ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია მაისში, ათი დღით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და ჩიკაგოში, ამერიკელ მოჭიდავეებს მასტერკლასებს ჩაუტარებს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია ამერიკელმა ვეტერანმა მოჭიდავემ, დევიდ ქერბიმ პირადად მიიწვია და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამის შესახებ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასაც დაწვრილებით აცნობა.
კვირკველიას კემპი ათდღიანი პროგრამის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია. გარდა ამისა, გაიმართება ოფიციალური შეხვედრები, საჩვენებელი ჭიდაობები და უმთავრესი ღონისძიება – დევიდ ქერბის თასის გათამაშება, რომელშიც ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ქართველი კლასიკოსი სავარაუდოდ, მსოფლიოს შვიდეულის ლიდერი იქნება.
“სავიზო საკითხიდან დაწყებული, ყველა დეტალს ამერიკული მხარე აგვარებს. ჩვენი ჭიდაობის ფედერაციაც საქმის კურსშია და უკვე გადაწყვეტილია, რომ მე და ბეგი დარჩია თვრამეტ მაისს გავემგზავრებით ჩიკაგოში. სიმართლე გითხრათ, პროგრამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. ალბათ, დატვირთული გრაფიკი იქნება, მაგრამ ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” მანუჩარ კვირკველიამ.
ოთარ მაღლაკელიძე