ფეხბურთი

13:04 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ჭეჟია: "მაქაცარიაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს"

 

ერთი კვირაა საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "ზუგდიდში" დიდი აჟიოტაჟია. ძირითადი პრობლემა ისაა, რაც ქართული კლუბების უმეტესობას აწუხებს. თუმცა გულშემატკივრებისა და გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა, გუნდი რომელიც ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო, ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში აუტსაიდერთა რიგებშია. და თუ ასე გააგრძელა, პირველ ლიგაში გავარდნის საფრთხეც რეალური იქნება.

"ზუგდიდის" ცუდ შედეგს ისიც ემატება, რომ გუნდი ძალიან უფერულად თამაშობს. კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია ბოლო შეხვედრაში, საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასზე პირველიგელ ხობის "კოლხეთთან" მარცხმა.

გულშემატკივრები გუნდს შედეგის გამოსწორებას სთხოვენ და გვერდში უდგანან, გუნდის მწვრთნელის და პრეზიდენტის თქმით კი - ისინი ყველა ძალას ხმარობენ ამ რთული მდგომარეობიდან "ზუგდიდის" გამოსაყვანად. ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი როლანდ მაქაცარია გუნდის წარუმატებელი გამოსვლის მთავარ მიზეზად კლუბის დირექტორს მალხაზ ჭეჟიას ასახელებს. “მსოფლიო სპორტი” მალხაზ ჭეჟიას ზუგდიდში დაუკავშირდა და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

- ერთი კვირაა პრესის სხვადასხვა საშუალებით შუქდება "ზუგდიდში” არსებული პრობლემები. რა ხდება ამ ეტაპზე კლუბში?

- სამწუხაროდ, პრესის ზოგიერთი წარმომადგენელი მოვლენებს არასწორად აშუქებს და წერს იმას, რაც თვითონ სურს. რა თქმა უნდა, არის პრობლემები და მთავარი პრობლემა ფინანსური მხარეა, რაც თითქმის ყველა ქართულ კლუბს აწუხებს. პრობლემაა ასევე სტადიონი. ზუგდიდის სტადიონი გაანადგურეს და რაზე უნდა ვილაპარაკოთ.

-  რას იტყოდით თქვენსა და როლანდ მაქაცარიას დაპირისპირებაზე? მან თქვენ გუნდის დაშლაში დაგადანაშაულათ.

- ამ ადამიანზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. მე კონსტრუქციულ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ, მაგრამ ბინძურ ტყუილებს და ბრალდებებს - არა. რაც გავაკეთე გუნდისთვის, ყველამ შეგიძლიათ ნახოთ. ყოველნაირად მოშლილი გუნდი ჩავიბარე და 8 თვეში, ასეთი დაფინანსებით რაც გუნდს აქვს, ვერავინ ვერაფერს იზამდა.

- სპონსორის გამოჩენის შანსი თუ არის?

- ვმუშაობთ ამაზე, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროზეა დამოკიდებული. გუნდს განმუხურის სტადიონი უნდა გადაეცეს და აჯობებდა, ამაზე ილაპარაკოს მაქაცარიამ.

- და ბოლოს, დღეს "ზუგდიდი" საკმაოდ ანგარიშგასაწევ გუნდს - ქუთაისის "ტორპედოს" მასპინძლებს, არსებული პრობლემების ფონზე რა შანსი გაქვთ "ტორპედოსთან"? რას პირდებით ზუგდიდელ გულშემატკივრებს?

_ აუცილებლად მოვიგებთ! რაც შეეხება გულშემატკივრებს, მიყვარს თითოეული მათგანი, ვაფასებ მათ თანადგომას და თითოეული თამაშის მოგების დასწრებას ვუსურვებ. მე საამისოდ ყველაფერს ვაკეთებ.

 

ედემ ელერჯია

0.119476