ბოლო სეზონები: We Are the Champions
2010 წელს “მაიამი ჰიტის” პრეზიდენტმა პატ რაილიმ სატრანსფერო ბაზარზე მეგატრანსფერები განახორციელა და საკუთარ გუნდში მოიყვანა ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში. თუმცა “დიდი ტრიოს” (ჯეიმსი-ბოში-დუეინ უეიდი) პირველი სეზონი წარუმატებელი გამოდგა, ისინი სუპერფინალში გავიდნენ, თუმცა იქ გადაეყარნენ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ დირკ ნოვიცკის და მის “დალასს”, “ჰიტი” დამარცხდა და ალბათ ყველას გვახსოვს აცრემლებული ლებრონ ჯეიმსი, რომელიც ასე ახლოს გახლდათ სანუკვარ მიზანთან – საჩემპიონო ბეჭდის მოგებასთან.
გასულ სეზონში “მაიამი” გაორმაგებული მოტივაციით შეუდგა ჩემპიონობისთვის ბრძოლას და საწადელს მიაღწია კიდეც - “ოკლაჰომას” წინააღმდეგ ფინალურ სერიაში ბოში ნახევრად ტრავმირებული გახლდათ, დუეინ უეიდი საშინელ ფორმაში იყო, მაგრამ მიუხედავად ყველაფერისა, “ჰიტმა” დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე - 4:1.
საჩემპიონო სეზონის შემდეგ, პატ რაილიმ ზაფხულში გუნდი უფრო გააძლიერა. გუნდის რიგები შეავსეს ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანის ჩამგდებმა ლეგენდარულმა რეი ალენმა, კლუბმა ასევე დაიმატა “ნიუ ორლეანიდან” განთავისუფლებული რაშად ლუისი. ამ ტრანსფერებით გუნდის უკანა ხაზი გაცილებით სახიფათო გახდა 2012-13 წლების რეგულარულის წინ.
მთავარი მწვრთნელი: ერიკ სპოელსტრა
2011 წელს “დალასთან” თითქმის უშანსოდ წაგებული ფინალური სერიის შემდეგ, კრიტიკის უდიდესი ქარცეცხლის გადატანა მოუწია ერიკ სპოელსტრას, ერთ-ერთი მატჩის მიდინარეობისას ლებრონ ჯეიმსმა მხარშიც უბიძგა მთავარ მწვრთნელს, არცთუ მეგობრულად. ამ მომენტმა უდიდესი ფსიქოლოგიური დაძაბულობა გამოიწვია, თუმცა სპოელსტრა ყველაფერს გაუმკლავდა, მოახერხა და გადაერთო “ვისენტე დელ ბოსკეს” რეჟიმზე, ეს ის რეჟიმი გახლავთ, როდესაც გუნდის მთავარმა დამრიგებელმა კარგი ფსიქოლოგის როლი უნდა მოირგოს და შეუწყოს კლუბში არსებულ ვარსკვლავურ კონტინგენტს ხელი, რათა მოთამაშეებმა ბოლომდე შეძლონ თავიანთი პოტენციალის გამოვლენა. ერიკმა ეს ძალიან კარგად მოახერხა, და როდესაც მაინდამაინც “ბოსტონთან” სერიაში ტაქტიკურ დაპირისპირებაზე მიდგა საქმე აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, აქ სპოელსტრას დამხმარედ კლუბის პრეზიდენტი, ნბა-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტაქტიკოსი პატ რაილი მოევლინა, რომლის სწორმა რჩევებმა “მაიამის” სერიაში მძიმე გამარჯვება მოუტანა - 4:3.
უკანა ხაზი: მარიო ჩელმერსი, დუეინ უეიდი, შეინ ბატიე
მარიო ჩელმერსს ნბა-ს ერთ ერთი საუკეთესო გამთამაშებელს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, იგი უფრო საშუალო დონის მოთამაშეა, რომელიც ეპიზოდურ როლს თამაშობს გუნდის ცხოვრებაში. მიუხედავად პირველი ნომრის პოზიციისა, იგი იშვიათად იწყებს საკუთარი გუნდის შეტევებს, ამ ფუნქციას ხომ ძირითადად ლებრონ ჯეიმსი ითავსებს. როდესაც “მაიამიმ” დრაფტზე კვალიფიციური გამთამაშებელი ნორის კოული აიყვანა, ჩელმერსი გამოფხიზლდა, მოუმატა ყველა სათამაშო ასპექტში და ახალბედა მოთამაშეს არ დაუტოვა არანაირი შანსი, რომ სასტარტო ხუთეულში დამკვიდრებულიყო. ჩელმერსმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა “ოკლაჰომასთან” ფინალური სერია. ბრწყინვალე დრიბლინგით რამდენიმეჯერ შეძლო “თანდერის” დაცვითი ეშელონების გავლა და შეტევების ეფექტური სლემ დანკებით დასრულება. საშუალო დისტანციიდან ტყორცნა, ცოტა არ იყოს, გამოსასწორებელი აქვს, ხოლო 3-ქულიანი ზონიდან მაღალი პროცენტით სროლა თავიდანვე მისი მთავარი იარაღი გახლდათ.
http://www.youtube.com/watch?v=8-BE_mgoTVs
დუეინ უეიდი მაიამელი პუბლიკის უსაყვარლესი მოთამაშეა. მისი დონის 2 ნომერი ალბათ ერთი-ორი მოიძებნება მთელ ლიგაში. მას ხომ პრაქტიკულად ყველაფრის შესრულება შეუძლია პარკეტზე. იგი საკმაოდ ძლიერია ფიზიკურად და თამამად შედის მეტოქეებთან კონტაქტში, სწრაფი ფეხების ხარჯზე ელვისებურად გადადის დაცვიდან შეტევაში, მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ისვრის როგორც საშუალო, ასევე შორი დისტანციიდან, არც სამწამიან ზონაშია მისი ხილვა იშვიათობა, ხშირად გვანებივრებს გასაგიჟებელი სლემ დანკებით, ერთნაირად კარგია როგორც ზონური, ასევე პერონალური დაცვისას. დაჯილდოებულია დიდი საკალათბურთო ინტელექტით და ფლობს პასის უბადლო კულტურას. უბრალოდ, გასული სეზონი ტრავმების ფონზე ჩაუვარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალონზო მორნინგის შემდეგ ალბათ მაინც ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ფიგურად რჩება ფლორიდულ კლუბში.
http://www.youtube.com/watch?v=pPVzvf3nPxQ
შეინ ბატიემ გასული სეზონი სათადარიგო მოთამაშის როლით დაიწყო, თუმცა პლეი ოფის მიმდინარეობისას თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და სასტარტო ხუთეულის უცვლელ წევრად იქცა. მან წარმატებას უდიდესი შრომისმოყვარეობის ხარჯზე მიაღწია, იგი ძალიან სასარგებლო მოთამაშეა, რადგან ყველა თვალისთვის შეუმჩნევლად, დიდძალ შავ სამუშაოს ასრულებს, ძალიან ეფექტურია დაცვაში თამაშისას და თუ ჩაუვარდა მომენტი, რამდენიმე მნიშვნელოვან სამქულიანსაც უპრობლემოდ ჩააგდებს. მომავალ სეზონში შეინი სასტარტო ხუთეულში რომ ჩაჯდეს, ამ მოტივით ლებრონ ჯეიმსი მსუბუქი ფორვარდის პოზიციიდან ოთხ ნომერზე გადაიწევს, ხოლო კრის ბოში ცენტრად დადგება.
წინა ხაზი: ლებრონ ჯეიმსი, კრის ბოში
ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლებრონ ჯეიმსს იმხელა პოტენციალი აქვს, რომ შეუძლია, კარიერის განმავლობაში თვით მაიკლ ჯორდანსაც კი აჯობოს. ჯეიმსი მართლაც უნივერსალი მოთამაშეა, მას თავისუფლად შეუძლია ცენტრის გარდა ყველა პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით თამაში. იგი გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, როგორც რეგულარულის, ასევე პლეი ოფის. დიდი ტრიოდან საჩემპიონო სეზონში სწორედ მან იკისრა ლიდერის ტვირთი და პირადად მოიგო ტიტული. მისი ფიზიკური მონაცემების მსუბუქი ფორვარდი ნბა-ს საკალათბურთო ისტორიას არ ახსოვს, იგი ძალიან ძლიერია როგორც საშუალო, ასევე შორი დისტანციებიდან ტყორცნებისას. დაცვაში ძალიან საიმედოა და როდესაც ჩაჭრას განახორციელებს, მისი შეჩერება კონტრშეტევაზე პრაქტიკულად შეუძლებელია. სამწამიან ზონაში ძალიან სასარგებლოა. სწორედ ამიტომ, იგი ახალ სეზონს მძიმე ფორვარდის პოზიციაზე დაიწყებს. გასულ სეზონში ლებრონი საშუალოდ მატჩში 27,1 ქულას, 7,9 მოხსნას და 6,5 გადაცემას აგროვებდა.
http://www.youtube.com/watch?v=mSgMRrclOLI
ბოლო წლების განმავლობაში “მაიამის” ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ცენტრის პოზიციაზე, რადგან გუნდში არსებული მოთამაშეები ბოლომდე ვერ აკმაყოფილებდნენ მაღალ მოთხოვნებს. ზაფხულში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ გადაწყდა, რომ კრის ბოში, რომელიც მანამდე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე იდგა, 5 ნომერზე გადაიწევს. ამით ფლორიდული კლუბი აუცილებლად მოიგებს, რადგან კრისი ძალიან მოძრავია და 3-წამიან ზონაში მეტოქეების დაჩაგრვრა სისწრაფის ხარჯზე შეუძლია. აგრესიულია დაცვაში თამაშისას, ერთნაირად სასარგებლოა როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის ფართან. მაღალი პროცენტული სიზუსტით ისვრის საშუალო დისტანციიდან. ფლობს პასის კულტურას. ერთი სიტყვით, უმნიშვნელოვანესი ფიგურაა კლუბისათვის და მის კარგ თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
http://www.youtube.com/watch?v=TdovdxMLDY8
სათადარიგოთა სკამი: ნორის კოული, რეი ალენი, მაიკ მილერი, რაშად ლუისი, ჯეიმს ჯონსი, იუდონეს ჰასლემი, ჯოელ ენტონი
ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელობამ აქცენტი გუნდის უკანა ხაზის გაძლიერებაზე გააკეთა და ეს გამოუვიდა კიდეც. რაშად ლუისისა და რეი ალენის დამატებით კლუბის მეორე ხუთეული გაცილებით მობილური იქნება. ნორის კოული, რეი ალენი, მაიკ მილერი, რაშად ლუისი და ჯეიმს ჯონსი – ამ ჩამონათვალიდან ნებისმიერ კალათბურთელს დიდი წარმატებით შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან პარკეტზე შემოსვლა და მატჩის ბედის გადაწყვეტა. ამასთან, თითოეული მათგანი მაღალი სიზუსტით ისვრის პერიმეტრიდან, ასე რომ, მომავალ სეზონში სპოელსტრას საქმე ნამდვილად ასარჩევად ექნება - რომელი სნაიპერი შეუშვას მოედანზე კონკრეტულ მატჩში.
http://www.youtube.com/watch?v=x99mER-dzFw
გუნდის წინა ხაზში ჰასლემი პრეტენზიას გამოთქვამს სასტარტო ხუთეულის წევრობაზე და იძახის, რომ არ შეეგუება თუნდაც ჩემპიონ გუნდში სათადარიგო მოთამაშის სტატუსს, კრის ბოშის შემცვლელად კი კვლავ რჩება კანადის ნაკრების კაპიტანი ჯოელ ენტონი, რომელსაც შეუძლია, მატჩის მიმდინარეობისას პარკეტზე გამოჩენით დასვენების საშუალება მისცეს გუნდის ძირითად ცენტრს.
გუნდის სასტარტო ხუთეული: მარიო ჩელმერსი, დუეინ უეიდი, შეინ ბატიე, ლებრონ ჯეიმსი, კრის ბოში
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მაჩვენებლები სშუალოდ მატჩში:
ქულები: ჯეიმსი 26,5
მოხსნები: ბოში 8,2
გადაცემები: ჯეიმსი 7,9
ჩაჭრები: ჯეიმსი 2,1
დაფარებები: უეიდი 1,3
დაკარგვები: ჯეიმსი 3,5
დასკვნა: ერიკ სპოელსტრას კვლავ საჩემპიონო გუნდი ჰყავს, რომელმაც გასულ სეზონში მოიშორა მძიმე ფსიქოლოგიური წნეხი და ჩემპიონობა მოიპოვა. ახლა მისი ლიდერები გაცილებით თავისუფლად ითამაშებენ და კვლავ მთავარი ფავორიტები არიან. ნბა-ს ოფიციალურ საიტზე კლუბის მენეჯერებს შორის ჩატარდა გამოკითხვა და 70% მიიჩნევს, რომ 2012-13 წლების სეზონს “მაიამი” მოიგებს, ხოლო საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდება.
გიორგი ბარბაქაძე