ფეხბურთი

22:27 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძის გუნდი-ექსპრესი

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიასთან 2:0 მოგების შემდეგ, 5:1 სძლია კვიპროსს და ერთი ნაბიჯი დარჩა ფინალურ ეტაპამდე, რომელიც ივლისში უნგრეთში გაიმართება. საქართველოს ბოლო ტურში ფრეც ხელს აძლევს, რათა პირველი ადგილი დაიკავოს ელიტ-რაუნდის III ჯგუფში.

კვიპროსელებს კი, ქართველებმა შავი დღე აყარეს. პირველი ტაიმის 16-წუთიან მონაკვეთში ყველაფერი გადაწყდა: მე-14 წუთი იყო, როცა მათე ცინცაძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, რასაც მალევე კვიპროსელთა საჯარიმოში ლუკა კიკაბიძის ინდივიდუალურად კარგი თამაში და ახლოდან გატანილი მეორე გოლი მოჰყვა. საგოლე პასი ლუკა ზარანდიასი იყო.

30-ე წუთზე თავად ზარანდიამ გაიტანა, როცა ინდივიდუალურად გასცდა მეტოქეებს და ზუსტადაც დაარტყა. ტაიმის ბოლო წუთზე ისევ ზარანდია აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, საჯარიმო ჩააწოდა და კვიპროსელმა ლოიციდესმა საკუთარ კარში გაიტანა – 4:0 პირველი ტაიმის შემდეგ.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა კიკაბიძემ დუბლი შეასრულა და სხვაობა 5-ბურთიანი გახადა. ქართველებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, პირწმინდად სჯობდნენ კუნძულელებს, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აქეთ გაუშვეს გოლი: პენალტი დაინიშნა და პანაიოტუმ გამოიყენა – 5:1.

სამწუხაროდ, ასეთი მატჩის ნახვის საშუალება არ მოგვეცა და ეს ყველაფერი ლოზანას სტადიონიდან გადმოცემით ვიცით. გულს გვიხარებს 19-წლამდელთა ასეთი თამაში – ექსპრესივით გუნდი ჩამოაყალიბა მაისურაძემ, გამარჯვებულის მენტალიტეტით, გამართული ტაქტიკით და ყველა იმ საჭირო თვისებების მქონე, რაც თანამედროვე ფეხბურთს სჭირდება. შედეგიც არ აყოვნებს: საკვალიფიკაციო-ელიტრაუნდიანად 5 მატჩი, 5 მოგება!

დარჩა ერთი ნაბიჯი – ისრაელი საკმაოდ ძლიერი გუნდი ჩანს და მაისურაძის გუნდს სრული კონცენტრაცია მართებს, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს. 

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ელიტ-რაუნდი. III ჯგუფი. II ტური

საქართველო – კვიპროსი 5:1 (4:0)

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია (შენგელია, 74), კიკაბიძე (ბერიძე, 69), თევზაძე, გოროზია, დარციმელია (კერძევაძე, 57), ზარანდია. 

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

კვიპროსი: გეორგიუ, კარო, დჯამასი, თერაფონტოსი (ტ.კონსტანტინუ 46), კოსმასი, ფრაგკოუ (პაპაფოტისი, 79), კატელარისი, ტ.კონსტანტინუ, ლოიციდესი, ა.პანაიოტუ (კ), მაკრისი (კატსიატი 90+3).

მწვრთნელი: იოანის კონსტანტინუ.

გოლები: 1:0 ცინცაძე (14), 2:0 კიკაბიძე (19), 3:0 ზარანდია (30), 4:0 ლოიციდესი (45+2, საკუთარ კარში), 5:0 კიკაბიძე (55), 5:1 პანაიოტუ (90+3, პენ.).

გაფრთხილება: კაკაბაძე (16).

მსაჯი: დანიელ გრუიჩი (სერბეთი).

ამავე ტურში ისრაელმა ვაისმანის მე-5 წუთზე გატანილი გოლით, 1:0 სძლია შვეიცარიას და საქართველოს მსგავსად, 6 ქულა მოაგროვა. თუმცა ქართველებს ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ და პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით. 

 

1      საქართველო                                               2           2           0           0           7:1           6          
2 ისრაელი 2 2 0 0 5:0 6
3 შვეიცარია 2 0 0 2 0:3 0
4 კვიპროსი 2 0 0 2 1:9 0


ბოლო ტური:

30 მაისი, 20:00 საათი (თბილისის დროით)

ნიონი: ისრაელი – საქართველო

ლოზანა: შვეიცარია –კვიპროსი

აქვე ვთქვათ, რომ ისრაელ-საქართველოს რუმინელი მარიუშ ავრამი იმსაჯებს. ბევრს ეხსომება ეს არბიტრი: მან 2 წლის წინ, 17-წლამდელთა ნახევარფინალი იმსაჯა ჰოლანდიასა და საქართველოს შორის (2:0). მაშინ, მე-15 წუთზე, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო სიტუაციაში გააძევა ნიკა ჭანტურია.

მაისურაძის გუნდს ისრაელთან მატჩში დაუბრუნდება თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც კვიპროსთან დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა მატჩს. ისრაელს კი მარჯვენა მცველი გოლდბერგი დააკლდება.

და კიდევ: გეხსომებათ, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 2 ტურის შემდეგ 2 მოგება ჰქონდა და ასევე, 5:1 და 2:0 გამარჯვებებით. ანუ, ბოლო ტურის წინ 7:1 ჰქონდა ბალანსი, ისევე როგორც ახლა. ბოლო თამაშიც იღბლიანი გამოდგა და მაისურაძის გუნდმა 2:1 სძლია ჰოლანდიას. უბრალოდ, საინტერესო სტატისტიკაა. 

0.138295