ინტერვიუები

18:51 | 25.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა ღონღაძე: “ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშებ”

როგორც იცით, 27 წლის ქართველი ფორვარდი მამუკა ღონღაძე დაუგავპილსის “დაუგავას” ლატვიის შედარებით სუსტ გუნდში, “ილუკსტესში” ჰყავდა განათხოვრებული. ახლა კი დაიბრუნა და ღონღაძეც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. დაუგავპილსის გუნდი, თბილისის “დინამოს” მსგავსად, II ეტაპიდან დაიწყებს.

ღონღაძეს სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი “დაუგავასთან”. “მსოფლიო სპორტი” მამუკას ლატვიაში დაუკავშირდა:

-       3 დღეა, რაც “დაუგავაში” დავბრუნდი. კლუბის პრეზიდენტმა დამირეკა და მითხრა – მივხვდი, ჩვენთვის რა ძალა ყოფილხარო. საქმე ისაა, რომ მოქმედი ჩემპიონი გუნდი ახლა მეხუთე ადგილზეა. 5 თვე დამრჩა აქ სათამაშო და მერე წავალ. თანაც, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ვითამაშებ.

-       “ილუკსტესში”, სეზონის განვლილ ტურებში როგორ შეაფასებთ თქვენს თამაშს?

-       7 მატჩი ჩავატარე და 1 გოლი გავიტანე. თუმცა ყველა თამაშში ისე ვიყავი, რომ შემდეგ მეტოქე გუნდის მწვრთნელები ჩემზე ლაპარაკობდნენ. რიგის “დაუგავას” მწვრთნელი ამბობდა, ღონღაძეს ჩემს გუნდში სიამოვნებით ვიხილავდიო. უბრალოდ, “ილუკსტესში” სულ ახალგაზრდები არიან, გამოცდილება არ აქვთ.

-       5 თვეში წავალო და რატომ არ გინდათ ლატვიაში თამაში?

-       დაუგავპისელთა პრეზიდენტმა კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ არ მინდა ლატვიაში დარჩენა. უკეთეს ჩემპიონატში მსურს გადასვლა. თანაც, ამ ორი წლის განმავლობაში რამდენიმე კლუბისგან მქონდა მოწვევა, მაგრამ პრეზიდენტმა არსად გამიშვა. არადა, ჩემპიონი, საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო თავდამსხმელი გავხდი. მეტი არაფერი დარჩა. დაუგავპილსის “დაუგავა” მანამდე სამეულშიც კი არასოდეს გასულა.

-       ისე, საქართველოს კლუბებიდან არ გქონია შემოთავაზება? როგორც მახსოვს, “სიონიდან” იყო დაინტერესება...

-       საწყენია, მაგრამ არ მქონია. არადა, რომ ყოფილიყო, ალბათ, საქართველოში წამოსვლას გადავწყვეტდი. უბრალოდ, ჩეხეთისა და პოლონეთის კლუბებიდან იყო მოწვევა, საქართველოდან კი, არა. ესაა ცუდი.

0.114492