ინტერვიუები

22:07 | 10.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ჟვანია:“ყველაფერი გამოსწორებადია“

24-ე ეროვნული ჩემპიონატი უმაღლესი ლიგის ზედა და ქვედა ექვსეულებში შაბათს ერთდროულად განახლდა. გათამაშების დასრულებამდე დარჩენილ ორთვე–ნახევარში პლეი ოფშიც და პლეი აუტშიც მძაფრი კონკურენციაა მოსალოდნელი. გუნდები თავისას ეცდებიან და რა გამოუვათ, მეტწილად მათზევე იქნება დამოკიდებული.

პლეი აუტში მეტ–ნაკლებად უდარდელად ახლა მხოლოდ “მეტალურგი“ შეიძლება იყოს. რუსთაველები საგრძნობლად არიან დაწინაურებულნი და არა გვგონია, ქულები ქვედა ლიგაში გასავარდნად გაფლანგონ. პრაქტიკულად განწირულია ფოთის “კოლხეთი“. რაღაც ზესასწაული უნდა მოხდეს, რომ კოლხებმა საკუთარი 90-წლოვანი იუბილე თავაწეულებმა, უმაღლეს ლიგაში დარჩენით აღნიშნონ.

ყველა მონაცემით, ქვეექვსეულის დანარჩენ 4 გუნდს მზის ქვეშ ადგილის შესანარჩუნებლად მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს, ამათ რიცხვშია “მერანიც“. როგორც იცით, პლეი აუტის სასტარტო ტურში მარტვილელებმა საშინაო მატჩი წააგეს ბათუმის “დინამოსთან“. მართალია, ამით ქვეყანა არ დაქცეულა, თუმც ნათქვამია, ეშმაკს არ სძინავსო და “მერანს“ უფრო ფხიზლად ყოფნა მართებს, თორემ შეიძლება დიდ გასაჭირში აღმოჩნდეს. მაგრამ სჯობს ვარაუდებს მოვრჩეთ და მარტვილელთა დამრიგებელ მალხაზ ჟვანიას მოვუსმინოთ. “მსოფლიო სპორტი“ მას ბათუმის “დინამოსთან“ ნამატჩევს ესაუბრა.

- ყველამ იცის, რომ „მერანი“ იშვიათად აგებს შინ, ლიდერ გუნდებთანაც კი. რა იყო ზღვისპირელებთან თქვენი მარცხის მიზეზი?

- თავის მართლებას აზრი არ აქვს, მოსახდენი მოხდა და ახლა წინ უნდა ვიყუროთ. დაშვებული შეცდომები კარგად უნდა გავაანალიზოთ. მთავარი მიზეზი, რამაც მარცხი განაპირობა, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაა. მოხდა ისე, რომ მოსამზადებელ პერიოდში ძლიერი სპარინგები არ გვქონია, მეტოქისგან განსხვავებით, არც უცხოური შეკრება გაგვივლია, ბოლომდე სათანადოდ კონცენტრირებულები არ ვიყავით, შეცვლებმაც არ გაამართლა, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია, ვიმედოვნებ, უახლოეს მატჩებში გუნდი საკუთარ თამაშს მონახავს.

- ამ პერიოდისთვის მერანი“ გასავარდნ ზონას საკმაოდაა მოშორებული, ბიჭები ამით ხომ არ იმშვიდებენ თავს?

- არავითარ შემთხვევაში. ოდნავი მოდუნების უფლებაც არ გვაქვს. ყველა თამაშზე სრული მობილიზება იქნება საჭირო. ჩვენს ქომაგთ იმედები არ უნდა გავუმტყუნოთ.

- ზამთარში გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. თუ შეიძლება, დაგვიკონკრეტეთ...

- მოსამზადებელ პერიოდში “მერანი“ სამმა მოთამაშემ დატოვა, სხვა გუნდებში წავიდნენ გიგა ჟვანია, ნოდარ ნოზაძე და გიორგი მჭედლიშვილი. რაც შეეხება შევსებას, მივიღეთ გამოცდილი გიორგი მეგრელაძე. ასაკის მიუხედავად, მას შეუძლია, დიდი დახმარება გაგვიწიოს. გიორგის გარდა თავდასხმაში დავიმატეთ 20 წლის კამერუნელი კრის ბანება, ვფიქრობ, გამოგვადგება. გუნდში მოვიდნენ აგრეთვე გელა ხუბუა, ბერდია შარვაძე, გაგა გუგუნაშვილი და ლაშა ღონღაძე. ცხადია, ყველა ახალწვეულს მივცემთ თავის გამოჩენის შესაძლებლობას.

- გამოდის, მერანი“ ოპტიმისტურადაა განწყობილი...

- რატომაც არა? მჯერა, უკეთესად ავთამაშდებით.

 

იუზა კაციტაძე

ავტორის ფოტოები

0.156041