გასული წლის ივლისში, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ლუიშ ანტონიუ ვენკერ დე მენეზეში, ანუ მანო მენეზეში დაინიშნა. იგი ფეხბურთელის კარიერით ვერ დაიკვეხნის (თამაშს 24 წლისამ დაანება თავი), მწვრთნელობისას კი “გრემიოსა” და “კორინთიანსის” დამრიგებლობის დროს კარგ შედეგს მიაღწია. მენეზეშის წინამძღოლობით, ბრაზილიელებმა აშშ-ის, ირანისა და უკრაინის ნაკრებებს სძლიეს, არგენტინასა და საფრანგეთთან კი ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ. გთავაზობთ, Bild-ის ინტერვიუს სელესაოს დამრიგებელთან.
- სეუ მანო, გითანაგრძნობთ.
- ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ?!
- მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2014 წელს ბრაზილიაში ჩატარდება, პენტაკამპეონთაგან კი ტორსიდა მხოლოდ პირველობას ითხოვს და სხვა შედეგი კატასტროფის ტოლფასი იქნება...
- ოო, საჩემპიონო მოლოდინი მართლაც დიდია და არაფერს დავიშურებთ გულშემატკივართა გასახარებლად. შარშან ბრაზილიის ნაკრები სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ამაზრზენად გამოვიდა და ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა.
- ბრაზილია უკანასკნელად მსოფლიოს ჩემპიონი 2002 წელს გახდა. როგორ აპირებთ ანალოგიური მიღწევის გამეორებას?
- ახალი ნაკრების ჩამოყალიბებით. ბევრ ფეხბურთელს გამოვცდით. ეროვნულ გუნდში მოხვედრის კანდიდატთა სია 60 მოთამაშით განისაზღვრება. ნებისმიერ მათგანს ყურადღებით დავაკვირდებით და თავის გამოჩენისა და ნაკრებში დამკვიდრების შანსს მივცემთ.
- ამის მიუხედავად, ნაკრების ბირთვი უკვე განსაზღვრული გექნებათ. ვის მიიჩნევთ სელესაოს საკვანძო მოთამაშედ?
- რამდენიმე ფეხბურთელს. რეალელი კაკას და ბარსელონელი დანი ალვეშის დიდი იმედი მაქვს. “სანტოსის” წევრი - ნეიმარი საფეხბურთო ტალანტითაა დაჯილდოებული. ხოლო “მილანის” ფორვარდ რობინიოს, თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესების დიდი რეზერვი აქვს.
- ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, თქვენმა წინამორბედმა დუნგამ სამხრეთ აფრიკაში რონალდინიო არ წაიყვანა, “ფლამენგოს” ამჟამინდელ ფორვარდს კვლავ ნაკრებში უხმეთ. რას მივაწეროთ “კიჭას” სელესაოში დაბრუნება?
- ერთადერთ რამეს – რონალდინიო განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელსაც, საფეხბურთო მინდორზე შემოქმედებითი ნიჭის წყალობით, მარტოს შეუძლია მატჩის შედეგზე ჩვენთვის სასიკეთო ზეგავლენის მოხდენა.
- 2014-ში ლუსიუ უკვე 36 წლისა იქნება. მას კვლავინდებურად მუნდიალზე გამოსვლის კანდიდატად მოიაზრებთ?
- ლუსიუ უტეხი ხასიათის ადამიანია. მისი ოსტატობის გათვალისწინებით, დიდი შანსია, სამშობლოში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს. ამასთან, ვერც ლუსიუს და ვერც ნებისმიერ მოთამაშეს, ნაკრებში დამკვიდრების და მუნდიალზე გამოსვლის გარანტიას ვერ მივცემ.
- აგვისტოში, შტუტგარტში, გერმანიის ნაკრებთან მოგიწევთ თამაში. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ მატჩს?
- ძალიან დიდს. ტომას მიულერს მუნდიალის ნახევარფინალში რომ ეთამაშა, გერმანია ფინალში გავიდოდა. ინტერესით ველი ალემანებთან დაპირისპირებას, მით უმეტეს, ბებია მყავდა გერმანელი. მანამდე კი, კოპა ამერიკაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გვაქვს ჩასატარებელი.
გოჩა კაჭარავა