იტალიელი თავდამსხმელი ფედერიკო მაკედა, რომლის სატრანსფერო უფლებები “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნის, იჯარით კვლავ ჩემპიონლიგის “დონკასტერში” ითამაშებს.
“დონკასტერმა” მაკედა ჯერ კიდევ სექტემბერში ერთი თვით ინათხოვრა. იტალიელმა 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ ტრავმა მიიღო და მანჩესტერში დაბრუნდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, მან გადაწყვიტა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად კვლავ “დონკასტერს” მიაშუროს. ამჯერად, კლუბში იჯარით ამა წლის დეკემბრის ბოლომდე დარჩება.
“ჩემი ხილვა საკუთარ რიგებში სხვა კლუბებსაც სურდათ, მაგრამ მე “დონკასტერში” დაბრუნება მინდოდა” – იუწყება მაკედას სიტყვებს ბრიტანული პრესა.
მაკედას “მანჩესტერ იუნაიტედში” დებიუტი 2009 წელს ჰქონდა და 36 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მიმდინარე წლის იანვარში მან ისიც თქვა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” თავის მომავალს ვერ ხედავს.