ინტერვიუები

20:15 | 8.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა ღონღაძე: „მჯერა, ჩემი დროც მოვა!“

ლატვიის ვირსლიგაში (იგივე უმაღლესი ლიგა) გუშინ გამართული ტურის ცენტრალური შეხვედრა რიგაში შედგა, სადაც ადგილობრივი „სკონტო“ გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, დაუგავპილსის „დაუგავას“ მასპინძლობდა.  ამ მატჩის შედეგი ბევრისთვის ერთობ მოულოდნელი გამოდგა. „სკონტომ“ დიდი ანგარიშით - 3:0 სძლია ამბიციამოძალებულ მეტოქეს. მაგრამ „დაუგავას“ ამ წაგებით ლიდერობა არ დაუკარგავს, 13 მატჩიდან 25 ქულით ისევ სატურნირო ცხრილის თავშია.
ამ დილით „მსოფლიო სპორტი“ დაუგავპილსელთა ქართველ შემტევს მამუკა ღონღაძეს  დაუკავშირდა, რომელმაც რიგაში თავისი გუნდის წარუმატებლობა ასე ახსნა:
- ვიცოდით, რომ „სკონტოსთან“ ურთულესი ბრძოლა გვექნებოდა და სათანადოდ ვემზადეთ. შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ სათამაშო უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ოღონდ ბედი არ გვწყალობდა. რიგელებმა სამივეჯერ კონტრშეტევაზე გამოგვიჭირეს. პირადად მე ორჯერ გავედი ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ ვერ შევაგდე. ჩემპიონატში მეორედ დავმარცხდით, თუმცა ამისგან ტრაგედიას არ ვქმნით. მომდევნო ტურებში ლიდერობა უნდა გავიმყაროთ.
- მამუკა, ლატვიელმა ჟურნალისტებმა  მაისის თვის  საუკეთესო მოთამაშედ გაღიარეს. როგორ აღიქვი ეს ამბავი?
- რა თქმა უნდა, გამიხარდა. ლატვიის ჩემპიონატში ხომ ძალიან ბეცრი უცხოელი თამაშობს, მათ შორის საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელებიც არიან. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. წინა თვის ოთხ კალენდარულ მატჩში 6 ბურთი გავიტანე.
- ცხადია, ჩემპიონატის ბომბარდირობის დათმობას არ აპირებ...
- ძალიან მინდა ბომბარდირობა ბოლომდე შევინარჩუნო. ჯერჯერობით 9 ბურთი მაქვს გატანილი. იაპონელი იოსუკე საიტო, რომელიც „გულბენეში“ თამაშობდა, აზერბაიჯანულ „ხაზარში“ გადავიდა, ასე რომ ვეღარ გამასწრებს. მთავარ კონკურენტებად ლიეპაიას „მეტალურგის“  წინახაზელები  კამეში და კოზლოვი მიმაჩნია.
- ათგუნდა ვირსლიგა 36-ტურიანია. შარშან 24 თამაშში 21 გოლი გაიტანე. წელს რამდენს შეძლებ?
- ძნელი სავარაუდოა, არავინ იცის, რა იქნება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შარშანდელ მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბო.
- გათამაშების ცხრილს თუ გადავხედავთ, პირველობის შანსი 5 გუნდს მაინც აქვს, ანუ ვირსლიგის მონაწილეთა ნახევარს.
- აქაურები ამბობენ, რომ ასეთი დაძაბული ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისათვის ჯერ არ უნახავთ. ლატვიის ფეხბურთში ფინანსები მატულობს და  ეს ჩემპიონატსაც ეტყობა. საშუალო დონის უცხოელი ფეხბურთელები  უკვე სიამოვნებით მოდიან ლატვიაში სათამაშოდ. მაგალითისათვის, იურმალას „სპარტაკში“ 7 ლეგიონერია- ორი ბრაზილიელი და ხუთი კოლუმბიელი, ჩემს გუნდში ლეგიონერი ცხრანი ვართ...
- კლუბებისთის ლეგიონერების ლიმიტი არ დაუწესებიათ?
 - ლიმიტი არის, მოედანზე სათამაშოდ  ერთდროულად ხუთ ლეგიონერზე მეტი ვერ გამოვა.
- ბიძინა ცინცაძე რატომ აღარ ჩანს გუნდის ძირითდში?
- ბიძინამ ტრავმის გამო გამოტოვა თამაშები. ვფიქრობ,  ფორმას მალე აღიდგენს და  დაამტკიცებს, რომ ძირითადის ღირსია.
- პარტნიორებიდან ვისთან გიადვილდება ურთიერთობა?
¬- მიხაილ ზიზულევთან. ძალიან გამოცდილი ნახევარმცველია. 35 წლისაა. თავის დროზე დიუსელდორფის „ფორტუნაში“, „ვიჩენცაში“ და ხარკოვის „მეტალისტში“ თამაშობდა. მართლა კარგად ვეწყობით ერთმანეთს, ხშირად მისი გადაცემებით გამაქვს.
- შენს გუნდს მალე ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო თამაშები უწევს...
- ხელმძღვანელობა სამი ეტაპის დაძლევას გვიგეგმავს. ძალიან რთული, მაგრამ არცთუ შეუსრულებელი ამოცანაა.
- ლატვიაში როდემდე აპირებ დარჩენას?
-წესით, ახლაც არ უნდა ვიყო აქ. ამ ზამთარს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო ჩემი უკრაინის უმაღლესლიგელ ლუგანსკის „ზორიაში“ გადასვლა. ახლაც არ ვიცი, ბოლო მომენტში რა მიზეზით ჩაიშალა ტრანსფერი. ასპროცენტიან გარანტიას მაძლევდნენ, თორემ სხვა გზას დავადგებოდი. მე პოლონური „ლეგიადან“ და უნგრული „ვიდეოტონიდან“ მქონდა შემოთავაზებები. ამ სეზონს ლატვიაში ჩავამთავრებ. ძალიან მინდა „დაუგავას“ უმაღლესი ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო. მერე ვნახოთ...
- მამუკა, საქართველოს ნაკრებში თამაშზე თუ გიფიქრია?
- რა დასამალია, მიფიქრია და ვოცნებობ კიდეც. ფეხბურთის თამაში ძალიან გვიან, 16 წლის ასაკში დავიწყე. ამით ბევრი დავკარგე, მაგრამ ყოველთვის წინ, სანუკვარი მიზნისკენ ვიყურები და მჯერა, ჩემი დროც მოვა!


იუზა კაციტაძე

0.168105