კალათბურთი

6:23 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მადლობა, ბიჭებო!

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის ღირსეული მონაწილეა

არის მატჩები, რომელთაც აგებ, მაგრამ გარკვეული კმაყოფილების გრძნობა გრჩება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2013 წლის ევრობასკეტზე სამიდან ორი მატჩი დათმო, თუმცა, ბიჭების გასაკრიტიკებლად ენა არავის მოუბრუნდება. ქართველი კალათბურთელები, რომელთაც მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერებად მიიჩნევდნენ, ყველა შეხვედრაში გმირულად იბრძვიან და ქვეყნის სახელს ღირსეულად წარმოადგენენ.

იგორ კოკოშკოვის შეგირდები ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში მასპინძელ სლოვენიას დაუპირისპირდნენ და უაღრესად დრამატულ შეხვედრაში 68:72 წააგეს. ცელიეს “ზლატოროგ არენაზე” გამართულ მატჩს 4580 ქომაგი დაესწრო, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სლოვენიელები იყვნენ, თუმცა, საკუთარი სიტყვის თქმა ქართველმა ქომაგებმაც მოახერხეს, რომლებიც თამაშის შემდეგ დარბაზს თავაწეულნი ტოვებდნენ.

დიახ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ვერც გავიდეს, თუმცა აქედანვე ვთქვათ – ჩვენი გუნდის თამაში სიამაყით აღგვავსებს და გვარწმუნებს, რომ ქართველი კალათბურთელები ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის დამსახურებულად არიან გარეულნი. როდესაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიჯრით სამ შეხვედრას მაღალ დონეზე ატარებ, ამაზე საუბარი თავისუფლად შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგი შესაძლოა, უარესი იყოს, ფაქტი სახეზეა – საქართველოს ნაკრები გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე ლიტვაში ჩატარებულ 2011 წლის ევროპირველობაზე.

რაც შეეხება უშუალოდ გასულ მატჩს, რომელიც ქართველი ქომაგისთვის კიდევ ერთ ნერვების წყვეტად იქცა. თამაში რომ ძალიან მძიმე იქნებოდა, თავიდანვე გამოჩნდა – გუნდები ანგარიშის გახნას საწყისი 2.5 წუთი ვერ ახერხებდნენ, ნავსი კი გიორგი შერმადინმა გატეხა, რომელმაც ზუსტი ორქულიანით სტუმრები დააწინაურა.

აღნიშნულის შემდეგ, მოვლენებმა ქართველთათვის სასიკეთოდ დაიწყო განვითარება. იგორ კოკოშკოვის მიერ დაყენებული ზონური დაცვა თავის საქმეს აკეთებდა, სლოვენიელებს ქულების დაგროვება უჭირდათ, ქართველები კი წინ მიიწევდნენ და ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურდნენ. საწყის მეოთხედში ვიქტორ სანიკიძემ 9 ქულა ჩააგდო, ჩვენები კი წინ გაიჭრნენ – 19:13.

აქედანვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 3 მეოთხედი მოუგო და შეტევაში ბურთი 20-ჯერ (!) მოუხსნა, თუმცა იყო მე-2 პერიოდი, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. ეს გახლდათ მომენტი, რომელშიც თავისი როლი მატჩის არბიტრებმა დაიდეს და თან სლოვენიელთა საოცარი იღლიანობის მოწმენიც გავხდით.

მაშინ როდესაც საქართველოს ნაკრები 26:15 დაწინაურდა, მსაჯები “საქმეზე გადავიდნენ” და ქართველებისთვის ყოვლად გაუგებარი ტექნიკური ფოლები არ დაუნანებიათ, მთავარი კი ის გახლდათ, რომ მასპინძლებზე საოცარ ჯარიმებს “ვერ ხედავდნენ”. მიკერძოებაში რომ არ ჩამოგვართვათ, ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით აქვე დავძენთ – თამაშის შემდეგ, სლოვენიელი ქომაგები ჩვენთან თავად მოდიოდნენ და მსაჯობის გამო ბოდიშს იხდიდნენ. რომ არა არბიტრები, ამ მატჩს ვერ მოვიგებდით – ეს სიტყვები არაერთი მათგანისგან მოვისმინეთ.

ცხადია, რომ არა მასპინძელთა ოსტატობა, მათ მარტო მსაჯობა ვერ უშველიდათ. როგორც აღვნიშნეთ, გადამწყვეტი მე-2 მეოთხედი გამოდგა, რომლის განმავლობაშიც მასპინძლებმა ზედიზედ 6 (!) სამქულიანი ჩააგდეს, მცირე მონაკვეთი 16:0 მოიგეს, პერიოდში კი 31:13 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 44:32 დაწინაურდნენ. აქვე ვთქვათ, რომ სლოვენიელებმა საწყის ნახევარში 13-დან 8 სამქულიანი გამოიყენეს, მეორეში კი 14-დან – 1. ერთ-ერთი მიზეზი, რომ მე-2 ტაიმში სლოვენიელთა უპირატესობიდან თითქმის აღარაფერი დარჩა, სწორედ ეს იყო.

მე-3 მეოთხედი ყველაზე მწირქულიანი გამოდგა და საქართველოს ნაკრებმა 14:10 იმარჯვა, მთავარი მოვლენები კი დასკვნით პერიოდში დატრიალდა, რომლის დაწყებამდეც ქართველები 8 ქულით მარცხდებოდნენ და გამარჯვებამდე მაინც ცოტა დააკლდათ.

ჩვენები ჯერ მანუჩარ მარკოიშვილის (10 ქულა, 5 მოხსნა), შემდეგ კი ვიქტორ სანიკიძის (17 ქულა, 13 მოხსნა) ორქულიანების წყალობით, სლოვენიელებს ქულამდე ორჯერ დაუახლოვდნენ. მეტიც, მაშინ როდესაც ანგარიში 61:62 გახლდათ, “მანუს” ჩაჭრის კვალად, რიკი ჰიკმანი (19 ქულა, 7 მოხსნა) ჯერ სწრაფი გარღვევის დროს, შემდეგ კი სამქულიანის ზონიდან უტევდა და რომ ემარჯვა, წინ გავდიოდით, თუმცა...

მომდევნო შეტევაში მე-2 ტაიმში ხორვატთაგან ერთადერთი სამქულიანი დომენ ლორბეკმა ჩააგდო და მანვე ცინცაძის დაკარგვის შემდეგ ორქულიანიც მიითვალა. ამ დროს საფინალო სირანამდე წუთნახევარი რჩებოდა და მასპინძლები 67:61 დაწინაურდენ.

საქართველოს ნაკრები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა თავის დაძვრენა კინაღამ მაინც მოხერხდა. ჰიკმანის ორ ზუსტ საჯარიმოს გორან დრაგიჩის ორქულიანი და ვიქტორ სანიკიძის სამქულიანი მიჰყვა, რასაც ხსენებულმა ლორბეკმა 1 საჯარიმო წაამატა, ხოლო ბესიკ ლეჟავამ მარკოიშვილის აცილებულს დაამატა და ანგარიში 68:70 გახდა.

მომდევნო იერიშში ქართველები დაცვაში კარგად დადგნენ და წესით, სლოვიელთა იერიში უნდა მოეგერიებინათ კიდეც, მაგრამ ამ ეპიზოდში აშკარად არ გაგვიმართლა. შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე ურთულესი სროლა ზორან დრაგიჩმა შეასრულა და მასპინძლები 72:68 დააწინაურა. დასკვნით შეტევაში მარკოიშვილს ლამის ფარში ჩასული სამქულიანი ამოუვარდა, თუმცა, ცხადია, ეს ბურთი უკვე ვეღარაფერს წყვეტდა...

3 ტურის თავზე საქართველოს ნაკრებს C ჯგუფში ყველაზე მეტი – 228 ქულა აქვს ჩაგდებული, თუმცა, 1 მოგებით და 2 მარცხით მე-4 ადგილზეა და ჯერჯერობით, მე-2 რაუნდს მიღმა რჩება. ქართველ კალათბურთელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი ჯერაც რჩებათ და ამისთვის, პირველ ეტაპზე, დღეს, ჩეხეთის ნაკრების დამარცხებაა საჭირო, საღამოს კი სლოვენიის მიერ ხორვატიის დამარცხება უნდა ვისურვოთ.

 

2013 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი. ცელიე (სლოვენია). მე-3 ტური. 4580 მაყურებელი

საქართველო – სლოვენია 68:72 (19:13, 13:31, 14:10, 22:18)

საქართველო: ცინცაძე (36 წ. 10 ქ. 6 პ.), შერმადინი (29 წ. 7 ქ. 5 მ.), მარკოიშვილი (35 წ. 10 ქ. 5 მ. 3პ.), ფაცაცია (16 წ. 2 ქ. 3 მ.), სანიკიძე (37 წ. 17 ქ. 13 მ.); ბურჯანაძე (3 წ. 2 ქ.), ჰიკმანი (29 წ. 19 ქ. 7 მ.), ლეჟავა (4 წ. 2 ქ.), ცქიტიშვილი (11 წ. 1 ქ. 4 მ.),

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

სლოვენია: ბალაჟიჩი (11 წ.), ბლაჟიჩი (21 წ. 4 ქ. 4 მ.), გ.დრაგიჩი (21 წ. 11 ქ. 4 პ.), ზ.დრაგიჩი (20 წ. 12 ქ. 3 მ.), ბეგიჩი (20 წ. 4 ქ. 3 მ.); ლაკოვიჩი (17 წ. 6 ქ. 3 მ. 3 პ.), იოკსიმოვიჩი (12 წ. 5 ქ.), მურიჩი (4 წ.), ნახბარი (28 წ. 7 ქ. 9 მ.), ლორბეკი (26 წ. 18 ქ.), ვიდმარი (20 წ. 5 ქ. 6 მ.).

მწვრთნელი: ბოჟიდარ მალკოვიჩი.

მსაჯები: ოლეგს ლატისევსი (ლატვია), პეტარ ობრადოვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), კრის დოდსი (დიდი ბრიტანეთი).

 

გუნდური სტატისტიკა

ხორვატია – საქართველო

თამაშიდან სროლა: 21/62 – 27/61

ორქულიანი: 16/38 (42.1%) – 18/34 (52.9%)

სამქულიანი: 5/24 (20.8%) – 9/27 (33.3%)

საჯარიმო: 21/30 (70.0%) – 9/17 (52.9%)

მოხსნა: 45 (შეტევაში 20) – 35 (შეტევაში 10)

პასი: 12 – 12

დაკარგვა: 13 – 14

ჩაჭრა: 6 – 5

დაფარება: 0 – 3

პერსონალური ფოლი: 23 – 27

ქულა დაკარგვის შემდეგ: 15 – 10

ქულა სამწამიანი ზონიდან: 28:28

“მეორე შანსის” ქულა: 11 – 4

ქულა სწრაფი გარღვევის შემდეგ: 6 – 4

სათადარიგოების ქულა: 22 – 41

უდიდესი ლიდერობა: 11 – 13

უდიდესი “გაქცევა”: 8:0 (16:7) – 16:0 (26:31)

ლიდერის შეცვლა: 1

საყაიმო ანგარიში: 2

ლიდერობის დრო: 11:52 – 25:02

 

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

 

 ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.230246