ინტერვიუები

10:01 | 18.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

მაიკონი: “ვიცოდი, სადაც ვურტყამდი”

ბრაზილიის ნაკრების მარჯვენა მცველმა მაიკონმა მუნდიალის პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური გოლი შეაგდო - ჩრდილოეთ კორეასთან მარჯვენა ფლანგის უმახვილესი კუთხიდან ყველა ჩაწოდებას ელოდა, როცა ბურთი მოჭრა და ბადეში ააფართხალა. ფიფამ მაიკონი ბრაზილია-ჩრდილოეთ კორეის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.
რუსულ “სპორტ-ექსპრესზე” ბრაზილიელთა მეორე ნომრის ინტერვიუ გამოქვეყნდა:
- კორეელებს გოლი რომ გაუტანეთ და თანაგუნდელები შემოგეხვივნენ, სიხარულისგან ატირდით. რას განიცდიდით იმ მომენტში?
- არა, ცრემლებამდე არ მისულა საქმე, მაგრამ ძალიან ემოციური მომენტი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს ვატარებდი და დებიუტი გოლით აღვნიშნე. ამაზე ბევრი ოცნებობს, მე კი ოცნება ამიხდა. პირველი, რაც გოლის გატანის შემდეგ გავაკეთე, ბეჭედს ვაკოცე, რითაც თავისებურად მივესალმე მეუღლე სიმონეს. ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიას პირველ გამარჯვებაში დავეხმარე და მადლობა მათ, ვისაც ჩემი სჯეროდა.
- ბევრნი აკრიტიკებენ “ჯაბულანის”, მაგრამ როგორც ჩანს, თქვენ დაგეხმარათ – ბურთი თითქმის ნულოვანი კუთხიდან შევარდა კარში. ასეა?
- სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მომწონს ეს ბურთი. და მარტო გოლში არაა საქმე. “ჯაბულანი” მეკარეებს არ უყვართ, რადგან ხშირად გამოუცნობი ტრაექტორიით მიფრინავს და მათთვის ძნელია რეაგირება. ყოველ შემთხვევაში, ჟულიო სეზარმა ასე მითხრა. რაც შეეხება ჩემს გოლს, მთავარია, რომ გავიტანე. კორეელები კარგად იცავდნენ თავს და კართან ახლოს არ გვიშვებდნენ. მეორე ნახევარში აუცილებლად უნდა გაგვეტანა და თანაც, რაშ შეიძლება მალე. ბედნიერი ვარ, რომ ნავსის გატეხვა მე შევძელი.
- დიდი ხანია, ბრაზილიელ მარჯვენა მცველს მუნდიალზე არ გაუტანია. ბოლოს ეს მოხდა 1986 წელს, როცა ჟოსიმარმა ორი გოლი შეაგდო (ჩრდილოეთ ირლანდიასთან და პოლონეთთან). თქვენ კი ეს “მშრალი სერია” შეწყვიტეთ.
- ამის შესახებ ინტერნეტში წავიკითხე, მაგრამ მსგავს სერიებს ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია, გავიტანე და მოვიგეთ.
- ალალად გვითხარით: აწოდებდით თუ კარში გამიზნულად დაარტყით?
- ვიცოდი, სადაც ვურტყამდი. ასე რომ, შემთხვევითობა არაფერ შუაშია. იმ ეპიზოდში მთავარი ის იყო, ბურთი არ გამქცეოდა. მივხვდი, რომ დავეწიე და გამიზნულად დავარტყი კარში. სხვათა შორის, ადრე დაახლოებით ასეთივე გოლი გავუტანე პორტუგალიის ნაკრებს (2008 წლის 19 ნოემბერს, როცა ბრაზილიამ ამხანაგურ მატჩში 6:2 სძლია პორტუგალიელებს-რედ).
- გოლი უკვე გაიტანეთ. რა მიზნები გაქვთ ამ მუნდიალზე?
- 11 ივლისს “სოკერ სიტის” სტადიონზე ფინალში თამაში.

ილია ნანობაშვილი
 

0.104175