ინტერვიუები

10:25 | 16.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ასათიანი: “თემურ ქეცბაია “ჩვენი კაცია”

მოსკოვის “ლოკომოტივთან” ერთად ანთალიაში შეკრებაზე მყოფ მალხაზ ასათიანს, ჟურნალისტი ინტერვიუს ჩამოსართმევად რომ ეწვია, ვიდრე საუბარს შეუდგებოდნენ, ფეხბურთელი იური დუდს ჩურჩხელით გაუმასპინძლდა. ნუგბარმა ჟურნალისტი ისე მოხიბლა, რომ მას კაციობრიობის მიერ მოგონილი საუკეთესო ჩაროზი უწოდა. მეტიც, ჟურნალისტის აზრით, ასათიანი იმ ქართველთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთან საუბრის შემდეგ, ადამიანს თბილისის ბილეთის დაჯავშნა, გართობა, ღვინის სმა და სულგუნის ჭამა მოუნდება.
-    თქვენმა თანაგუნდელებმა შვებულება საზღვაო კურორტებზე გაატარეს. თავად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ქუთაისში იყავით?
-    შვებულების განმავლობაში მთელი საქართველო შემოვიარე – სოფელში ვიყავი, ქუთაისში, თბილისში და კიდევ არაერთ ადგილზე. სიმართლე გითხრათ, ზამთარში ზღვაზე დასვენება არ მიყვარს. სამშობლოში იშვითად ჩავდივარ და ვცდილობ მშობლებთან ერთად ვიყო, რომლებიც მარტონი არიან, რადგან ჩემი ძმა მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. გარდა ამისა, მეგობრებიც ბევრი მყავს. ასე რომ, მხოლოდ საქართველოში ვისვენებ. ბოლოს ზღვაზე როდის ვიყავი? მხოლოდ შეკრებების დროს ჩავდივარ ხოლმე.
-    საქართველოში ყველაზე მეტად რომელი ადგილი მოგწონთ?
-    მთელი საქართველო. თუმცა, განსაკუთრებით სოფელში ყოფნა მიყვარს, სადაც გავიზარდე, რადგან იქაურობა ლამაზია და სიმშვიდეა.
-    კავკასიაში, ხშირად, ახალ წელს მაშხალების ნაცვლად ავტომატს ისვრიან. ქუთაისში ასეთი რამ ხდება?
-    შესაძლოა ვიღაც ისვრის, მაგრამ მე არასოდეს მისვრია. სოფელში კი, ძველით ახალი წლის აღნიშვნა უფრო მეტად უყვართ. გამომდინარე იქიდან, რომ შობა ახალ წლამდე უნდა იყოს, ძველით ახალი წელი ბუნებრივი დღესასწაულია. ამას მას შემდეგ მივხვი, რაც გავიზარდე - ახალი წელი და ახალი ერა შობის შემდეგ იწყება.
-    28 წლის ხართ, მაგრამ უცოლო. რატომ? მითუმეტეს, რომ თქვენს ძმას ცოლი ჰყავს.
-    ოჯახის შექმნა ყველას სურს. ვფიქრობ, ჩემთვის გვიან არაა. მშობლები ზოგჯერ ამის შესახებ მესაუბრებიან, მაგრამ მეტნაკლებად დაწყნარებულნი არიან, ვინაიდან შვილიშვილები უკვე ჰყავთ.
-    ცოლი ქართველი უნდა იყოს?
-    ქართველი სჯობს. საქმე მშობლებში არაა. ისინი ნებისმიერ გოგოს გაუგებენ - აფრიკელიც რომ მოვიყვანო ცოლად. უბრალოდ, ყველა ხალხს თავისი მენტალიტეტი და შეხედულებები აქვს.   
-    2008 წელს, ომის დროს, შოთა არველაძეს საქართველოდან ოჯახის წაყვანა კერძო თვითმფრინავით სურდა. მაშინდელი მოვლენების დროს თქვენ როგორ იქცეოდით?
-    ჩემი ოჯახი სოფელში იყო. ცხადია, ყველა განვიცდიდით. უბრალოდ, მსურდა, რომ ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი. კარგია, რომ ყველაფერი ასე სწრაფად დასრულდა, მაგრამ სამწუხაროა, რაც მოხდა. ჩვენს შორის ომი არ უნდა ყოფილიყო. მართლმადიდებლები ვართ და ბევრი საერთო წმინდანები გვყავს. ნორმალურ ხალხს ყველაფერი კარგად ესმის. თუმცა, პოლიტიკოსებს ერთმანეთისგან რა უნდათ, ვერ გეტყვით. ომის დროს ყველა დამნაშავეა.
-    საქართველოში ნაწყენი არ არიან, რომ მომხდარის შემდეგ რუსეთში ასპარეზობას მაინც აგრძელებთ?
-    არა! ნორმალური ხალხი სხვაგვარად ფიქრობს. ჩვენ აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გვსურს.
-    ორი წლის წინ, შოთა არველაძეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას სთავაზობდნენ და ამას ფეხბურთელები თხოვდნენ. მათ შორის თქვენც იყავით?
-    მე არ დამირეკავს, მაგრამ ასე რომ მომხდარიყო გამეხარდებოდა. ზუსტად ისევე, როგორც თემურ ქეცბაიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გამეხარდა. ჩვენი კაცია! მან უფრო მეტი იცის ქართულ ფეხბურთზე, ვიდრე უცხოელმა. როდესაც მწვრთნელი საზღვარგარეთიდან ჩამოდის, ვითარებაში გასარკვევად დრო სჭირდება და ვიდრე ამას მოასწრებს, თანამდებობიდან უშვებენ. ყოველივეს იმიტომ კი არ ვიძახი, რომ ექტორ კუპერი ნაკრებში არ მიწვევდა. არის ქეცბაია და იმუშავოს. ჩვენ ჩვენი კაცი გვჭირდება.
-    კახა კალაძემ, იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა...
-    კარგად მესმის კახა რასაც განიცდიდა, რადგან მანამდე, საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრის დროს გოლი საკუთარ კარში მეც გავიტანე. მას კი, ასეთი რამ ორჯერე მოუვიდა. ამის შემდეგ, იყო სხვადასხვა საუბარი და ზოგიერთი აღნიშნულ თემაზე ცუდად საუბრობდა, რაც არასწორია. მსგავსი რამ ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს. კალაძე საქართველოში ყველაზე დიდი ფეხბურთელია. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ ითამაშა და ორჯერ მოიგო. ყველა ცდება და მათ შორის “ვარსკვლავებიც”. ავტოგოლი რომ გავიტანე, ვიგრძენი, რომ ჩემს შიგნით რაღაც “გატყდა”.
-    რუსეთის განვლილი ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენად ჯანო ანანიძე დაასახელეთ. საქართველო მისი გულისთვის ძალიან იბრძოდა?
-    ჩემი აზრით, არც საქართველო იბრძოდა და არც რუსეთი. უბრალოდ, ეს ანანიძისა და მისი ოჯახის არჩევანი იყო. ყველაფერი მათ გადაწყვიტეს.
-    ანატოლი ბიშოვეცი ჰყვებოდა: “შევდივარ გასახდელში, ხოლო იქ ასათიანი და ივანოვიჩი ჩხუბობენ”. მაშინ, რა მოხდა?
-    ეს ნერვების ბრალია. თამაშის დროს რაღაც არ გამოგვივიდა და ვიკამათეთ, რაც შემდეგ გასახდელში გაგრძელდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ერთმანეთს არ ველაპარაკებით და დასანახად ვერ ვიტანთ. ჩემსა და ივანოვიჩს შორის ყველაფერი კარგად დასრულდა – ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და შევრიგდით.
-    მოსკოვის “დინამოსთან” ამხანაგური შეხვედრის დროს დანისაც ეჩხუბეთ...
-    ისევ ნერვები. რაღაც არ გამოგდის, ან მეტოქეს არ მოსწონს. ვიღაცამ ვიღაცას არ დაუთმო. თუმცა, სტადიონს გარეთ ძალიან დიდი ხნის წინ ვიჩხუბე. მოედნიდან რომ გავდივარ, ვცდილობ არ გავბრაზდე.
-    იური სიომინის სიტყვები, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ?
-    «А-са-ти-а-ни-не-да-вай-пас-в-центр!». სიომინი ყოველთვის ითხოვს, რომ მცველებმა პარტნიორებს ბურთი ფლანგებზე გადავაწოდოთ. თუმცა, ზოგჯერ ფლანგები “ჩაკეტილია” და ბურთის ცენტრში გადაწოდება მიხდება. თუ შეცდი, საქმე ცუდადაა. სჯობს ბურთი ფლანგზე დაიკარგოს, ვიდრე ცენტრში.
-    სიომინმა რა გასწავლათ?
-    ბურთის ართმევა, რასაც ადრე არასოდეს ვაკეთებდი. ზოგიერთ ვარჯიშზე მხოლოდ ბურთის ასართმევად დავრბოდი. მას არ უყვარს, როდესაც ფეხბურთელს ამის გაკეთება არ შეუძლია.
-    2009 წლის რუსეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში “დინამოსთან” მატჩის შემდეგ, გუნდის ფანების ტრიბუნისკენ გაიქეცით და მკერდზე, სადაც ასო “ლ” არის გამოსახული, ხელს ირტყამდით. ამით რის თქმა გსურდათ?
-    იმის, რომ “ლოკომოტივი” ჩემს გულშია. ეს ერთ-ერთი ბოლო თამაში იყო და მისი დასრულების შემდეგ, ამის გაკეთება მინდოდა. რაც არ უნდა იყოს, გუნდში უკვე მერვე წელია ვთამაშობ.
-    მოსკოვში ქართულ კერძებს სად მიირთმევთ? “სახინკლე N1”-ში?
-    ეს დაწესებულება ჩემი მეგობრისაა და ძალიან გემრიელ ხინკალს ამზადებენ. თუმცა, მოსკოვში ბევრი ასეთი ადგილია – “გენაცვალე” და “თვითონ მოხვედი” არბატზე. საერთოდ, სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოები მიყვარს – გემრიელი კერძები მხოლოდ ქართული არაა.
-    ზაზა ჯანაშიამ თქვა, რომ ერთხელ შემთხვევით ძაღლის ხორციც შეჭამა. ყველაზე ეგზოტიკური კერძი, რომელიც თქვენ მიგირთმევიათ?
-    ვცდილობ ის ვჭამო, რასაც მივეჩვიე. თუმცა, ერთხელ ლოკოკინაც მივირთვი.
-    როგორც განაცხადეთ, ცრურწმენის არ გჯერათ. როდიდან?
-    როდესაც გავიზარდე. ბავშვობაში მჯეროდა – შავი კატა წინ რომ გადამირბენდა ქვებს ვესროდი. მას შემდეგ, რაც მარლთმადიდებლობაში ცოტათი გავერკვიე, მივხვდი, რომ ცრურწმენა და სიზმარი სისულელეა.
-     რელიგიას როდის დაუახლოვდით?
-     ორი წლის წინ. გვიანია, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს.
-    მარხვას იცავთ?
-    ძნელია მარხვა, რადგან თითქმის მთელი წელიწადი ვვარჯიშობთ. მხოლოდ ზამთარში ვახერხებ, როდესაც ვისვენებთ. ამიტომ, საშობაო მარხვას ვიცავ და ეკლესიაში დავდივარ. მოსკოვში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ, რადგან თამაშები შაბათს, ან კვირას გვაქვს. გარდა ამისა, ახალი არბატის დასაწყისში პატარა ეკლესიაა და იქაც შევდივარ ხოლმე.
 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
                   
 

0.13811