ბლოგი

13:35 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის ”რეალო”, შენ დიდებული კლუბი ხარ!!!

 

აი ახლა ყველამ კეთილი ვინებოთ და დიდი გამარჯვება მივულოცოთ მადრიდის ”რეალს, რომელიც ახტა, დახტა და იღბალზე ისე გადახტა, რომ სეზონის ბოლოს ხელს ევროპის მთავარი საკლუბო თასი გააყოლა. ასევე მივულოცოთ გარეთ ბეილს, რომელიც იმდენად უცნაური კაცია, რომ მასთან შედარებით ბევრი ნაგიჟარი დაწყობილად მოსჩანს. ვერრა კაცი და ვერრა ძალა ვერ გაიგებს ამ უელსელ ჯეელს როდის მოეგუნებება ფლანგებზე განავარდება. ხან კიდევ, შეხედავ და ციცარივით გარდიგარდმო დადის ეს ოხერი. მაგრამ ხომ არის მაგარი? ხომ არის ის რაც უნდა იყოს?!...

თუ მილოცვაა და კარლო ანჩელოტის თუ არა, აბა ვის უნდა მივულოცოთ?! თუკი რაიმე აქვთ იტალიელებს კარგიც და ცუდიც, თითქოს ყველაფერი ამ მოსაწყენ მაგრამ სხვანაირად ქარიზმატულ კაცშია ჩაბუდებული. თავისი დღე და მოსწყება მთელი სეზონი თვლემს ხოლმე და სეზონის ბოლოს იცის გამოფხიზლება. ასე იყო იტალიაში და საფრანგეთში მოღვაწეობისას და ასეა ახლაც. რაც თავი მახსოვს, ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდები გამორჩეულად კარგად სეზონის დასკვნით პერიოდებში თამაშობენ ხოლმე და მაშინ, როცა სხვები ლასლასით დასეირნობენ მინდორზე, კარლოს ბიჭები მაშინ იწყებენ ბდრღვნას. პაპა კარლოს წელს ცოტა გვიან მოუვიდა გამოფხიზლება და წითელზოლიანმა მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულიც გამოაცალეს ხელიდან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კი იქმნა საქმნელი...

მივულოცოთ გენიალურ კრიშტიანუ რონალდუსაც. ამ კაცში ერთმანეთშია შერწყმული ნიჭი, ათლეტურობა და უსაზღვრო ფანტაზია. ბევრ ფეხბურთელს მართლაც ვერ გავიხსნებეთ ისეთს, რომლებიც რონალუდს მსგავსად მიჯრით ყველა სეზონს ბრწყინვალედ თამაშობდეს და მწვრთნელთა ცვლა მის დიდებულ თამაშზე საერთოდ არ აისახებოდეს. ეს ჩემპიონობა თუნდაც იმიტომ დაიმსახურა, რომ დიდი უსამართლიბა იქნებოდა დიდი ფეხბურთიდან რონალდუს “რეალიდან” ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე წასვლა. კარიერის დასრულებაზე ფიქრი ჯერ ადრეა, მაგრამ მუხთალი ბედისწერის გამო ისეთი ფეხბურთელები დარჩენილან დიდი ტიტულების გარეშე, ნამდვილად არ იქნებოდა გასაკვირი მათ შორის რონალდუც ყოფილიყო. სასიხარულოა, რომ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა!

მივულოცოთ უბერებელ და ლამის მარადიულობასთან შერწყმულ იკერ კასილასს, რომელმაც თავისი დიდი ისტორია უკვე შექმნა და ყოველი ახალი ტიტული მისთვის ღვთის მიერ ბოძებული მორიგი საჩუქარია თუნდაც იმისათვის, როგორც აქამდე იცხოვრა და ითამაშა. იკერი თანამედროვე ფეხბურთის სული და გულია და ამით ყველაფერია ნათქვამი!

მივულოცოთ სერხიო რამოსსაც, რომელმაც ფინალში დიდი ამბები დაატრიალა და სამართლიანად დადგა ”რეალის” ძველი და უკვდავი მცველების გვერდით. გავა მრავალი წელი და ლისაბონის ფინალის მხილველნი აუცილებლად გაიხსენებენ სერხიოს სიდიადეს და სიბერეში ბევრს შეიძლება ცრემლიც კი მოადგეს ამ ამბების გახსენების დროს.

დაბოლოს, რა თქმა უნდა უნდა, მივულოცოთ მადრიდის ”რეალის” მილიონობით გულშემატკივარს, რომლებიც მსოფლიოს ოთხივ კუთხეში არიან გაფანტულნი და ავსტრალიიდან ბრუნეიმდე ”ჰალამადრიდს” გაჰყვიროდნენ ყელის იოგების დაგლეჯვით. მივულოცოთ მათი საყვარელი კლუბის წარმოუდგენელი ტიტულმრავლობა და მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს გუნდი, ერთხმად ვთქვათ: ”მადრიდის ”რეალო”, შენ დიდებული კლუბი ხარ!!!

0.150728