მანუჩარ მარკოიშვილმა მოსკოვის ცსკა-ს მაისურით მე-2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და უკვე წარმოაჩინა, რომ რუსულ გრანდს იგი ტყუილად არ გადაუყვანია – ბერძნულ “ტრიკალასთან” მატჩში ქართველმა კალათბურთელმა 17 წუთში 17 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ ცსკა შეკრებაზე ბერძნულსავე კარპენისში იმყოფება, ტრიკალელებთან მატჩი კი უფრო ვარჯიშს გავდა, რომელიც მოსკოველებმა 103:65 (28:21, 23:15, 31:17, 21:12) მოიგეს.
მარკოიშვილი რუსული კლუბის სასტარტო ხუთეულში ამჯერადაც არ ყოფილა, თუმცა, შეხვედრის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე გახდა. მანუჩარმა 5-ვე სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 17 ქულას 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. შედეგად, ქართველი კალათბურთელის ეფექტურობის კოეფიციენტმა 20-ს უწია.
ცსკა-ს მხრიდან 10 და მეტი ქულა, ჯამში, ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო: მარკოიშვილი (17), უიმსი (13), ზოზულინი (11), ვორონცევიჩი (11), ნიკოლსი (10), კორობკოვი (10).
რუსული გრანდი მომდევნო საკონტროლო მატჩსაც საბერძნეთში ჩაატარებს. 19 სექტემბერს ცსკას მეტოქე თურქული “ბანვითი” იქნება.