საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ზრენჯანინში დღეს დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა. რამაზ ზოიძის (58 კგ) ვერცხლსა და ირაკლი მხეიძის (50 კგ) ბრინჯაოს დღეს თავისი წილი ბრინჯაო გივი მაჭარაშვილმა (100 კგ) მიამატა.
ემზარიოს ბენტინიდისის გუნდის უმძიმესმა წევრმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეორე წრით – მერვედფინალით დაიწყო, სადაც ლიტველ დენის ნედობორს ადვილად სძლია (8:0). მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის ნაკრების წევრ ზნაურ კოციევთან წააგო (0:6) და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. ბრინჯაოს გზაზე კი ინდოელი გურსევაკ სინგხი (3:0 5:3) და სომეხი მერუჟან ნიქოიანი (1:0 5:0) ჩამოიცილა.
დღესვე ხალიჩაზე გიორგი ყაზარაშვილი (54 კგ), ედუარდ ნიკოლიშვილი (63 კგ) და გიორგი გიორგობიანი (76 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამივე საწყის ეტაპზე დამარცხდა და შეჯიბრებასაც უმალ გამოეთიშა, რადგან ფინალს ვერც ამ სამეულის მძლეველებმა უწიეს.
ყაზარაშვილმა პირველ წრეში ინდოელ რავი კუმართან წააგო (2:4 3:8), ნიკოლიშვილმა – ირანელ ალი ესმაილ პურჟოიბართან (0:2 2:2), ხოლო გიორგობიანმა – უკრაინელ ბოგდან პოპკოვთან (1:4 0:4).