კალათბურთი

14:16 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “ტრავმების მიუხედავად, ევრობასკეტზე საქართველოს მიზნები არ შეცვლილა”

“საქართველოს ნაკრები მომავალში იმაზე წარმატებული იქნება, ვიდრე დღესაა”

ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ მანუჩარ მარკოიშვილს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის დახმარებით, პოპულარულმა ესპანურმა საკალათბურთო გამოცემა BasketMe-მ ინტერვიუ ჩამოართვა, რომლის ქართულ თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.

- საქართველო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომლიც მეორე ეტაპზე გავიდა და ბოლომდე ებრძოლა საბოლოოდ ნახევარფინალში გასულ რუსეთს და მაკედონიას. რა მოგონებები დაგრჩათ გასული ჩემპიონატიდან?

- ლიტვაში გამართული ევროპის ჩემპიონატი იყო პირველი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის მანძილზე ითამაშა და ჩვენ ეს გვეამაყება. საქართველოს ნაკრების წევრებმა დიდი გამოცდილება მივიღეთ ისეთ ძლიერ ნაკრებებთან თამაშით, როგორებიც არიან რუსეთი, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და სხვები.

- ტრავმების გამო, ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია გამოგაკლდათ. მათი არყოფნა იმოქმედებს საქართველოს ნაკრების შედეგზე და რა მიზნები გაქვთ ამ ყველაფრის გათვალისწინებით?

- დიახ, ჩვენ გვაკლია ფაჩულია და შენგელია, რომლებიც ნაკრებისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ და ასე მოკლე პერიოდში მათი შეცვლა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი არ შეცვლილა და კიდევ უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებთ ყოველი მეოთხედისთვის.

- ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრებში თამაშობდა ამერიკელი ჯეიკობ პულენი, რომელმაც ევრობასკეტის საგზურის მოპოვებაში დიდი როლი შეასრულა. ამჯერად თვენს ნაკრებში რიკი ჰიკმანი და ლუკ ზელერი არიან. რამდენად დაეხმარებიან ისინი გუნდს?

- ჩვენ არაერთი ძლიერი ლეგიონერი გვყოლია, რომელთაგანაც ბევრი რამ ვისწავლეთ და ისინიც სწავლობდნენ ჩვენგან. ალბათ, ახლაც ასე იქნება. საქართველოს ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარებიან და ჩემი აზრით, ნაკრებს მომავალში არ დასჭირდება არაქართველი კალათბურთელების დამატება.

- როგორ იყენებს იგორ კოკოშკოვი ნბა-ში მიღებულ გამოცდილებას საქართველოს ნაკრებში?

- კოკოშკოვი ძალიან გონიერი მწვრთნელია. ნაკრების ყველა წევრის დადებით მხარეს მაქსიმალურად იყენებს. თამაში კარგად მიჰყავს და უკიდურესად დაძაბულ მომენტებშიც კი არ კარგავს წონაწორობას.

- მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ზურგს საკმაოდ სოლიდური კარიერა გიმაგრებთ. იცავდით წამყვანი ევროპული გუნდების ღირსებას – როგორებიც ”ბენეტონი”, ”ოლიმპია”, ”ბკ კიევი”, ”კანტუ” და ”გალათასარაი” არიან. ყველაზე კარგად რომელი დრო გახსენდებათ და თუ გქონდათ ესპანურ კლუბში გადასვლის შანსი?

- ყველა კლუბში, სადაც კი მითამაშია, არაერთი წარმატება მახსენდება და თითოეული მწვრთნელისგან თუ გუნდის წევრისგან, ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი კარიერის კვანძი ”კანტუში” გაიხსნა, სადაც საშუალება მომეცა ბევრი სათამაშო დრო მქონოდა ისეთი მაღალი დონის ტურნირებში, როგორებიც ევროლიგა და იტალიის ჩემპიონატია. ესპანურ კლუბში გადასვლის რეალური შანსი არ მქონია, თუმცა, ვფიქრობ, ამის შესაძლებლობაც მომეცემა.

- თქვენი ნაკრების შემადგენლობაში აღმოვაჩინეთ ბექა ბურჯანაძე, რომელიც ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ ”კახასოლში” თამაშობს და საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრია. ბურჯანაძის, ნიკა მეტრეველის, დუდა სანაძის, ოთარ ფხაკაძის შემხედვარე, როგორ გესახებათ საქართველოს ნაკრების მომავალი?

- ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და მათი დიდი პლუსი ბეჯითი შრომა და მიზანდასახულობაა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები იმაზე წარმატებული იქნება მომავალში, ვიდრე დღესაა.

- ბოლოს გთხოვთ, მომავალი ევრობასკეტის 3 ფავორიტი დაგვისახელოთ.

- ესპანეთი, საფრანგეთი და ალბათ, რუსეთი.

www.gbf.ge

0.11604