ლუსიმარ ფერეირა და სილვა 1978 წლის 8 მაისს დაიბადა. ბრაზილიელი მცველი 2000 წლიდან მოყოლებული ევროპაში ასპარეზობს. გერმანიაში ლუსიომ 4 სეზონი ლევერკუზენში გაატარა (“ბაიერთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა), 5 წლის განმავლობაში კი მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას იცავდა. ბავარიელებთა შორის გამოსვლისას ლუსიომ სამჯერ ბუნდესლიგა და ამდენჯერვე გერმანიის თასი მოიპოვა. 2009 წელს ბრაზილიელმა უკანახაზელმა თავი მილანის “ინტერში” ამოჰყო და მის მიერ მოპოვებულ ჯილდოთა ნუსხა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა – “ნერაძურის” შემადგენლობაში ლუსიომ სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო პირველობა, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო. სანაკრებო დონეზე გამოსვლას რაც შეეხება, სელესაოს რიგებში ლუსიო 2002 წელს კორეა-იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2005 და 2009 წლებში კი კონფედერაციათა თასი დაისაკუთრა. აი, ასეთი ქარიზმატული და გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა ანტონიო კონტემ “იუვენტუსში”. ლუსიო ტურინში 2014 წლის ივნისამდე ითამაშებს. ბრაზილიელ მცველს ინტერვიუ Juventus Channel-მა ჩამოართვა.
- რა განწყობით მოხვედით ტურინის “იუვენტუსში”?
- “იუვეში” ტიტულების მოსახვეჭად და ახალ-ახალი გამარჯვებების მოსაპოვებლად გადმოვედი. მოხარული ვარ, ასეთი სახელოვანი კლუბის წევრი რომ გავხდი. ჩემ სპორტულ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და ვფიქრობ, არანაკლებ წარმატებული და საინტერესო, ვიდრე სხვა გუნდებში გამოსვლისას მქონდა.
- “ინტერთან” დამშვიდობება არ გაგიძნელდათ?
- არასდროს ვფიქრობ წარსულზე – ყოველთვის წინ ვიყურები. კარგა ხანია პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და მოსაგონარიც ბლომად დამიგროვდა, თუმცა, ვიდრე მოთამაშის რანგში მინდორზე გავდივარ, მხოლოდ მომავალზე ვიქნები ორიენტირებული და არა წარსულზე. ამჟამად ახალი სეზონისთვის ინტენსიური მზადება დავიწყე და იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად ახალ-ახალი წარმატებების მიღწევაზე ვარ ორიენტირებული. “იუვე” აპენინის ნახევარკუნძულის ყველაზე პოპულარული გუნდია. მერწმუნეთ, ამას იმიტომ არ ვამბობ, ტურინში რომ ვარ – ეს ჯერ კიდევ მილანში ყოფნის დროს დავინახე.
- გუნდის გაცნობა თუ მოასწარით?
- “იუვენტუსმა” ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანი გავაკეთე და ახალ პარტნიორებთან ერთად წარმატებით გამოვალ. და რაც მთავარია, თანაგუნდელებს ყოველმხრივ დახმარებას გავუწევ. “იუვეს” შემდგომ წარმატებებში დიდი მნიშვნელობა ახალ სტადიონს ენიჭება. ამ არენაზე გამოსვლისას დამატებითი სტიმული მომეცემა. მართლაც ძალიან ლამაზი და მოსახერხებელი საფეხბურთო ნაგებობაა.
- ანტონიო კონტეს ვარჯიშებზე რას გვეტყოდით?
- ინტენსიური წვრთნა სამომავლო წარმატების საწინდარია. რაც უფრო მეტს ირჯები მოსამზადებელ პერიოდში, მით უფრო გიადვილდება სეზონის ჩატარება. კონტე ვარჯიშებს მეტად საინტერესოდ ატარებს და დრო ისე გარბის, ვერცკი ვგრძნობ.
- “იუვენტუსის” ერთგულ გულშემატკივრებს რას ჰპირდებით?
- ტურინელი ქომაგები მეტად თბილად დამხვდნენდა მათ შემდეგი სიტყვებით მსურს მივმართო – ჩემ გამოცდილებას და ოსტატობას “იუვეს” შემდგომი წარმატებისთვის არ დავიშურებ. შევეცდები ნდობა გავამართლო და გუნდს ჩემპიონობის შენარჩუნებაში დავეხმარო.
გოჩა კაჭარავა