ინტერვიუები

9:58 | 4.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

მაიკონი: “ბერნაბეუზე” თამაში, “რეალის” მაისურით მსურს”

მაიკონ დუგლას სისენანდოს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. “ინტერის” ბრაზილიელმა იტალიის ჩემპიონატში ნათამაშებ 29 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. საგოლე გადაცემების მხრივ მაიკონი გუნდში საუკეთესო იყო, სერია A-ში კი მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2 ფეხბურთელს ჰქონდა. ტიტულებს რაც შეეხება, მაიკონის გუნდმა სკუდეტოსა და აპენინელთა თასს, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მიამატა, რითაც “ნერაძურის” რამდენიმე თაობის გულშემატკივართა ოცნება აასრულა. მაიკონს, ჯერ კიდევ გასულ ზამთარს, საკუთარ რიგებში მადრიდის “რეალი” ეპატიჟებოდა, “სამეფო კლუბში” მთავარმწვრთნელად ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ, ბრაზილიელი უკანახაზელის კასტილიის დედაქალაქში გადაბარგების შანსი რეალური გახდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, მადრიდულ პრესაში, აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა “რეალის” მწვრთნელად დანიშვნისთანავე მოისურვა მაიკონის თან წაყვანა, ხოლო ყოვლისშემძლე ფლორენტინო პერესმა ბრაზილიელის შეძენაზე დაიწყო ზრუნვა.
 

- სადღეისოდ, თქვენი ფიქრი სამხრეთ აფრიკის მუნდიალისკენაა გადართული, ამ დროს კი ვრცელდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ჟოზე მოურინიოს, “რეალში” უნდიხართ. რას გვეტყოდით ამის თაობაზე?
- ამ მომენტისთვის, ჩემი პრიორიტეტული ამოცანა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლაა. კარგ ფორმაში ვარ და იმედია, “პენტაკამპეონებთან” ერთად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მოვიპოვებ. მუნდიალის მოგების რეალური საფუძველი ჩვენს ნაკრებს ნამდვილად აქვს. საამაყოა, მადრიდის “რეალმა” მის რიგებში ჩემი ხილვის სურვილი რომ გამოთქვა, მაგრამ გიმეორებთ, ამჟამად, მთლიანად ბრაზილიის ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული.
- ინგლისურ პრესას თუ ვერწმუნებით, თქვენი კიდევ ერთი ყოფილი დამრიგებელი რობერტო მანჩინი, “მანჩესტერ სიტიში” გეპატიჟებათ...
- “ინტერიდან”, მხოლოდ “რეალში” თუ წავალ. “სამეფო კლუბში” გადასვლა კარიერის საუკეთესო გაგრძელება იქნება. “სიტის” რაც შეეხება, ამ კლუბთან, არც მე და არც ჩემს პირად აგენტებს, ჯერჯერობით შეხება არ გვქონია. ამასთან, მანჩესტერში გადაბარგების სურვილი არ მაქვს.
- მუნდიალისთვის კაკასთან ერთად ემზადებით. მასთან თუ გქონდათ საუბარი “რეალის” თაობაზე?
- კაკასთან ვმეგობრობ, მაგრამ “სამეფო კლუბის” თაობაზე მისთვის არაფერი მიკითხავს. ყველანი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბრძოლო ფორმაში შესახვედრად მაქსიმალური დატვირთვით ვვარჯოშობთ, “რეალზე” სასაუბრო დროს კი, მუნდიალის დასრულების შემდეგ გამოვნახავთ. “რეალის” ვალდებებასის საწვრთნელ ბაზას და “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონს კი უკვე ვიცნობ. “ბაიერნთან” საჩემპიონთალიგო ფინალის წინ, ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, “ინტერი” “სამეფო კლუბის” ბაზაზე მოემზადებინა. “რეალის” საკლუბო ინფრასტრუქტურამ მომხიბლა. იმედია, “ბერნაბეუზე” ვარჯიში და თამაში, მადრიდელთა წევრის რანგით მომიწევს.
- ამ შემთხვევაში კვლავ მოურინიოსთან ერთად მოგიწევთ მუშაობა. როგორ დაგვიხასიათებდით პორტუგალიელს?
- სეუ ჟოზე ბრწყინვალე მწვრთნელია - ეს, სადავო არავისთვისაა. მასთან საქმიანი და გულთბილი ურთიერთობა მაქვს. მოურინიოს ხელმძღვანელობით სათამაშო კლასი ამიმაღლდა. “ინტერში” მასთან ერთად ყველაფერი მოვიგე და იმედია, იგივეს “რეალის” შემადგენლობაშიც მოვახერხებ.
- მოურინიომ განაცხადა, მაიკონის ტრანსფერი პრიორიტეტულთა რიგს განეკუთვნებაო...
- მართლა? ამის თაობაზე პირველად მესმის. ძალიან გამახარეთ. ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მწვრთნელი მას ენდობა და მასთან მუშაობა სურს.
 
 მოამზადა გოჩა კაჭარავამ

 

0.113992