“ოლიმპიაკოსის” სტადიონზე თამაში იოლი გასეირნება არაცერთი გუნდისთვისაა და განსაკუთრებით ეს დღევანდელ “მანჩესტერს” ეხება, რომელმაც, დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით, თავისი თამაში ვერაფრით იპოვა. ამის მიუხედავად, “გეორგიოს კარაისკაკის” სტადიონზე “წითელი ეშმაკების” ასეთი უსუსური თამაში მოულოდნელობა იყო.
საბერძნეთში გამართულ მატჩში, “მანჩესტერმა” 0:2 წააგო და 1/4-ფინალში გასვლა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
პირველ ტაიმში მასპინძლები უფრო აქტიურობდნენ, ხოლო სტუმრები ბურთის საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაკარგვით იყვნენ დაკავებულნი. “ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელების აქტიურობამ შედეგი 38-ე წუთზე გამოიღო, როდესაც მანიატისის დარტყმის შემდეგ, დომინგესმა ბურთს მიმართულება შეუცვალა, ორიენტაციადაკარგულმა დე ხეამ რეაგირება ვეღარ მოასწრო და ანგარიში გაიხსნა.
“მანჩესტერის” გულშემატკივრები თამაშის მე-2 ტაიმში გამოსწორებას ელოდნენ, მაგრამ შეხვედრის განახლებიდან 10 წუთში, დე ხეას კარგი მე-2 გოლი გავიდა. ბერძნების მორიგი შეტევის დროს, “არსენალიდან” “ოლიმპიაკოსში” განათხოვრებულმა ხოელ კემპბელმა კერიკი მოხდენილი მოძრაობით მოატყუა და დაახლოებით 25 მეტრიდან მოჭრილი დარტყმით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
დევიდ მოიესის შეგირდებმა თამაშის მიწურულს გაიხსენეს, რომ გოლის გასატანად სახიფათო მომენტების შექმნაა საჭირო და ბოლო წუთებზე მეტოქის კართან სიტუაცია რამდენჯერმე გაამწვავეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვან პერსის დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ სხვაობის შემცირება ვერც ჰოლანდიელმა მოახერხა და ვერც მისმა თანაგუნდელებმა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, სამმა ინგლისურმა გუნდმა ითამაშა და სამივე ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ამას ემატება ევროპის ლიგაზე “ტოტენჰემის” ასევე მშრალად წაგება.
მასპინძლებმა 2 გოლი გაიტანეს დღის მე-2 შეხვედრაშიც, მაგრამ თავად 4 გაუშვეს და გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ “ზენიტმა” 1/4-ფინალის საგზური “დორტმუნდს” უკვე დაუთმო.
“დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც გასვლითი მატჩის პირველ 5 წუთში 2 გოლის გატანა მოახერხა. “პეტროვსკიზე” გამართული მატჩის საწყის წუთებში, მასპინძლები ბევრ შეცდომას უშვებდნენ, რითიც კლოპის შეგირდებმა კარგად ისარგებლეს. მე-4 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს როისის საჯარიმოში შეჭრას ახლო მანძილიდან მხითარიანის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ერთ წუთში, გოლი თავად როისმა გაიტანა, როდესაც, კვლავ მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, გროსკროიტცის გადაცემა გამოიყენა და ბურთი ახლო კუთხეში მოათავსა.
“ზენიტმა” ერთი ბურთის გაქვითვა 57-ე წუთზე მოახერხა, როდესაც სტუმართა საჯარიმოში არსებული არეულობით შატოვმა ისარგებლა. თუმცა, 4 წუთში, დორტმუნდელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და პიშჩეკის გადაცემის შემდეგ, ახლო მანძილიდან, თავი ლევანდოვსკიმ გამოიჩინა.
69-ე წუთზე, ლუკას პიშჩეკმა, საკუთარ საჯარიმოში, თამაშის წესები დაარღვია და ჰალკს თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან თავის გამოჩენის საშუალება მისცა. სანკტ პეტერბურგელებს გატანილი გოლით გახარება კვლავ ლევანდოვსკიმ არ აცადა, რომელმაც 71-ე წუთზე როისის გადაცემა მიიღო და მეკარისგან შორეულ ქვედა კუთხეში ზუსტი დარტყმით შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ზენიტი-დორტმუნდი 2:4 (0:2)
სანკტ პეტერბურგი, “პეტროვსკი” 15099
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, ანიუკოვი (სმოლნიკოვი 84), ნეტო, ლომბაერტსი, კრიშიტო, ვიტსელი, ფაიზულინი (კერჟაკოვი 84), ჰალკი, შატოვი, არშავინი (ტიმოშჩუკი 15), რონდონი.
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, ფრიდრიხი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, კელი, შაჰინი, გროსკროიტცი (დურმი 90+1), მხითარიანი (ობამეიანგი 70), როისი (ჰოფმანი 85), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გოლები: 0:1 მხითარიანი (4), 0:2 როისი (5), 1:2 შატოვი (57), 1:3 ლევანდოვსკი (61), 2:3 ჰალკი (69, პენ), 2:4 ლევანდოვსკი (71).
გაფრთხილებები: ანიუკოვი 54, ფაიზულინი 81 – პიშჩეკი 69.
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 8 (6)-15 (12), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 8-4, ჯარიმა: 15-16.
ოლიმპიაკოსი-მანჩესტერი 2:0 (1:0)
პირეოსი, “გეორგიოს კარაისკაკი”
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): ხიმენესი, სალინო, მანოლასი, მარკანო, ჰოლებასი, მანიატისი, ნდინგა, კემპბელი (ფუსტერი 67), დომინგესი (მაჩადო 76), პერესი (ვალდესი 86), ოლაიტანი.
მწვრთნელი: მიჩელი.
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, კლევერლი (კაგავა 61), კერიკი, ვალენსია (უელბეკი 60), რუნი, იანგი, ვან პერსი.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
გოლები: 1:0 დომინგესი (38), 2:0 კემპბელი (55).
გაფრთხილებები: ევრა 3, ფერდინანდი 90.
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 12 (8)-5 (2), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-6, ჯარიმა: 10-11.