ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედმა” გუნდის თავდამსხმელ უეინ რუნის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, შეთანხმების გახანგრძლივების სანაცვლოდ, რომელსაც ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება, 28 წლის ფეხბურთელი ხელფასის მომატებას ითხოვდა, მაშინ, როდესაც მისი ამჟამინდელი ანაზღაურება კვირაში 250 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამასთან, ის კონტრაქტის 5 წლით გახანგრძლივებას ითხოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუნი ძალიან კარგ ფორმაშია, “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობამ მისი მოთხოვნები მიუღებლად მიიჩნია. წყაროს ცნობით, მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა, კლუბი მის გაყიდვას უახლოეს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ აპირებს. ინგლისის ეროვნული გუნდის ფორვარდის შეძენა ლონდონის “ჩელსის” და ფრანგულ პსჟ-ს სურთ.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 8 მატჩში რუნიმ 4 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.