ინტერვიუები

21:58 | 7.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “მომავალ სეზონშიც “კანტუში” თამაშს ვაპირებ”

ვლადიმერ სტეფანიასა და ზაზა ფაჩულიას შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიის საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “კანტუს” უკანახაზელი - მანუჩარ მარკოიშვილი, მესამე ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელიც ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
კონკრეტულად - მანუჩარ მარკოიშვილი 2011-12 წლების ევროლიგის ტოპ 16-ის მე-6 ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
“კანტუს” ქართველმა ლეგიონერმა - “მანუმ” (მანუჩარ მარკოიშვილის მეტსახელი), კაუნასის “ჟალგირისთან” შეხვედრაში 32 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა, 2 პასი დააგროვა და თანაგუნდელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
რაც შეეხება ფაჩულიას და სტეფანიას, 2004 წლის ევროლიგის ერთ-ერთი ტურის საუკეთესო კალათბურთელად, იმხანად “ულქერში” (თურქეთი) მოთამაშე ზაზა ფაჩულია აღიარეს, ლიუბლიანის “ოლიმპიაში” (სლოვენია) მოასპარეზე ვლადიმერ სტეფანია კი 1997 წელს, ფიბა-ევროპის ვარსკვლავთა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ეს შეხვედრა 31 დეკემბერს, თელ ავივში (ისრაელი) ჩატარდა და სტეფანიამ 18 ქულა დააგროვა.
მანუჩარ მარკოიშვილს “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.
- ევროლიგის ტოპ 16-ის მე-6 ტურის საუკეთესო კალათბურთელად თქვენს დასახელებას, როგორი გამოხმაურება ჰქონდა “კანტუში”?
- სამწუხაროდ, “ჟალგირისთან” “კანტუს” შეხვედრა ფორმალურ სახეს ატარებდა, რადგან მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც კი აღარ გვქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტურის საუკეთესო კალათბურთელად ჩემი დასახელებისთვის, ყურადღება არავის მიუქცევია. ჩემი აზრით, სწორიც იყო. მთავარია კარგად ვითამაშო.
- “კანტუს” ხელმღვანელობამ როგორ შეაფასა ევროლიგაზე გუნდის გამოსვლა?
- გუნდში არც ამაზე გვქონია საუბარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროლიგის წამყვან კლუბებთან შედარებით, “კანტუ” დაბალი ბიუჯეტის მქონე გუნდია, ევროლიგაზე ჩვენი გამოსვლა შეიძლება დადებითად შეფასდეს.
გუნდის ხელმძღვანელობის სურვილია, რომ მომავალი სეზონიდან ევროლიგას აუცილებლად დავუბრუნდეთ. ამისთვის საჭიროა იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი სინჯის მედალი მოვიპოვოთ, ანუ საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ.
- თქვენ როგორ აფასებთ იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში “კანტუს” საპრიზო ადგილზე გასვლის შანსს?
- “მონტეპასკი” რეგულარული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. 13-13 ქულით “კანტუ”, “მილანი”, “დინამო სასარი”, “ვირტუსი” და “ვენეცია” II-VI ადგილებს ინაწილებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენცია დიდია. რა თქმა უნდა, “კანტუ” არაფერს დაიშურებს, რათა პირველ სამეულში მოვხვდეთ და ერთ-ერთი სინჯის მედალთან ერთად, ევროლიგის საგზურიც მოვიპოვოთ.
- “კანტუს” მეორე ქართველი ლეგიონერის - გიორგი შერმადინის თამაშმა თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- გიორგი იტალიაში თავის პირველ სეზონს ატარებს. იგი ვარჯიშსა და თამაშზე ბოლომდე იხარჯება. ამას ყველა გრძნობს და მთავარ მწვრთნელთან ერთად, თანაგუნდელებიც გვერდში ვუდგავართ.
- “კანტუსთან” 2+1-წლიანი კონტრაქტი გაკავშირებთ. ორი წელი მიმდინარე სეზონის ბოლოს გიმთავრდებათ, პლუს ერთის გაგრძელებას აპირებთ?
- პლუს ერთი კონტრაქტის გაგრძელების საკითხში, 70 პროცენტი ჩემზე, ხოლო დანარჩენი 30 “კანტუს” ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ქალაქსა და კლუბს შევეჩვიე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა, რომ თამაში ისევ “კანტუში” განვაგრძო.
- მართალია, ევრო-2011-ის დასრულების შემდეგ საკმაო დრო გავიდა, მაგრამ თქვენ, როგორც “ჯვაროსნების” ერთ-ერთ ლიდერს, არ შემიძლია ჩვენი ნაკრების გამოსვლის შესახებ არ გკითხოთ. “ჯვაროსნების” მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი დარჩით?
- ის შედეგი, რომელიც ევრო-2011-ზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა აჩვენა, რამდენიმე წლის წინათ ჩვენს ნაკრებს არც დაესიზმრებოდა. რომ არა ზაზა ფაჩულიასა და გიორგი ცინცაძის ტრავმები, შეიძლებოდა 8 საუკეთესო გუნდს შორისაც მოვხვედრილიყავით. რა თქმა უნდა, პირველივე ცდაზე არც 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა ურიგო შედეგი, ასე რომ, ევრობასკეტ-2011-ზე ჩვენი ნაკრების გამოსვლას დადებითად ვაფასებ.
- რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, ნაკრების მთავარ მწვრთნელს - იგორ კოკოშკოვს ევრობასკეტ-2013 წლის ფინალური ტურნირის ბოლომდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი. თქვენი აზრით, რამდენად მართებული იყო კოკოშკოვისთვის კონტრაქტის გაგრძელება?
- კოკოშკოვმა კარგად აითვისა ქართული ხასიათი და ნაკრების წევრებთან საერთო ენა გამონახა. ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებში კოკოშკოვს დიდი წვლილი მიუძღვის. აქედან გამომდინარე, კოკოშკოვთან კონტრაქტის გაგრძელებას დადებითად ვაფასებ.
- ცნობილი გახდა ევრობასკეტ-2013-ის შესარჩევი ჯგუფური ტურნირის მონაწილე გუნდები. საქართველო, ბოსნიის, ლატვიის, ჰოლანდიისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად, D ჯგუფში მოხვდა. მომდევნო ეტაპზე გასვლის როგორი შანსი გვაქვს?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, რადგან არავინ იცის D ჯგუფის მონაწილე გუნდები შესარჩევ ტურნირს როგორი შემადგენლობით დაიწყებენ და რა ფორმაში შეხვდებიან.
- და ბოლოს, ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი, რამდენი ქულა გაქვთ გაკეთებული?
- 32 ქულაზე მეტი, რომელიც ევროლიგაზე “ჟალგირისთან” გავაკეთე არ მახსენდება.

 

როლანდ ლაბუჩიძე

 

0.237389