"ზუგდიდის" დირექტორი მალხაზ ჭეჟია "მსოფლიო სპორტს" იმ პრობლემებზე ესაუბრა, რაც კლუბს დაუგროვდა და წლიდან წლამდე გრძელდება. გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში მეექვსე ადგილი დაიკავა, ჯერ არ შეკრებილა და საერთოდაც, გაურკვეველია, ვინ იქნება მწვრთნელი, რა კონტინგენტი ეყოლება.
- როგორია კლუბის ფინანსური მდგომარეობა?
- ჯერ კონკრეტული ბიუჯეტის ოდენობაც არ ვიცით. ამ ყველაფერს, რაც დღეს ხდება "ზუგდიდში", ფესვები ადრე აქვს გადგმული. მე არ ვუშვებ იმას, რომ "ზუგდიდში" ფეხბურთი მოკვდეს და გუნდი არ ჰყავდეს. ეს წარმოუდგენელია. უბრალოდ, განვიცდი იმას, რომ ქალაქში, რომელიც ფეხბურთის საბადოა, სულ პრობლემებია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მხარში დაგვიდგა, მაგრამ ზუსტად ჯერ არც ვიცით, რა თანხა იქნება. შესაბამისად, ვერც შემადგენლობაზე ვამბობ რამეს, ვერც მწვრთნელზე და ვერც მოსამზადებელ ეტაპზე.
- გამოსავალი?
- ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა და უკეთესობა იქნება. ამის მჯერა. ქვეყანაში გარდამავალი ეტაპია, ეკონომიკაში შეფერხებაა და ეს ფეხბურთსაც ეხება. კიდევ ვამბობ, ერთი წამითაც არ ვუსვებ იმას, რომ ზუგდიდში ფეხბურთი ჩამკვდარი იყოს. პირიქით, ძლიერი, კონკურენტუნარიანი გუნდის გაკეთება გვსურს და ეს მთლიანად ქვეყნისთვის იქნება კარგი.
- ვის ადანაშაულებთ იმაში, რომ კლუბი ამ ზომამდეა მისული?
- პირდაპირ ვიტყვი: ყოფილ ხელისუფლებას. რაზე ვილაპარაკო, როცა სტადიონი დაანგრიეს და ახლა იქ უბრალო სასეირნო ადგილიღა დარჩა. განმუხურის სტადიონი რომ აშენდა, ის თურმე ზუგდიდისა არ ყოფილა. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ კლუბს დაუმტკიცდეს. სოფელ ზედაეწერის სტადიონს (ზუგდიდიდან ახლოსაა, სვანეთის გზატკეცილზე) ბაზად გამოვიყენებთ: ძირითადი გუნდი ივარჯიშებს, ხოლო დუბლები და ჭაბუკები საშინაო მატჩებს გამართავენ. კიდევ, არის რუხის საწვრთნელი ბაზა. გუნდში იანვარში მივედი და კატასტროფული მდგომარეობა იყო. კლუბს არ ჰქონდა ოფისი, ელემენტარული კომპიუტერიც კი. ზოგიერთი რამ გაკეთდა, მაგრამ დღესაც გვიჭირს. ისევ იმედით ვცხოვრობ, დავდივარ, ხალხს ვაწუხებ და ვუხსნი, რომ არ შეიძლება ზუგდიდში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ასეთ დონეზე იყოს.
- ანუ, თქვენ და მუნიციპალიტეტი მუშაობთ? სპონსორის მხრივ ჯერ არაფერი ისმის?
- როცა ეს სამივე სტადიონი ჩვენ კუთვნილებაში იქნება, სპონსორიც დაინტერესდება.
- ფეხბურთელებს წასვლაზე უჭირავთ თვალი?
- ჯერჯერობით, ოფიციალურად არავინ წასულა.
- კი, მაგრამ კონტრაქტის პირობებს თუ არ შეუსრულებენ, ხომ აქვთ უფლება, რომ წასვლა მოითხოვონ?
- კონტრაქტის პუნქტები არ დაგვირღვევია. 25 ივნისსაც რომ დავიწყოთ მზადება, კატასტროფა არ იქნება. ამ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა. სასიკეთოდ უნდა გადაწყდეს ყველაფერი. ბოლო წლებში 31 ადგილობრივი ფეხბურთელია წასული გუნდიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდი ფეხბურთის საბადოა. ჩვენ "ბილბაოსავით" ვართ, სულ ადგილობრივებით გავდივართ ფონს და მიუხედავად ამდენი გაჭირვებისა, გუნდი რაღაცას ახერხებს. კარგი პირობები რომ იყოს, არ გადავაჭარბებ, მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელებითაც თავისუფლად შეიძლება სამეულში შესვლა.