ლუის ვან გაალის მოსვლის შემდეგ, ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ რომელ ფეხბურთელს დაიმატებს “მანჩესტერ იუნაიტედი” და ვის შეელევა კლუბი.
აღნიშნულ თემაზე საუბარი სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღესვე დაიწყო, მაგრამ, დღემდე, თავისუფალი აგენტების – ნემანია ვიდიჩის, რიო ფედრინანდისა და პატრის ევრას გარდა, მანჩესტერელთა რიგები არცერთ გამორჩეულ ფეხბურთელს დაუტოვებია.
გუშინ კი, Eurosport-მა იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ახალი კლუბის ძიება მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ გუნდი არ აპირებს იაპონელი შინჯი კაგავას გასხვისებას, რომელიც “იუნაიტედიდან” აბარგების მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა. იგი გუნდში დარჩება და კონკურენციას ანდერ ერერასა და ხუან მატას გაუწევს.
აღნიშნულ სიაში შვიდი ფეხბურთელია – მარუან ფელაინი, ვილფრედ ზაჰა, ლუიშ ნანი, უილ კინი, რაფაელი, ანდერსონი და ხავიერ ერნანდესი. ვან გაალმა ხსენებულ მოთამაშეებს აუხსნა, რომ მათი იმედი მომავალ სეზონში არ აქვს და ტრანსფერზე დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ ანდერ ერერასა და ლუკ შოუს დამატების შემდეგ, მანჩესტერული კლუბი მადრიდის “რეალიდან” ანხელ დი მარიას შეძენას ცდილობს.
ლევან გოგოტიშვილი