საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. იგორ კოკოშკოვმა ნაკრები ბოლო თბილისურ ვარჯიშზე სრულად დატვირთა. მანუჩარ მარკოიშვილი ტრავმის გამო ისვენებდა და მოედნის გარშემო მსუბუქი სირბილით შემოიფარგლა. ვარჯიშის შემდეგ ნაკრების წევრებმა კომენტარი გააკეთეს. მარკოიშვილს პირველ რიგში ტრავმის შესახებ ვკითხეთ:
_ რა სახის ტრავმა მიიღეთ?
_ მარჯვენა კოჭი გადამიტრიალდა, შეშუპებული მაქვს, ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვმკურნალობ და უკეთ ვარ, ჯერჯერობით ვარჯიში არ დამიწყია.
_ ევროპის ჩემპიონატზე თუ შეძლებთ თამაშს?
_ იმედია, შევძლებ, ამისთვის ვემზადები და ექიმებიც მაიმედებენ. შევეცდები, ისრაელთან მატჩში არ ვითამაშო, არ ვიჩქარო, რათა რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე სრულყოფილად დამთავრდეს. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ათი დღე დაგვრჩა მოსამზადებლად და თამაშის ხარისხი ჯერ კიდევ დასახვეწი გვაქვს.
ვიქტორ სანიკიძე: "სამწუხაროა, რომ საქართველოში ვერ მოხერხდა ტურნირის ჩატარება, რადგან ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო იქნებოდა ჩვენი მატჩების ხილვა. შევეცდებით, მოსამზადებელი ეტაპი გამოვიყენოთ და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ. რაც შეეხება მარკოიშვილს, მას სერიოზული ტრავმა არ აქვს და აუცილებლად დაგვეხმარება”.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: "ძალიან დადებითი განწყობით მივდივართ, გუნდი თითქმის მომზადებულია, რამდენიმე საკონტროლო მატჩი დაგვრჩა და ხარვეზებს აუცილებლად გამოვასწორებთ”.
გიორგი ბალახაძე