საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე “ზუგდიდის“ დირექტორი მალხაზ ჭეჟია, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს, არსებულ პრობლემებზე და სამომავლო პერსპექტივაზე ესაუბრა.
- გუნდმა ფინანსური პრობლემებს თავი ვერც ამჯერად დააღწია. ამასთან ერთად, უკვე სხვა პრობლემების გამოც, ხელს თქვენსკენ იშვერენ. უფრო კონკრეტულად, დღესდღეობით კლუბში რა ვითარებაა?
- არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: გუნდის ნომერ პირველი პრობლემა დღეისათვის უფინანსობაა და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ყველანი გამოსავლის ძებნაში ვართ. არცერთ ნორმალურ ადამიანს და მითუმეტეს ხელმძღვანელს, არანაირად არ უნდა აწყობდეს მსგავსი სიტუაცია გუნდში და ყველას სურვილია, საკუთარი კლუბი ნორმალურად წარდგეს ეროვნულ ჩემპიონატში. არ მინდა, რაღაც მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალოთ და ფეხბურთის ქომაგები გადავღალო ერთი და იგივე განცხადებით, თუმცა სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას, რაზეც გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. იმედია, მეტი აღარ დაგვიჭირდება, რომ ამ თემას ისევ მივუბრუნდეთ. ის მემკვიდრეობა, რაც გუნდში ჩემი მოსვლისას დამხვდა, აუცილებლად საჭიროებს ახსნას და სწორ ანალიზს. მართალია, გუნდს ჰქონდა შედეგი და ზედა ექვსეულშიც ადგილი დაბევებული, მაგრამ საკითხავია, ეს ყველაფერი რის ფასად მოხდა. როგორც ჩანს, განვლილი სეზონის პირველ ეტაპზე, საბიუჯეტო სახსრებიდან გუნდში თანხები მაქსიმალურად იყო გახარჯული. მეორე ეტაპზე ჩვენ გუნდს უზარმაზარი ვალები გადმოჰყვა. ჩემი, როგორც დირექტორის რანგში მოსვლისას (2013 წლის იანვარი), საგაზაფხულო სეზონზე ჩვენი ბიუჯეტი 700 000 ლარი იყო, აქედან 220 000 ლარი, წინა ორი თვის (2012წლის ნოემბერ-დეკემბრის) ხელფასების დავალიანების დასაფარად გავეცით. ამასთან ერთად, გუნდში სხვა დავალიანებებიც არსებობდა და მეორე ეტაპზე, არსებობა 400 000 ლარით მოგვიწია. გულშემატკივრები შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ. ეს თანხა მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდზე კი არ იყო გათვალისწინებული, არამედ, ამ ბიუჯეტით უნდა დაგვეკმაყოფილებინა დუბლები, ჭაბუკთა ლიგის გუნდები და ბავშვთა გუნდები. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მწირი ბიუჯეტით, ყველა გუნდს ნორმალურად უნდა ჩაემთავრებინა ეროვნული ჩემპიონატი.
- თუ ბიუჯეტი არასაკმარისი და მწირი იყო, მაშინ ზამთარში გუნდი უცხოურ შეკრებაზე რატომ წაიყვანეთ? თურქეთში რომ არ წასულიყვნენ, თანხა ხომ დაიზოგებოდაო, გსაყვედურობენ ოპონენტები.
- ზუსტად ამათზეა ნათქვამი: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”. იმ ხალხს, რომელიც არაპროფესიანილიზმში მადანაშაულებს, მინდა ვკითხო, ზედა ექვსეულში მოხვედრილ გუნდს, სჭირდებოდა თუ არა სრულფასოვანი მომზადება? მათი ლოგიკით, გუნდი არ უნდა წაგვეყვანა ანთალიაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენს კლუბს უმაღლესიდან გავარდნა არ ემუქრებოდა და საპრიზო სამეულისთვისაც ძალა არ შეგვწევდა. უბრალოდ, ასეთ მიდგომას თუ ჰქვია პროფესიონალიზმი, პასუხი გულშემატკივრებისთვის მომინდვია. მე იმაზე ვწუხ, რომ 25-ე ეროვნულ ჩემპიონატშიც, ფინანსურ პრობლემებს ვერ გავექეცით და გუნდი ამ სეზონს მოუმზადებლად შეხვდა. თორემ, ამ საკითხით თუ ვინმეა დაინტერესებული, თურქულ შეკრებაზე რამდენი დავხარჯეთ, მზად ვარ დოკუმენტურად გავაცნო ყველა დეტალი. უბრალოდ, მინდა დაინტერესებულ მხარეს ვუთხრა, რომ ბევრად ნაკლები თანხები გაიხარჯა, ვიდრე იმ პირობებით საქართველოში მოუწევდა გუნდს მზადება. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე, ჩვენი გუნდი “ბაიას” ბაზაზე ემზადებოდა და ამაშიც სოლიდური თანხები იხარჯებოდა. მეორე ეტაპზე კი, როცა უკვე მე ვიყავი კლუბის ხელმძღვანელი, ზემოთ ნახსენები იმ მწირი ბიუჯეტის ფონზე, კლუბს სავარჯიშოდ “ბაიას” ბაზის დაქირავება არ შეეძლო. ამიტომ, თურქეთიდან დაბრუნებისთანავე ერთიანად შევუდექით “რუხის” ბაზის მოწესრიგებას და არ მინდა ტრაბახში ჩამომართვას ვინმემ, მაგრამ საკუთარი სახსრებით, აქ სველი წერტილები გავარემონტე. მართალია, მინდვრის საფარი დღესაც არასახარბიელო მდგომარეობაშია და სრული მოწესრიგება სჭირდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ამასთანავე, მსაყვედურობენ, რომ ხელფასისა და პრემიების თანხა უაზროდ გავფლანგე. ამაზე კომენტარის გაკეთება ისედაც ზედმეტია, ვინაიდან, რაც არ გაგვაჩნია, როგორ უნდა გაგვეფლანგა? რაც შეეხება სათამაშო ფორმებთან დკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს. იმ სათამაშო ფორმებით, რაც გუნდში დამხვდა, სარგებლობდნენ არა მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდი, არამედ, დუბლები და ჭაბუკთა ლიგის გუნდებიც. შესაბამისად, ეს ფორმები წელს ვერ გამოდგებოდა. წინა წელს შეძენილი კიდევ ორი კომპლექტი “ნაიკის” სათამაშო ფორმა, რომელიც გუნდს ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა მიეღო, თანხის გადაუხდელობის გამო თბილისში აწყვია. როგორც კი, სახსრები გაჩნდება,მას ჩამოვიტანთ და გუნდს მოვახმართ. დღეისათვის, გუნდს “სალერის” ფორმები აცვია. იყო თავიდან რაღაც გაუგებრობები, მაგრამ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდა. ვწუხვარ, ასეთ თემებზე დეტალურად რომ გვიწევს საუბარი, მაგრამ რეალობამ ასე მოიტანა. ეგვიპტელ ლეგიონერს, რომელმაც ჩვენს გუნდს საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცა, კიდევ ერთხელ, კლუბის სახელით მადლობას ვუხდით.
- გასაგებია, რომ გუნდს ფინანსურად უჭირს და ინფრასტრუქტურა წესრიგში არ არის. დრო კი არ ითმენს და ამის ფონზე, შესაძლოა, მომავალ წელს “ზუგდიდი“ უმაღლეს ლიგასაც დაემშვიდობოს. თქვენი ოპონენტები ეჭვობდნენ, რომ ეს, მიზანმიმართულად ხომ არ ხდებაო.
- მივუბრუნდეთ იმ 400 000-იან ბიუჯეტს. გაზაფხულზე გუნდი რომ შეგვენარჩუნებინა და უსახსრობის გამო, უმაღლეს ლიგას ნაადრევად არ დამშვიდობებოდა, სახელფასო ბიუჯეტის მაქსიმალურად შეკვეცა მოგვიწია. ბოლო წლების მანძილზე პირველად მოხდა ისე, რომ საგაზაფხულო ეტაპზე, სპორტული თვალსაზრისით სეზონის “ჩავარდნის” მიუხედავად, გაწერილი ბიუჯეტის შედეგად, გუნდს ხელფასებზე არ დაუწუწუნია. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, გვაქვს სრული და მყარი გარანტია ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ გარდამავალი პერიოდის, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, გუნდი ფინანსებს მიიღებს, ხოლო დეკემბრის შემდეგ, ახალ ბიუჯეტში ყველაფერი ნათლად იქნება გაწერილი და ვფიქრობთ, თავს დავაღწევთ ამ ქაოსს. ახლა, ერთად დგომით, ეს მძიმე პერიოდია გადასალახი და გუნდი რამენაირად უნდა შევინარჩუნოთ, შემდეგ კი, თანდათან დავლაგდებით. ამ ქაოტურ სიტუაციაში, მინდა ყურადღება სიახლეზე გავამახვილო. ამ დღეებში იწყება ზედა ეწერის სტადიონის რეაბილიტაცია და აღნიშნულ სტადიონზე, მხოლოდ ჩვენი პირველი გუნდი ივარჯიშებს. მომავალში, იქ ბევრად ხარისხიანი მინდვრის საფარი გვექნება.