონა” პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ იქ მომუშავე მწვრთნელებს, პირადად არ ვიცნობ.
- გასული სეზონის “ელ კლასიკოები” თქვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი საათები იყო? (პელეგრინის “რეალმა” სტუმრად 0:1, შინ კი 0:2 წააგო – ი.ნ.).
- ბარსელონაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ. “სანტიაგო ბერნაბეუზე” კი ცუდად ვითამაშეთ და მაშინ მივხვდი, რომ პრიმერას ვეღარ მოვიგებდით. ამ მარცხის შემდეგაც ვიბრძოდით ტიტულისთვის, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვიპოვეთ.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა