ინგლისის “მანჩესტერ სიტის” იტალიელი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი გულდაწყვეტილია, რადგან კლუბის ხელმძღვანელობამ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მისი დათხოვნის შესახებ უყურადღებოდ დატოვა და ის ოფიციალურად არ უარყო.
პრესაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ახალი სეზონიდან “ეტიხად სტედიუმზე” მომავალი სეზონიდან “მალაგას” ჩილელი თავკაცი მანუელ პელეგრინი იმუშავებს (მას ფრანგულ პსჟ-შიც უწინასწარმეტყველებენ მუშაობას). ზოგი უფრო შორსაც წავიდა და ირწმუნებიან, რომ მხარეები თანამშრომლობაზე უკვე შეთანხმდნენ. ამ ფონზე მანჩესტერელთა ხელმძღვანელობის დუმილი იტალიელისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.
“არ მესმის, რატომ არ დაუსვა წერტილი კლუბის ხელმძღვანელობამ ამ ჭორებს. დარწმუნებული ვარ, საქმე სერიოზულ ხალხთან მაქვს და მიუხედავად თასის ფინალში განცდილი მარცხისა, ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ. დაახლოებით ორ კვირაში სეზონი დასრულდება და ზუსტად გავიგებთ, თუ აქვს რაიმე საერთო რეალობასთან გავრცელებულ ხმებს. კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ვინ ითამაშა ამ სეზონში ჩვენზე უკეთ? “მანჩესტერ იუნაიტედმა” და “სუონსიმ”, სხვას უბრალოდ ვერც ვიხსენებ” - განუცხადა Sky Sports-ს მანჩინიმ.
“სიტიმ” ინგლისის თასის ფინალში მარცხი გუშინ “უიგანთან” განიცადა (0:1). პრემიერლიგაში გუნდი ქვეყნის ჩემპიონ “იუნაიტედის” შემდეგ მე-2 ადგილზეა, უახლოეს მდევარ “ჩელსის” 3 ქულით უსწრებს, ოღონდ მანჩესტერელებს 2 თამაში აქვთ ჩასატარებელი, ლონდონელებს კი - ერთი.