ფეხბურთი

23:54 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძის რჩეული 18 ფეხბურთელი ცნობილია

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ის 18 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროშესარჩევზე ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ნიკა შერმადინი („მეტალურგი“, რუსთავი).

მცველები: ნიკოლოზ ჭანტურია („ტორპედო“, ქუთაისი), ალექსანდრე გურეშიძე, გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ყველა - „დინამო“ თბილისი), ჯემალ ტაბიძე, გიორგი თევზაძე (ორივე - „საბურთალო“)

ნახევარმცველები: გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი), გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა - „ტორპედო“ ქუთაისი), გიორგი აბურჯანია („დილა“, გორი), ლევან შენგელია („დილა-2“, გორი)

თავდამსხმელები: დავით ჯიქია („ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია კერძევაძე („დილა 2“, გორი)

ნაკრები ყოველდღიურ ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ატარებს. სამწუხაროდ, ვასილ მაისურაძე დანაკლისს ვერ ასცდა – ვარჯიშზე დაშავდა მეკარე ოთო გოშაძე, რომელიც ნაკრებს ვეღარ დაეხმარება და ახლა, მკურნალობის კურსს სახლში გადის.

უკვე თბილისშია ჩვენი ნაკრების ორი მეტოქე – ჰოლანდია და უელსი. მოლდოველები 12 ნოემბრის გამთენიისას ჩამოვლენ. ხვალ, გუნდები მატჩისწინა ვარჯიშებს გამართავენ.

ამინდის გაუარესების გამო, სავარჯიშო გრაფიკში მცირე ცვლილებები მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ჰოლანდიისა და მოლდოვას ნაკრებები „დინამო არენაზე“ ივარჯიშებენ.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართავს. ვარჯიში 14:00 საათზე დაიწყება და მედიისთვის საწყისი 15 წუთით გაიღება.

საღამოს 19:00 საათზე კი, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, ტურნირისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ოთხივე ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი.

აქვე გეტყვით, რომ მედია-აკრედიტაციები დარიგდება საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე და საღამოს პრესკონფერენციაზე. დღის გარკვეულ მონაკვეთში კი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს და აკრედიტაციები აიღოთ სფფ-ში.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 13 ნოემბერს დაიწყება და საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე უელსის ნაკრები იქნება. მატჩი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, 14:00 საათზე დაიწყება. „დინამო არენაზე“ კი, 15:00 საათზე ჰოლანდია და მოლდოვა ითამაშებენ.

სფფ-ის პრესსამსახური

0.126608