შარშანდელისგან განსხვავებით, მიმდინარე წელიწადი მალხაზ ასათიანისთვის გაცილებით იღბლიანად დაიწყო. საქართველოს ნაკრების ახალმა თავკაცმა თემურ ქეცბაიამ, ცენტრალური მცველი ეროვნულ გუნდში დააბრუნა, ამის პარალელურად, ის, მოსკოვის “ლოკომოტივშიც” სტაბილურად თამაშობს. თან, როგორც ირკვევა, ასათიანსა და კამპანიას, გასულ წელთან შედარებით, მაღალი მიზნები აქვთ დასახული - მოსკოველები ჩემპიონის ტიტულს უმიზნებენ. სხვათა შორის, ქართველმა ფეხბურთელმა, “ლოკომიტივის” რიგებში ოქროს მედლები ერთხელ უკვე მოიგო, წინა სეზონში კი, კიევის “დინამოსთან” ერთად, უკრაინაშიც გაჩემპიონდა.
ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ რუსულმა championat-მა გამოაქვეყნა, სადაც ასათიანი არამარტო საფეხბურთო თემებზე საუბრობს.
- დიდი ხანია, უკვე “ლოკომოტივში” თამაშობთ. თქვენი აზრით გუნდი საითკენ იცვლება?
- სხვადასხვა პერიოდები იყო – როდესაც ჩემპიონები გავხდით და ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობდით, ხოლო შემდეგ, არც თუ კარგი დრო დადგა, რადგან ზედიზედ ორჯერ მესამე ადგილი დავიკავეთ, რასაც ჩემპიონატის მეშვიდე პოზოციაზე დასრულება მოჰყვა. გასულ წელს კი, ვითარება გამოვასწორეთ და მეოთხე ადგილზე გავედით. ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრამდე ცოტა დაგვაკლდა. წელს, უკვე მაქსიმალური ამოცანა დაგვისახეს.
- გამოდის, პრეტენზიას პირველ ადგილზე აცხადებთ?
- დიახ, ასეთი ამოცანა გვაქვს. ძალიან ძნელი იქნება, რადგან ჩემპიონატში ძლიერი გუნდები არიან. ყველა უმატებს. მათთანაც კი, ვინც ბოლო ადგილზეა, მოდუნება არ შეიძლება. თუმცა, ასე უფრო საინტერესოა.
- თავის დროზე, “ლოკომოტივიდან” იური სიომინის წასვლის შემდეგ, გუნდში არაერთი მწვრთნელი შეიცვალა და უმეტეს მათგანთან გიმუშავიათ. თქვენი აზრით, ყველაზე ეფექტური და წარმატებული, რომელი სპეციალისტი იყო?
- ვფიქრობ, თითოეული მათგანი განსხვავებული იყო. საერთო ის ჰქონდათ, რომ გუნდში ყველამ ერთი წელიწადი იმუშავა. ასეთ დროს, ადამიანის კარგად გაცნობასაც ვერ ასწრებ. მაგალითად, ეშტრეკოვის ხელში, რომელმაც სიომინი შეცვალა, მესამე ადგილი დავიკავეთ, შემდეგ მუსლინი მოვიდა და ისევ მესამეზე გავედით. მერე ბიშოვეცი იყო, რომელთან ერთადაც, რუსეთის თასი მოვიგეთ და ჩემპიონატი მეშვიდე პოზიციაზე დავასრულეთ. რახიმოვმაც გუნდი მეშვიდეზე გაიყვანა. გამოდის, ყველაზე უკეთესი შედეგი ეშტრეკოვისა და მუსლინის დროს გვქონდა, მაგრამ მაშინ ეს არავის აკმაყოფილებდა, რადგან მეტის გაკეთება შეგვეძლო.
- თქვენთვის, რომელიმე მწვრთნელთან განშორებას, გული დაუწყვეტია?
- დაუწყვეტია, არ დაუწყვეტია – ეს ჩვენი საქმე არაა. ვისაც დაგვინიშნავენ, იმასთან უნდა ვიმუშავოთ. თუმცა, მახსოვს თანაგუნდელები მიყვებოდნენ (მაშინ გერმანიაში ვმკურნალობდი), რომ სლავო მუსლინი საუცხოო მწვრთნელი იყო. ბიჭები მას მიეჩვივნენ და უნდოდათ, რომ დარჩენილიყო. თუმცა, ფეხბურთელები ვერაფერს წყვეტენ, რადგან ამისთვის ხელმძღვანელობა არსებობს.
- საყვარელი მწვრთნელი გყავთ?
- საყვარელი? ამის შესახებ არ ვისაუბრებ. იური სიომინთან მუშაობა მომწონდა, მაგრამ თავდაპირველად, პრობლემები მასთანაც მქონდა. გუნდში რომ მივედი, თითქმის მთელი წელიწადი ძალიან იშვითად ვთამაშობდი. “ლოკომოტივიდან” წასვლასაც კი ვფიქრობდი. მოგვიანებით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა –სიომინი და ეშტრეკოვი მენდობოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის, ყველაზე დასამახსოვრებელი მწვრთნელი, სიომინია. ეს ადამიანი მენდობა და თავს კომფორტულად ვგრძნობ.
- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ თითოეულ მწვრთნელს, გუნდში თავისი რჩეული ფეხბურთელი ჰყავს?
- ალბათ, მაგრამ არა მგონი, ყველას ჰყავდეს.
- სიომინის რჩეულად თავს არ თვლით?
- არა-არა. შესაძლოა, ეს ადამიანი ჩემში რაღაცას ხედავს და მის ნდობას ვამართლებ, რის გამო, ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ვხვდები. თუმცა, სჯობს ამის შესახებ მას ჰკითხოთ.
- სიომინს კიევის “დინამოში” რომ არ მიეწვიეთ, თქვენი კარიერა როგორ წარიმართებოდა?
- “ლოკომოტივის” იმჟამინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მქონდა და სიომინმა კიევში სწორედ მაშინ მიმიწვია. პირველად მოხდა, რომ თამაში იჯარით მომიწია. მოგვიანებით, “ლოკომოტივში” დავბრუნდი და ვფიქრობდი, რომ გუნდს გამოვადგებოდი. თუმცა, ისე მოხდა, რომ საჭირო არ ვიყავი და შეკრებაზეც არ წავსულვარ. ამ დროს, კვლავ სიომინმა დამირეკა და კიევში დავბრუნდი, მაგრამ უფრო ნაკლებ ხელფასზე დავთანხმდი. პირველ ჯერზე ხელფასის 70 პროცენტს “დინამო” იხდიდა, ხოლო 30-ს “ლოკომოტივი”. მეორედ, მხოლოდ კიეველები იხდიდნენ საკუთარ წილს. თუმცა მაშინ, ფინასური საკითხი დიდად არ მაინტერესებდა, რადგან თამაში მინდოდა.
- გული დაგწყდათ, რომ მაშინ კიევის “დინამოს” შემადგენლობაში უეფას თასზე ვერ ითამაშეთ?
- როდესაც კიევში მეორედ ჩავედი, მითხრეს, რომ უეფას თასზე ვერ ვითამაშებდი და გული ნამდვილად დამწყდა. ჩემს გარეშე, კიეველებმა ნახევარფინალს მიაღწიეს და თასის მოგებაც რეალური იყო. ადამიანს, რომელიც გუნდში განაცხადებით იყო დაკავებული, მაშინ ვუთხარი: “უეფას თასს თუ მოიგებთ, დაგახრჩობ-მეთქი” (იცინის).
- მეგობრული ადამიანი ხართ?
-იმის გაგება თუ გსურთ, რამდენად კონფლიქტური ადამიანი ვარ, გეტყვით, რომ –არა. ვცდილობ, რომ ადამიანთან ვიმეგობრო ერთმანეთის თუ გვესმის. ისე, ვცდილობ, ყველასთა ნორმალური ურთიერთობა მქონდეს.
- თუ ყოფილა ისეთი ვითარება, რომ მეგობრობისთვის უცებ ხაზი გადაგისვამთ?
- ცხოვრებაში და სპორტში ყველაფერი ხდება. მთავარია, შემდეგ ეს სწრაფად დაივიწყო. ის, რომ მთელი ცხოვრება ვინმეზე დაბოღმილი ვყოფილიყავი, ასეთი რამ არ მომხდარა. ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.
- რუსეთში თამაში მოგწონთ?
- მერვე წელიწადია აქ ვარ და როგორ შეიძლება არ მომწონდეს?
- რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული ვითარება, თქვენზე აისახება?
- რა თქმა უნდა, უსიამოვნოა. თუმცა, მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერი დალაგდება. ჩვენ, სპორტსმენები ნორმალური ხალხი ვართ და ყველაფერი გვესმის. უბრალო ხალხს გასაყოფი რა გვაქვს?
მოამზადა ლაშა თაბაგარმა