ლევან მაღრაძე კვიპროსის თასის ფინალში ითამაშებს. “ერმისმა”, სადაც მაღრაძე გამოდის, 1/2-ფინალში ორი მატჩის ჯამში “აპოლონს” აჯობა და ახლა თასის მოპოვებას შეეცდება.
პირველი შეხვედრა “ერმისმა” სტუმრად 1:2 წააგო, ხოლო საპასუხო დაპირისპირების ძირითად დროში 2:1 მოიგო. დამატებით 30 წუთში მასპინძლებმა მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ამპლუით, მარჯვენა მცველმა მაღრაძემ, რომელიც 36 წლისაა, შეუცვლელად ითამაშა. თასის ფინალში “ერმისი” აპოელ-ს შეხვდება.
ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-2 ტურში, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილი რიგის “სკონტო” სტუმრად “ლიეპაიასთან” 0:1 დამარცხდა. “სკონტოში” ლაშა დვალმა და ირაკლი კლიმიაშვილმა სრულად იასპარეზა. “სკონტოს” 3 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-6 პოზიციაზეა.
დაუგავპილსის “დაუგავამ” “იურმალა” მიიღო და 2:0 აჯობა. გიორგი ჩიხრაძემ და გიორგი ხუმარაშვილმა დაუგავპილსელთა რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს. მათ მსგავსად ჯემალ ჯალიაშვილიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ბიძინა ცინცაძე მოედანზე არ გასულა. “დაუგავა” 3 ქულით მეხუთეა.
“იელგავა” შინ იურმალის “სპარტაკსს” დაუზავდა – 0:0. გიორგი დიაკვნიშვილს მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია. “იელგავა” ჩემპიონატს 7 ქულით ლიდერობს.
ლიტვის თასის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში კლაიპედას “გრანიტასმა” გასვლაზე “ბანგასთან” 0:2 წააგო. თამაზ ჩარგეიშვილმა “გრანიტასში” პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა, ხოლო გიორგი ალავერდაშვილს თავის გამოჩენის შანსი შესვენების შემდეგ მისცეს. საპასუხო შეხვედრას “გრანიტასი” 29 აპრილს ჩაატარებს.
პოლონეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში ბაილისტოკის “იაგიელონიამ” “ზავიშა” მიიღო და 0:2 დამარცხდა. ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე “იაგიელონიას” 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ.