ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი სტამბულის “გალათასარაის” ერთ-ერთ წამყვან კალათბურთელად ითვლება, ამდენად, ტრავმის შემდეგ, მისი მოედანზე დაბრუნება თურქული გრანდისთვის ნამდვილი შვება გახლდათ. “მანუს” გამოჯანმრთელება შეუმჩნეველი არც ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდს გამორჩენია და მასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა საკუთარი შესავლითურთ.
“მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ნოემბერში “გალათასარაის” ტრავმების გამო, 4 კალათბურთელი გამოაკლდა, სტამბულელებმა არათუ ევროლიგის ტოპ-16-ში გააღწიეს, არამედ, პირველად კლუბის ისტორიაში პლეი-ოფში გასასვლელადაც იბრძვიან.
ახლა, “გალას” ერთ-ერთი ტრავმირებული მოთამაშე დაუბრუნდა და ისე გაისარჯა, თითქოს დაახლოებით ხუთთვიანი უქმობა არც ყოფილიყოს. შემტევი მცველი მანუჩარ მარკოიშვილი მოედანზე ყუბანის “ლოკომოტივთან” უმნიშვნელოვანეს გასვლით შეხვედრაში გამოჩნდა და სტუმართა გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდო. მან 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 19 ქულა მოაგროვა...
27 წლის ასაკში მარკოიშვილს მისი თაობის მოთამაშეთა შორის, ყველაზე დიდი საევროლიგო გამოცდილება გააჩნია. მანუჩარი უმთავრეს ევროპულ ტურნირში უკვე მე-8 სეზონს ატარებს, ამასთან ევროლიგაში დებიუტი ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც 2003 წელს ტრევიზოს “ბენეტონის” მაისურით 15 წუთს ითამაშა.
ქართველ კალათბურთელს კარიერის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს და იმედოვნებს, რომ მისი გამოცდილება “გალათასარაის” მომდევნო მატჩებში დიდ დახმარებას გაუწევს. ოთხი სხვადასხვა კლუბის მაისურით ევროლიგაში ჩატარებული 8 სეზონის მიუხედავად, მანუჩარი ისევ უაღრესად მოტივირებულ კალათბურთელად რჩება, რასაც ჩვენთან ინტერვიუშიც ადასტურებს.
- გილოცავთ მოედანზე დაბრუნებას. სწორედ მაშინ გამოჩნდით, როდესაც თქვენს გუნდს ძალიან სჭირდებოდა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, “გალათასარაის” ლიდერად წარმოჩენა და ამდენი ქულის მოხვეჭა როგორ მოახერხეთ?
- უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა. მართალი გითხრათ, თამაშის დასაწყისში ცოტა ვშიშობდი. ვაკვირდებოდი, მატჩი როგორ წარიმართებოდა ეს, ჩემს კონცენტრაციაზე როგორ აისახებოდა. პირველ რიგში, ვცდილობდი, დაცვაში აგრესიულად მეთამაშა, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა და შეტევაზეც გადავერთე. თამაშის შემდეგ თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადე. ისინი ჩემთვის კარგი პოზიციების შექმნას ცდილობდნენ, რათა თამამად შემეტია და თავი ისევ გუნდის განუყოფელ ნაწილად მეგრძნო. შედეგად, ბევრი თავისუფალი ტყორცნა შევასრულე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ მეგონა ამდენ წუთს თუ ვითამაშებდი და ამით, ბედნიერი ვიყავი. თამაში კარგად წარიმართა და ტრავმასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მიგრძვნია. უბრალოდ, მატჩის რიტმს და ჩვენს სისტემას მივყევი.
- ყუბანის “ლოკომოტივთან” მატჩში “გალათასარაის” მხოლოდ 9 დაკარგვა ჰქონდა, თუმცა, შედეგიანობის ინდექსის მიხედვით, მეტოქეს 61:88 ჩამორჩით. ამ ფონზე გამარჯვება რამ განაპირობა?
- ალბათ, დაცვაში თამაშს გამოვარჩევდი. ცხადია, შეცდომებიც გვქონდა, თუმცა, გადამწყვეტ ეპიზოდებში შინ მოთამაშე “ლოკომოტივის” შეჩერება მოვახერხეთ. ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ცხადია, ისიც დაგვეხმარა, რომ ბურთს იშვიათად ვკარგავდით. შესაბამისად, მეტოქეს სწრაფი იერიშების დაწყების საშუალება არ ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქის ლიდერები უშანსოდ დავტოვეთ, მაგრამ ფაქტია – მათ საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები დააფიქსირეს.
- გასულ მატჩში გადამწყვეტი ბურთი კარლოს აროიომ ჩააგდო. “გალათასარაისთვის” ამ კალათბურთელის მნიშვნელობას როგორ შეაფასებდით?
- პირველ რიგში, აღსანიშნავი მისი პროფესიონალიზმია. იგი გუნდის ვეტერანია და ვარჯიშებსა თუ თამაშებზე საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. კარლოსი ვარჯიშზე პირველი ჩნდება, ბოლოს მიდის და გუნდის მოტივაციის ასამაღლებლად ყველაფერს აკეთებს. აროიო ის გამთამაშებელია, რომელსაც შესატევი პოზიციის შექმნა ნებისმიერი თანაგუნდელისთვის შეუძლია. შეტევაში მასზე ძალიან ვართ დამოკიდებული, ასე რომ, ასეთი გამოცდილი თანაგუნდელის გვერდით თამაში დიდი ბენდიერებაა.
- თქვენ ტრავმის გამო რამდენიმე თვე გამოტოვეთ. ჯეიმონტ გორდონი და ნეიტ ჯავაი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებენ, ერვინ დადლი კი ჯერაც ვერ გამოჯანმრთელებულა. როგორ მოხდა, რომ “გალათასარაი” კვლავ მაღალ დონეზე ირჯება და ევროლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსს ჯერაც ინარჩუნებს?
- ეს ძალიან რთული გახლდათ. გუნდს გარკვეული მონახაზი გააჩნდა, სეზონის სტარტზე 4 მნიშვნელოვანი მოთამაშის გამოკლებას კი არავინ ელოდა. ცხადია, იმ კალათბურთელებსაც დიდი ჯაფა დაადგათ, რომლებიც მწყობრში დარჩნენ. მათ განსხვავებულ როლებთან შეგუება და დამატებითი სამუშაოს შესრულება მოუწიათ. შედეგად, გუნდს აღმასვლის და ჩავარდნის პერიოდი ჰქონდა და ახლა, საკუთარ თავს თავიდან ვპოულობთ. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ პლეი-ოფში გასვლის შანსს აქამდე ვინარჩუნებთ. მასშტაბურად უნდა ვიფიქროთ, თუმცა, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. თუკი პლეი-ოფში თამაში გვსურს, თითოეულ მომავალ მატჩს უდიდესი კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ.
- როგორ ფიქრობთ, ამდენი პრობლემის გადალახვის შემდეგ, “გალათასარაი” მენტალურად უფრო მძლავრი გუნდი ხომ არ გახდა, რაც სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში უფრო სახიფათო გუნდად გაქცევთ?
- პირადად ვფიქრობ, რომ “გალათასარაი” ყოველთვის სახიფათო გუნდი იყო. მაგალითად, ცსკა-სთან და “რეალთან” მოგებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა და ამით, ჩვენი ძალა ყველას ვაგრძნობინეთ. მთავარია, ეს მოტივაცია ნებისმიერ გუნდთან გამოვავლინოთ და არა – მხოლოდ ტოპ-მეტოქეებთან. ვფიქრობ, “გალათასარაის” საკმარისი ძალა გააჩნია და მოთამაშეებიც ისეთი ჰყავს, რომელთაც ერთად ბევრი რამის მიღწევა შეუძლიათ.
- მომავალი მატჩი “ბაიერნთან” გელით (ინტერვიუ მიუნხენელებთან თამაშამდეა ჩაწერილი – რედ.), რომელიც ევროლიგაში ფარზე მოთამაშე საუკეთესო გუნდად ითვლება. რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ მოხსნებში ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ წარმატებას მიაღწიოთ?
- გერმანელებს მართლაც კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ და რასაკვირველია, არც გამოცდილი მწვრთნელის ფაქტორი უნდა დავივიწყოთ. “ბაიერნი” სახიფათო მეტოქე, თუმცა, ჩვენ შინ ვთამაშობთ და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ. როგორც აღნიშნეთ, ისინი მოხსნებში ძალიან ძლიერები არიან და შეტევაშიც სწრაფად გადადიან, ასე რომ, სტამბულურ მატჩში მთავარი დაცვაში დამაჯერებელი თამაში იქნება.
- ევროლიგის ფინალში 16 წლის ასაკში გითამაშიათ, როდესაც ტრევიზოს “ბენეტონი” “ბარსელონას” დაუპირისპირდა.
- ვფიქრობ, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმის გასაგებად, რა მოვლენის მონაწილე გახლდით. ევროლიგის ფინალში თამაში ნებისმიერი კალათბურთელის ოცნებაა, ამიტომაც, მინდა, ეს ატმოსფერო კიდევ ერთხელ შევიგრძნო. მაშინ დეიან ბოდიროგას მეურვეობა დამავალეს და მახსოვს, მოედანზე გასვლის წინ, ეტორე მესინამ შემდეგი მითხრა: “არ მისცე მას “ღია” სროლების შესრულების საშუალება, არ აყვე მის ცრუ მოძრაობებს და თუკი მაინც ჩააგდებს, ეს იმიტომ მოხდება, რომ იგი ევროპის საუკეთესო კალათბურთელია. მახსოვს, მაქსიმალურად დავიხარჯე, თუმცა, მან 2 ბურთი მაინც ჩამიგდო.
- 27 წლის ხართ, თუმცა, ბევრ თქვენზე უფროს კალათბურთელზე მეტი გამოცდილება გაგაჩნიათ. თავს პრივილეგირებულად გრძნობთ, ადრეულ ასაკში ასეთი სათამაშო პრაქტიკა რომ გქონდათ?
- დიახ და ამიტომ ყოველთვის ვამბობდი, რომ გამიმართლა და შესაძლებლობა მომეცა, თავიდანვე საყვარელი საქმით ვყოფილიყავი დაკავებული. გუნდში არაერთი დიდი მწვრთნელი თუ პარტნიორი მყოლია, რაც დიდ შესაძლებლობებს მიხსნიდა. საჭირო გამოცდილება გამაჩნია, თუმცა ევროლიგისგან კიდევ ბევრი რამ მაქვს მისაღები. მიხარია, რომ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ. თავს ჩინებულად ვგრძნობ და ეს, დამატებით მოტივაციას მაძლევს.
- “გალათასარაის” გულშემატკივრები საქვეყნოდ ცნობილნი არიან. რა განწყობაა, როდესაც ევროლიგაში ასეთი საოცარი აუდიტორიის წინაშე თამაშობთ?
- დიდებული გრძნობაა. ისინი არასოდეს ჩერდებიან და ყოველთვის ომახიანად გვქომაგობენ, მიუხედავად იმისა, ტაბლოზე რა ანგარიშია დაფიქსირებული. მათ საკუთარი გუნდის სჯერათ და თვლიან, რომ “გალათასარაი” საუკეთესოა. ჩვენი გულშემატკივრები მე-6 მოთამაშის როლს ასრულებენ, განსაკუთრებით, გადამწყვეტ შეხვედრებში და ამიტომაც, ვცდილობ, მათთვის ყოველთვის მაქსიმუმი გავიღო.
- “გალათასარაისთვის” ევროლიგის პლეი-ოფში გასვლა რა მნიშვნელობის მოვლენა იქნება? და ამ შემთხვევაში, რისი მიღწევა შეეძლება გუნდს ხუთმატჩიან სერიაში?
- ვფიქრობ, საპლეიოფო შანსებზე საუბარი ძალიან ადრეა. მანამდე საკმაო დროა. ოთხი მატჩი გვაქვს დარჩენილი და მიზნის მისაღწევად მინიმუმ სამი უნდა მოვიგოთ. მიუხენის “ბაიერნთან” შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ჯერჯერობით, მასზე ვართ ფოკუსირებული. თუკი პლეი-ოფში გავალთ და მომავალ ბატალიებს მენტალურად მობილიზებულნი შევხვდებით, იქნებ მეტსაც მივაღწიოთ”.