მიუხედავად მარცხისა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ სლოვენიასთან მატჩშიც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ მეტოქის წარმომადგენელთაგან მრავლად საქებარი სიტყვები მოისმინა. კომენტარი გააკეთეს ქართველთა დამრიგებელმა იგორ კოკოშკოვმა და მოთამაშეებმა – მანუჩარ მარკოიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემაც.
იგორ კოკოშკოვი: “ჩვენთვის ძალიან მტკივნეული მარცხი იყო. დამეთანხმებით, სხვაა, როდესაც 20 ქულით აგებ და სხვა როცა თამაშის ბედი ბოლო წამებზე წყდება. მეტოქეს და მის მწვრთნელს გამარჯვებას ვულოცავ, ჩემი ბიჭებისადმი კი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მათ ქართული კალათბურთი ამჯერადაც ღირსეულად წარმოადგინეს. სლოვენიელთაგან გორან დრაგიჩი ჩინებულად გაისარჯა და ეს სრულიადაც არ გამკვირვებია, მისი შესაძლებლობები ხომ კარგად ვიცი. მსაჯობაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ჩემი სამუშაო კალათბურთელების მომზადებაა და თუკი წავაგეთ, ესე იგი, თვითონ დავაკელით რაღაც. მომდევნო ტურში ჩეხებთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ”.
მანუჩარ მარკოიშვილი: “ბოლო წამებზე უკვე მე-2 მატჩი წავაგეთ, რისი მიზეზიც გამოუცდელობა უნდა იყოს. დღეს ზონურმა დაცვამ გაამართლა, კარგად ვიდექით, მაგრამ შეტევის დროს ბევრი უაზრო ბურთი იკარგებოდა. ქართველები ცოტა სულსწრაფი ხალხი ვართ. გვინდა, უცბად 1 ბურთი ჩავაგდოთ და 40 ქულა მივითვალოთ. ასე არ შეიძლება. ეს კონკრეტულად საკუთარ თავზე არავინ მიიღოს, აღნიშნულს ჩემზეც ვამბობ”.
ვიქტორ სანიკიძე: “კარგი სტარტი გვქონდა და ათიოდ ქულითაც დავწინაურდით, მაგრამ მეტოქე ზუსტი სამქულიანების ხარჯზე წამოგვეწია. ბოლოსკენ არც გაგვიმართლა, როდესაც ზორან დრაგიჩმა ურთულესი ბურთი ჩააგდო. თუმცა, კალათბურთში ასეთი მოვლენები ხშირად ხდება. ჩვენ ყველა ვარიანტში ბრძოლას ვაგრძელებთ და მომავალი მატჩებისთვის ვემზადებით”.
ბოჟიდარ მალკოვიჩი: “მადლობას ვუხდი კოლეგას მოლოცვისთვის. იგორი ძალიან კარგი მწვრთნელი და ჩინებული პიროვნებაა. კალათბურთზე მისი შეხედულებები ძალიან მომწონს და სრულიადაც არ გამკვირვებია, რომ ასეთი ორგანიზებული გუნდი ჰყავს. ამასთან, გორან დრაგიჩის გაზრდაშიც აქვს წვლილი შეტანილი. უშუალოდ მატჩი კი ძალიან მძიმე გამოდგა და ამაში დარწმუნებული ვიყავი. შეხვედრის წინ ჩვენი ფედერაციიც გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ სხვაობა მაქსიმუმ 5 ქულა იქნებოდა. ახლა, მომდევნო მატჩზე უნდა გადავერთოთ, ჩვენი მიზანი ხომ ლიუბლიანაში მე-2 რაუნდში თამაშია”.
ნებოისა იოკსიმოვიჩი: “საქართველოს ნაკრების მატჩების ანალიზს კარგა ხნის განმავლობაში ვახდენდით და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქმე ჩინებულ გუნდთან გვქონდა. ქართველები როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან ორგანიზებულად გამოიყურებოდნენ. მიხარია, რომ მიუხედავად გარკვეული სიძნელეებისა, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა”.
გორან დრაგიჩი: “საქართველოს ნაკრებს ხორვატიასთან მატჩში არ გაუმართლა და დღესაც იღბალი უფრო ჩვენს მხარეს იყო. არადა, ძალიან კარგი გუნდია და მწვრთნელიც ჩინებული ჰყავს. იგორ კომოშკოვი ხომ “ფინიქს სანზში” რამდენიმე წელი მავარჯიშებდა და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ქართველებს სათადარიგოთა სკამი ისეთივე დონის არ ჰყავთ, თუმცა, ის 6-7 კალათბურთელი, რომელიც მოედანზე გამოდის, დიდებულად თამაშობს”.
დომენ ლორბეკი: “საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. დღეს ზონური დაცვის ხარჯზე ბევრი პრობლემები შეგვიქმნეს. კიდევ კარგი, დროული ტაიმ-აუტები ავიღეთ და შეტევაში სიტუაცია გამოვასწორეთ. კარგი მატჩი ჰქონდათ სათადარიგოებს. ჩვენი სიძლიერე სწორედ ამაშია, რომ თავის გამოჩენა განაცხადში მყოფ თორმეტივე კალათბურთელს შეუძლია”.
www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma