ის, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ ვიუწყებოდით, ოფიციალურად დადასტურდა. მოსკოვის ცსკა-მ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ მანუჩარ მარკოიშვილთან (სიმაღლე 197 სმ.) ტრანსფერი საკუთარ ვებ-გვერდზე დაადასტურა.
მარკოიშვილმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, რუსული კალათბურთის ფლაგმანთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მანუჩარი სტამბულის “გალათასარაიში” ირიცხებოდა და გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა, მოედანზე დაბრუნების შემდეგ, მყის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
ქართველმა მცველმა ევროლიგაში 10 მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ 25.6 წუთში 7.9 ქულას, 2.5 მოხსნას, 1.6 პასს და 1.0 ჩაჭრას აგროვებდა. თურქეთის ჩემპიონატში მანუჩარმა 20 შეხვედრა ჩაატარა და მისი საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 24.1 წუთი, 9.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.9 პასი.
ცსკა-ს ვებ-გვერდი მარკოიშვილის კარიერის მოკლე მიმოხილვასაც გვთავაზობს. ქართველ კალათბურთელს მოგებული აქვს ოქროს მედლები საქართველოში (2002
მარკოიშვილი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფლანგურ მოთამაშედ ითვლება, აქვს ჩინებული შორეული ტყორცნა, კარგად ხედავს მოედანს და დაცვაში ხისტად თამაშობს. მრავალი წელია იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გახლავთ და გასულ – 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ ოთხ მატჩში საშუალოდ 33.3 წუთში 13.0 ქულას, 2.8 მოხსნას, 2.0 პასს და 1.0 ჩაჭრას აგროვებდა.
ახლა კი, კომენტარებიც. თავდაპირველად, ცსკა-ს ახალი მთავარი მწვრთნელის დიმიტრის იტუდისის ნააზრევს გავეცნოთ, შემდეგ კი, თავად – მარკოიშვილის.
დიმიტრის იტუდისი: “მოხარულნი ვართ, რომ ისეთი ენერგიული და ჟინიანი მოთამაშე მივიღეთ, როგორიც – მანუა. გასულ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში მის ასპარეზობას ყურადღებით ვაკვირდებოდი. ამას გარდა, მისი თამაში “კანტუში” და საქართველოს ნაკრებშიც მინახავს. დარწმუნებული ვარ, კარგად გამოვიყენებთ მის ენერგიას, ჟინს, თავდადებულობას და უნარს, მეურვეობა ნებისმიერ მეტოქეს გაუწიოს. მისი ფიზიკური მონაცემები დაცვაში ძალიან დაგვეხმარება. ამას გარდა, მარკოიშვილი ჩინებული შემტევია. იმედი მაქვს, გუნდის სხვა მოთამაშეები, მწვრთნელები და პერსონალი მას ადაპტაციაში დაეხმარებიან და იგი არმიული ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება”.
მანუჩარ მარკოიშვილი: “მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ ცსკა-სგან წინადადებას მივიღებდი, თუმცა კი, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ამდენად, როდესაც შემომეხმიანენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთი სული მაქვს, როდის მოვირგებ გუნდის მაისურს და დიდი ორგანიზაციის წევრი გავხდები. დროს ვაჩქარებ, რათა ეს მალე მოხდეს. სასიამოვნოა, რომ ოცნება ამიხდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა მატჩში გამარჯვება ვიზეიმოთ. ვიცი, რომ ბევრი მუშაობა მომიწევს, თუმცა, ეს მხოლოდ მახარებს, რადგანაც უმაღლესი მიზნების მიღწევის შანსი მექნება. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!”.