ბლოგი

19:37 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაგარმუშტიანი ბიჭების უცნაური მეტსახელები

მეტსახელები პროფესიონალური კრივის მუდმივი და განუყოფელი ატრიბუტია. ხშირია მოკრივეთა ხასიათის ამ თუ იმ შტრიხის ამსახველი მოკლე სიტყვა თუ გრძელი წინადადება. მათგან ზოგი სახუმაროა, ზოგიც მუქარის გამომხატველი.

მეტსახელის ავტორი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. ტელეკომენტატორი, სარეკლამო აგენტი, მწვრთნელი, მეტოქე, თქვენ წარმოიდგინეთ მშობელიც კი. როგორადაც არ უნდა შეიცვალოს მსოფლიო რეიტინგში მოკრივის მდგომარეობა, რა სიმაღლეზეც არ უნდა ავიდეს იგი, შერქმეული სახელი მუდამ რჩება. ხშირად კრივის ისტორია ამა თუ იმ მებრძოლს მხოლოდ მეტსახელით ინახავს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში პროფესიონალური მეტსახელის მქონე მოკრივეთა რაოდენობა ძალზე მცირე იყო. ამგვარი რამ უდავოდ დიდი პოპულარობის დამადასტურებელი იყო. შერქმეული სახელებით განსაკუთრებით მძიმეწონოსნებს ანებივრებდნენ, თუმცა საშუალო წონაშიც მრავლად იყვნენ შესანიშნავი მებრძოლები, რომლებიც ხშირად მძიმეწონოსნებს შავ დღეს აყრიდნენ და მეტსახელის მინიჭებას იმსახურებდნენ.

მათ შორის ერთ-ერთი პოლონური წარმოშობის ამერიკელი სტენლი კეტჩელი გახლდათ, რომელიც 1904-1910 წლებში ბრწყინავდა. მან არამარტო ოფიციალურად გამოიცვალა თავისი ნამდვილი სახელი, სტანისლავ კეცალი, არამედ ბრძოლის განსაკუთრებით უხეში მანერისა და 53 გამართული შეხვედრიდან 50-ის ნოკაუტით დასრულებისათვის ერთობ მჟღერი მეტსახელი "მიჩიგანელი მკვლელი” დაიმსახურა. სამწუხაროდ, 24 წლის ასაკში თვითონ შეეწირა ქუჩურ გარჩევას.

იმ დროს არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა სტენლის მუდმივი მეტოქე, შავკანიანი ათლეტი სემუელ (სემ) ლენგფორდი. 24-წლიანი(!) წარმატებული სპორტული კარიერის განმავლობაში 71 კგ.-იანი მოკრივე, თითქმის ყველა წონით კატეგორიაში გამოდიოდა და სუპერმძიმე წონოსნებსაც შავ დღეს აყრიდა. შემთხვევითი არ არის, რომ მას "შავი პატარა ბიჭი ბოსტონიდან” შეარქვეს.

როგორც ავღნიშნეთ მძიმე წონაში მეტსახელები გაცილებით ხშირი იყო. 1919-26 წლების უცვლელ ჩემპიონს, ლეგენდარულ ჯეკ დემპსის "მანასელი ურო” შეარქვეს, რაც მისი საბრძოლო თვისებების შესახებ ერთობ ნათელ წარმოდგენას ქმნიდა. მისი და არგენტინელი ლუის ფიპლოს, "პამპასების ხარის” ბრძოლა, რომელიც 1923 წლის 14 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართა და დემპსის გამარჯვებით დასრულდა, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ყველაზე საინტერესო შერკინებადაა აღიარებული.

დაუმარცხებელი როკ მარჩიანოს დედა, თავისი შვილისთვის სახელის შერჩევისას ნამდვილად არ შემცდარა - ინგლისურად ”როკ” ხომ კლდეს ნიშნავს. როკიმ იგი სრულიად გაამართლა და გასაკვირიც არ არის რომ მეტსახელის მოგონება საჭირო აღარ გამხდარა.

მუჰამედ ალის სპეციალური მეტსახელი არ ჰქონია. თავისი, რომის იმპერატორის კასიუს მარცელიუს კლეის მსგავსი, სახელი 1964 წელს მუჰამედ ალით შეცვალა, რაც ”შავი მუსულმანების” სექტის მოძღვრის ილიაჯი მუჰამედის პატივისცემის ნიშნად გააკეთა.

 

0.118085