პარასკევს “ალმერიასა” და “კორდობას” დაპირისპირებით ლა ლიგის მესამე ტური დაიწყო. დღეს ოთხი თამაში გაიმართება, ჩემპიონატის ყველაზე რეალური ფავორიტები გამართავენ მატჩებს.
“ბარსელონა” – ბილბაოს “ატლეტიკი”
თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ბასკები დანაკლისის გარეშე ჩადიან კატალონიაში, ხოლო მასპინძლებს ტრავმის გამო ჟერემი მეტიუ, ხორდი მასიპი, ინიესტა და ტომას ვერმაელენი ვერ დაეხმარებიან, ხოლო ურუგვაელი ლუის სუარესი დისკვალიფიცირებულია.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოდის. თუ კატალონიელთა მიმართებაში ჩვეულებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ბასკებმა უმძიმესი ორი მატჩი ჩაატარეს და 21-ე საუკუნეში პირველად მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ასე რომ, კარგ ფორმაში მყოფი “ატლეტიკი” ძლიერ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდესთან ერთად “ბარსასთვის” ადვილად გადასალახი ზღუდე არ არის, ბასკებს კარგი დროება უდგათ.
წინა ტურში “ბარსელონამ” 19 წლის სანდრო რამირეზის გოლით “ვილიარეალს” გასვლაზე მოუგო, ხოლო ბასკებმა “სან მამესზე” “ლევანტე” დაამარცხეს (3:0).
შეხვედრას დავიდ ფერნანდესი განსჯის.
“მალაგა” – “ლევანტე”
”ბარსელონა”- “ატლეტიკის” დასრულების შემდგომ, მალევე, თბილისის დროით 20:00 საათზე “მალაგა” უქულო “ლევანტეს” მიიღებს. ხოსე მენდილიბარის მოთამაშეებმა “ვილიარეალთან” და შემდგომ “ატლეტიკთან” წააგეს, ისე რომ გოლიც არ გაუტანიათ და საერთო ჯამში ხუთი მიიღეს.
რაც შეეხება მასპინძლებს, “მალაგამ” პირველ ტურში ბილბაოს “ ატლეტიკი” დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში “ვალენსიასთან” წააგო. ასე რომ, მასპინძლები უკეთეს სათამაშო ფორმაში არიან, თუმცა წაგებებს შეჩვეულ “ლევანტეს” ნავსის გატეხვის სურვილი უნდა ამოძრავებდეს.
“მალაგას” ტისონე, სერხი დარდერი და დუდა დააკლდებიან. ტისონე დისკვალიფიცირებულია, ხოლო დარდერი და დუდა ტრავმებს იშუშებენ.
ტრავმირებულთა რაოდენობაშიც არ უმართლებს “ლევანტეს.” დავიდ ნავარო, ივანი, კარაბელასი, ადოუა, ხუანფრანი და გავილანი ლაზარეთში იმყოფებიან.
შეხვედრას ხესუს ჟილი განსჯის.
მადრიდის “რეალი” – მადრიდის “ატლეტიკო”
“ბერნაბეუზე” ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება. კარვახალის, ხედირასა და ხესეს გარეშე მოუწევს თამაში კარლო ანჩელოტის გუნდს. მათ წინა ტურში მძიმე მატჩში წააგეს “სოსიედადთან.” მადრიდელთა ორ გოლს ბასკებმა ოთხით უპასუხეს. ნეიტრალური ქომაგისთვის თვალსასეირო თამაში გამოვიდა.
ტრავმირებულია “ატლეტიკოს” ურუგვაელი შემტევი კრისტიან როდრიგესი, ხოლო დიეგო სიმეონე თამაშს თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს. სხვა დანაკლისი გუნდებს არ აქვთ.
მადრიდული დერბი ყოველთვის გამოირჩეოდა დაძაბულობით და ხშირად სანახაობრივადაც დატვირთული იყო. ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ფინალისტები ვიმედოვნოთ ლამაზ თამაშს შემოგვთავაზებენ სეზონის საწყის პერიოდში.
“რეალმა” პირველ ტურში “კორდობას” მოუგო და როგორ გითხარით “ანოეტაზე” წააგო, ხოლო სიმეონეს მოთამაშეებს წაგება არ აქვს. “რაიო ვალეკანოსთან” ფრეს “ეიბართან” გამარჯვება მოაყოლეს.
შეხვედრის მთავარი არბიტრი ანტონიო მატეუ იქნება.
“სელტა” – “რეალ სოსიედადი”
დღის ბოლო მატჩი “დე ბალაიდოსზე” გაიმართება. ჩვენი დროით ღამის 00:00 საათზე, ოფიციალურად ხვალ, ვიგოში არასატე ელუსტონდოს მოთამაშეები მასპინძლებს ეთამაშებიან.
“სელტას” მატიას ფერნანდესი და ბორხა ქუბინა დააკლდება, ხოლო ზურუტუზა და ჯერონიმო რაული “სოსიედადის” მხრიდან ვერ ითამაშებენ. შეგახსენებთ, 22 წლის რაული “ესტუდიანტესიდან” გადმოიბირეს და ამ ეტაპზე ბასკთა მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში არ უთამაშია.
ვიგოელებს ლა ლიგაში წაგება არ აქვთ, “ხეტაფესთან” გამარჯვების შემდეგ “კორდობასთან” ფრედ ითამაშეს, ხოლო “სოსიედადი” ბოლო პერიოდში არასტაბილურია. ჯერ იყო და “კრასნოდართან” განადგურდა და ევროტურნირს გამოეთიშა, ხოლო შემდეგ მადრიდის “რეალს” თამაში შემოუტრიალა და პირველი სამი ქულა მოიპოვა, ვინაიდან პირველ ტურში ხავი ლარას გოლით “ეიბართან” წააგო.
შეხვედრის მთავარი მსაჯი ალეხანდრო ერნანდესი იქნება.
დიმა შარიქაძე