დღე არ გავა, ევროპულ გამოცემებში არ დაიწეროს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. ამჯერად ერთ-ერთმა ბრიტანულმა წყარომ მანჩესტერელთათვის სასურველი მორიგი კანდიდატურაც დაასახელა - იურგენ კლოპი.
დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცის კანდიდატურაზე ოფიციალურად ჯერ არავინ საუბრობს, ისევე, როგორც ანალოგიურ ასპექტში ნახსენებ ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებელ ლუი ვან გაალზე.
შეგახსენებთ, იურგენ კლოპისა და „ბორუსიას“ მოქმედ კონტრაქტს ვადა 2018 წელს ეწურება. ახლახან სპეციალისტით „ბარსელონას“ ხელმძღვანელობის დაინტერესების თაობაზეც გავრცელდა ხმები, მაგრამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე უმალ დაიდო კლოპის კომენტარი, რომ ხელშეკრულების ამუწურვამდე დორტმუნდიდან წასვლას არ აპირებს.