არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მილიტომ და მისმა მეუღლემ, სოფია მილიტომ, 15 ნოემბერს, დიეგოს მეგობრების საპატივსაცემოდ დიდი წვეულება მოაწყვეს. წვეულებაზე, რომელსაც დედამიწის ორი კონტინენტიდან ჩასული 100 სტუმარზე მეტი ესწრებოდა, დიეგო მილიტოს ბავშვობის მეგობრებიც კი ჩავიდნენ არგენტინიდან. ამას გარდა, დიეგომ და სოფიამ ევროპაში გაცნობილი მეგობრებიც მიიწვიეს და ისეთი კარგი დრო გაუტარებიათ, რომ მათი მხიარულება ცასა სწვდებოდა.
არგენტინელები ზოგადად მხიარულებისა და გართობის მოყვარული ხალხია, თუმცა დიეგო მილიტო თავის თანამემამულეებს შორისაც კი გამოირჩევა თავისი ტკბილი ხასიათით. ასეთ წვეულებებს იგი თურმე ევროპაში სათამაშოდ გადმობარგების შემდეგ, პირველივე წლიდან აწყობს და ქეიფისათვის ესოდენ საჭირო გვარიან ფინანსურ ხარჯსაც დაუნანებლად ეწევა.
აღსანიშნავია, რომ დიეგო მილიტოს მიერ დაპატიჟებულ სტუმართა შორის, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მისი თანაგუნდელი ლეო მესიც იყო, თუმცა მესიმ მილიტოებისას საქეიფოდ მისვლა ვერ მოახერხა. ცნობილი ამბავია, რომ ჩია არგენტინელი ხმაურიანი გართობის მოყვარული კაცი არასოდეს ყოფილა და დიდ ღრიანცელს ვერ იტანს. მილიტოების ოჯახში ქეიფი კი ხმაურისა და სილაღის გარეშე აბა ვის წარმოუდგენია...